ერთხელ მივედი ჭაღარა კაცთან


ერთხელ მივედი ჭაღარა კაცთან, 
ის ჩაის ყიდდა მუქი ფერებით,
მკითხა- ეს ჩაი შაქრით მოგართვა? 
თუ შიგ ჩაღვრილი ჩემი ცრემლებით? 


მე მის სევდაში ვერ გავერკვიე, 
მეუცნაურა ცოტათი თითქოს, 
ვიფიქრე - თუკი შველა სჭირდება,
მაშინ პირდაპირ რატომ არ ითხოვს? 


ერთხანს ვიდექი, ვაკვირდებოდი,
იქნებ შევატყო თუ ცრუობს რამეს, 
და თუ კი მართლაც მატყუარაა, 
ამას თვალები გამოაპარებს. 


კაცი კი დუმდა, როგორც გამხელილ 
საიდუმლოებს ახდილი ფარდა, 
მიშტერებოდა გამტყდარ ქვაფენილს, 
და უცებ ცრემლი გადმოუვარდა. 


ეჭვის თვალებით რატომ მიყურებ? - კაცმა ჩურჩულით მისაყვედურა, 
სანამ გამკიცხავ, ჯერ მომისმინე
იქნებ რა ცოდვამ გამანადგურა.


რა გტკივა? - ვკითხე, მანაც მომიგო
ის რომ სინათლე არსად ანთია, 
რომ ქვეყნის თავზე ვერვინ გამიგო, 
რომ გვჩრდილავს შური და აპათია. 


კიდევ სიბრმავე, თვალებში ლუქი, 
ყური ჩახშული, გულის ტყვეობა, 
სიტყვების გროვა, სიტყვები უტყვი, 
სევდა კაცისა და გამძლეობა. 


მტკივა თვალებში ეჭვის ბუდობა- 
ტყუილის გარდა არაფერს ელის, 
აღარ გვინდება ერთურთის ნდობა,
და შენ არ გჯერა არც ჩემი ცრემლის.


ერთხელ ჭაღარა კაცს მოვუსმინე,
ჩაი მომყიდა მუქი ფერებით,
შაქარი დიდად არც მე მხიბლავდა
და ვამჯობინე მისი ცრემლებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი