შენ კი მაინც არ პასუხობ ტელეფონს


თავს მარიდებ, მაგრამ გინდა ტრფობის ალი 
მაგ დავრდომილ გულში მაინც რომ გენთოს, 
გირეკავდი, ვიცი მოგივიდა ზარი, 
შენ კი მაინც არ პასუხობ ტელეფონს. 


რომ დავთვერი, თავი რომ ვერ შევიკავე, 
მომაგონდი, გული შენკენ გამექცა, 
მინდა შენთან და შენც გინდა, მაგრამ მაინც, მაგრამ მაინც საქმე მიგვდის დამრეცად. 


ვიცი, ხვალე არ ამცდება საყვედური, 
იწუწუნებ, გამკიცხავ და გამიწყრები, 
რა ვქნა? ნორჩი სულელი ვარ, ნუ მემდური, აიტანე ჩემი ურჩი ესკიზები.


არ გაბრაზდე, ჩემი ზარი თუ ძილს გიფრთხობს, ცოტა ხანში მაინც გამოვფხიზლდები, 
დღისით შენი კუშტი მზერა არ დამინდობს, 
ღამით შენზე სანუკვარი სიზმრები. 


მოვუყვები ეულ ქუჩებს ჩვენს კაეშანს, 
მერე ღამის სიჩუმეში დავყრუვდები, 
ფხიზლად ყოფნა არ მომიშვებს, უკან მქაჩავს, ჰოდა მაშინ, ისევ მთვრალი დავბრუნდები!


უბედობა - ჩვენი ბედის საწინდარი, 
თითქოს მასთან სანაძლეო წამეგოს,
მიყვარხარ და შენც გიყვარვარ, 
შენ კი მაინც, შენ კი მაინც არ პასუხობ ტელეფონს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი