გულდამწვარი ბედაური
ნეტავ რაზე საუბრობდნენ იქ ცხენები, ბრძოლის ველზე...გამოქცევას თუ ლამობდნენ, როს მხედრები, სისხლიანი გახელებით, საკუთარი ეგოსათვის რომ დაობდნენ. მაშინ, როცა გაშმაგებულ მეომრების თვალებიდან ნაპერწკლები რომ ცვიოდა, ბრძოლის მდელოს, მაღალმთიან ხეობიდან, ფრთაგაშლილი არწივები დაჰყიოდა. ვერ მორიგდა კაცთა მოდგმა, უმადური, გადაიცვა, შეიმოსა ძმა აბჯარით, ერთმანეთის მოსაკლავად მოქნეული, ბევრჯერ ცხენებს მოგვხვედრია ის ხანჯალი... ბეჭზე მეტად, უნაგირი სულს მიმძიმებს, ჩაქრა ჩემი ვნებიანი ვულკანები, ჩემს ველურ ცეცხლს ეს მხედარი მოარჯულებს, გამაქროლებს, სადაც ჯგროა ბასრი ხმლების! მე მინდოდა, არწივებთან რომ მემღერა, მაგრამ აქ ვარ, აქ, ამ ლაშქრის სამსახუროდ, საჯინიბო კაცმა მზერით გადაზვერა, მან რა იცის, მე სიზმრებში რას ვნახულობ? გაიმარჯვა ერთმა მხარემ, გაიმარჯვა! ნეტავ მაინც, რაში ხედავთ გამარჯვებას?! მეთაურმა დროშა ხელში მოიმარჯვა და ამაყად გააკეთებს განცხადებას. აქ მეომრებს შეაქებს და დაასვენებს უმეცარი, უგუნური მეთაური, იქ... ბრძოლის ველს ცხარე ცრემლით დაასველებს, ძმებმოკლული, გულდამწვარი ბედაური...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი