დეე, მაგარი ვარ ნუ გეშინია!


როცა  ვიხსენებ, ცხოვრებას ჩემთვის
რამდენი სეტყვა დაუშენია,
ყველა სატკივარს სიტყვები ერთვის:
-  დეე, მაგარი ვარ, ნუ გეშინია!..

მახსოვს, ცხოვრებამ როგორ გამხედნა,
მას შემდეგ  გული დამაქვს მამაცი, 
რამდენჯერ ზაფხულს კაბა გავხადე,
რამდენჯერ ზამთარს ქურქი ჩავაცვი.

ნუ ღელავთ ჩემზე, მეტისმეტია,  
ალბათ, დარდობდით, - ასე მეგონა, 
კბილებით ბევრჯერ გამიკვნეტია 
ბაგე... ოხვრის ხმა არ გამეგონა.

უნდა მეღონა რაღაც, მე, მაშინ, 
რომ მიმეღწია, რასაც ვნატრობდი, 
გზა მომყვებოდა ფეხდაფეხ კვალში,
გზა, რომლისგანაც მუდამ გავრბოდი. 

და ახლა, როცა დამშვიდდნენ წლები 
და ქარით აშრობს მონასმებს ფუნჯი, 
გისმენთ და მაინც ვერაფერს ვხვდები,
გისმენთ გულდასმით, როგორც ყრუ-მუნჯი.

ღამე არ დარდობს, რა ხდება დილით,
ირწევა მთვარე -  აკვნად ქცეული, 
წევს ჩემი ლანდი ღონემიხდილი, 
უშფოთველ სუნთქვას გადაჩვეული.

და ვიდრე ქარი უტევს აწეწილ 
ხეს, რომელსაც ვერ დაიყოლიებს,
მე გულ-მკერდს ვუშვერ თამამად ჩემ წილ
ვარდის ფურცლებში გახვეულ ტყვიებს.

და თუ ცხოვრება, მშიერ ძაღლივით,
უწინდელივით დაგეშილია,
შევუღრენ კვლავაც, ჯერ არდაღლილი:
- დეე, მაგარი ვარ, ნუ გეშინია!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი