გზად ქვას ვაგორებდი
ღამეს ჩემი სულის ხმა რომ გავაგონო, ფიქრის აივანზე ისევ გამოვედი, სევდა ისე მინდა, რომ გადავაგორო, როგორც ბავშვობაში გზად ქვას ვაგორებდი. ამბავს ვაყოლებდი, მარტოს არ ვტოვებდი, ჩემი სახლის კართან იყო მისი ბინა, როგორც ადამიანს, ქვას ქვას ვატოლებდი, მეგობრებს ვუჩენდი, რომ არ მოეწყინა. დედას გაეცინა, ეს რომ მოისმინა, ასე ჩაგვისახლდა უცხო ბინადარი, ქვების გორა იყო ისე პაწაწინა, ერთი ციცქნა, როგორც ჩემი ხელთათმანი. წლები გადიან და დედა მიბერდება, იყო დრო საკუთარ თავსაც რომ ვერ ვცნობდი, ახლა სახლში მისვლა ცოტა მიძნელდება, ახლა ქვების ნაცვლად შემრჩა დიდი ლოდი. ახლა მინდა სევდა იმ წლებს გავაყოლო, მე რომ რახანია, უკვე გამოვედი, და ეს რუხი ღამეც ისე გავაგორო, როგორც ბავშვობაში გზად ქვას ვაგორებდი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი