მუზის არსის აღქმა და გაგება შემოქმედებაში


ამ ბოლო დროს უკვე იმდენად ხშირად მეკითხებიან, რატომ აღარაფერს წერო, რომ გადავწყვიტე რაღაც მაინც დამეწერა და პირველ რიგში საკუთარი თავისთვის ამეხსნა, თუ რა აიძულებს მწერალს რაიმის დაწერას. საზოგადოდ, ამას შთაგონება ჰქვია, მაგრამ მეტწილად ლიტერატურულ საქმიანობაში მას მუზას უწოდებენ. რატომ ეს სახელწოდება? ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ რომ ბერძნულ მითოლოგიაში უნდა ვეძიოთ, ძველ ბერძნულად Μοῦσα ზევსისა და მნემოსინას ქალიშვილებს ეწოდებათ. ჰესიოდის „თეოგონიის“ გადმოცემით, ზევსისა და მნემოსინას საიდუმლო კავშირის შედეგად, რომელიც 9 დღე და ღამე გრძელდებოდა, დაიბადა 9 ქალიშვილი, ხელოვნებისა და შემოქმედების ნამდვილი ქალღმერთები,რომლებიც ყველა დროის პოეტების შთაგონების წყაროები იყვნენ და პარნასზე ცხოვრობდნენ. ისინი იყვნენ ერთადერთნი, რომლებსაც გააჩნდათ სრულყოფილი მეხსიერება, წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინასწარმეტყველების ნიჭი. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, მნემოსინა ხომ სწორედ გონებისა და მეხსიერების ქალღმერთი იყო. მუზების ასეთი პოპულარულობა, რომ 21-ე საუკუნეშიც, როდესაც ძველ ბერძნული მითოლოგია მხოლოდ ცოტას თუ აინტერესებს, მუზებზე კი მაინც ყველა საუბრობს, მეტწილად, ჰომეროსის დამსახურებაა, ვინაიდან ისინი ამ ლეგენდარული ბერძენი პოეტის „ილიადასა“ და „ოდისეაშიც“ არიან მოხსენიებულები. სალიტერატურო ჭრილში ზემოხსენებული 9 მუზიდან მხოლოდ სამია ძალზე მნიშვნელოვანი: ევტერპე, ერატო და კალიოპე. პირველი ლირიკული პოეზიის მუზად ითვლება, მეორე - სატრფიალო და სასიყვარულო პოეზიის, ხოლო მესამე კი - ეპიკური პოეზიის მუზაა.როდესაც სწორედ ამგვარ მუზაზე ვსაუბრობთ, ადამიანს ხშირად თვალწინ სწორედ რომ მუზის ქალური ბუნება წარმოუდგება, რაც თავისთავად ბერძნულ მითოლოგიაზე დაყრდნობით მართებულია, მაგრამ მაინც, ვისაც ძველ ბერძნული მითოსისა არაფერი გაეგება? როცა მუზის არსობაზე ვმსჯელობთ, პირველი აღქმა, რაც ასოციაციურად მას უკავშირდება, ესაა მშვენიერება. ლიტერატურაში - ლირიკა, პოეზია, რაც კარგი მწერლის კალმის ქვეშ, უთუოდ მშვენიერების გამომხატველი იქნება.  სწორედ მშვენიერება უნდა იყოს ის, რაც მუზის ქალურ ბუნებას უსვამს ხაზს. ზემოთ სამი მუზა გამოვყავი, ვინაიდან სწორედ პოეზიასა და პოეტის შთაგონებაზე მინდა ვისაუბრო. 1987 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი იოსებ ბროდსკის აზრით, მუზის ქალური ბუნება თავისთავად გულისხმობს პოეტის მამრულ ბუნებას.პოეტის მამრული ბუნება კი – შეყვარებულის ქალურ ბუნებას. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სწორედ ქალია შეყვარებული პოეტისთვის მუზა და ამიტომაც იწოდება ის ასე. მართლაც, რამდენი პოეტი შეხიზნულა პარნასის მთას ერატოს საძიებლად და რამდენი სახე და სახელი ჰქონია ერატოს საუკუნეების განმავლობაში? ნებისმიერი მწერლისა თუ პოეტის მუზა ერატოს სახეს ატარებს და სატრფიალო ლირიკის მუზას წარმოადგენს. განა, გალაკტიონის ერატო არ იყო მერი შერვაშიძე, განა, სელინჯერი სიყვარულის მუზას ვერ ხედავდა ახალგაზრდა, მშვენიერი უნა ო’ნილის ხატებაში? შეიძლება, ზევსისა და მნემოსინას ქალიშვილები მართლაც მითოსის მონაგონია, მაგრამ თავად მათი აღქმა და გაგება რომ თავისთავად ჭეშმარიტება და მშვენიერებაა, ეს ხომ ფაქტია. სწორედ ამიტომ ასოცირდება მუზა მშვენიერებასთან, არა მხოლოდ თავად შემოქმედებისა და პოეზიის მშვენიერების გამო, არამედ თავად იმ სახების დამსახურებითაც, რომლითაც კონკრეტული მუზა გამოიხატება, ქალური ბუნების მშვენიერებით, სიყვარულის აღმაფრენი ძალის წყალობით. პარნასის მთაზე ხომ ადამიანი საკუთარ მეს კარგავს, ავიწყდება უბადრუკი ყოფიერება და ყოფითი პრობლემები, ბანალურობა, ჩვეულებრივობა, რუტინა და თავად ასეთივე ერთფეროვანი, რუტინული ცხოვრება, იქ ხომ, ღრუბლებს მიღმა, სადაც ჰარმონია და სიყვარული სუფეს, ნამდვილი მშვენიერებაა. ვოლტერიც აღნიშნავს, რომ მშვენიერი ლექსების დაწერისას მუზას პოეტის სული სხვა სამყაროში გადაჰყავს. სწორედ მუზაა ის ძალა, რომელიც შემოქმედს ამ არაჩვეულებრივ მდგომარეობას განაცდევინებს, ახალ მე-ს აღმოაჩენინებს, თავად შემოქმედში დაბადებს ახალ შემოქმედს, ახალ ადამიანს, ბევრად უკეთესსა და მშვენიერს, ჭეშმარიტი ხელოვნებისა და სიყვარულის ნაზიარებს. მუზა - ეს თავად ბიძგია სიყვარულისა, რომლის გარეშეც, როგორც გალაკტიონი ამბობს, არც მზე არ სუფევს ცის კამარაზე, არც სილამაზე,თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ; და ეს მართლაც რომ ასეა, თუ აღნიშნულ მიმოხილვაში მუზის არსობას სიყვარულს ვუკავშირებ, მაშინ ხომ მის გარეშე არც მუზა იარსებებს, არა ერატოს სახება, თორემ შეიძლება ცხრა მუზიდან რომელიმემ მაინც განაგრძოს უკვდავება, თუნდაც კლიომ ისტორიულ ეპოსში და ურანიამ ასტრონომიაში, მაგრამ არა, უსიყვარულოდ ერატო ნამდვილად ვეღარ შეძლებდა არსებობას და მასთან ერთად ვერც მისი ნებისმიერი სახეგამოვლინება. პოეზია ხომ მარადიულია, ის დროსაც კი უძლებს, განა მრავალი წლის წინათ გარდაცვლილი ცნობილი კლასიკოსები ისევ არ გვესაუბრებიან თავიანთ განცდებზე, ისევ არ უმღერენ თავიანთი მხურვალე, აგიზგიზებული გულებით მარადიულ სიყვარულს? განა, ისევ არ ვკითხულობთ მათ და მათი ამაღელვებელი ისტორიის, მათი სიყვარულის მომსწრენი და თანაზიარი არ ვხდებით? პოეზია და ზოგადად მწერლობა მართლაც რომ მარადიულია, თუკი ადამიანი რომელიმე პოეტის მუზა გახდება, მას უკვდავება გარანტირებული აქვს, ის მუდამ იარსებებს ერატოს სახებაში და იმ უკვდავებას მოიპოვებს, რომელზეც თუნდაც გალაკტიონი საუბრობდა.
  მუზის ბუნების მშვენიერება მის სისპეტაკესა და გულწრფელობაშიცაა.მუზები ხომ პატივმოყვარეობას არ პატიობენ და მრისხანე შურისმაძიებლებადაც ითვლებიან, ამიტომ ანტიკურობის პოეტების უმნიშვნელოვანეს ღირსებას სულის უანგარობა შეადგენდა. რწფელი განცდებითა და სუფთა სინდისით გაჯერებული პოეზია მართლაც რომ ჭეშმარიტი მშვენიერებისა და მარადიულობის საწინდარია. ერთი მხრივ ის, რაც ადამიანური ბუნებაა, მეორე მხრივ კი ის, რაც ამ ყველაფრის მიღმაა - უკვდავება, სულიერება, აი სად გადის ზღვარი და რას აკავშირებს მუზა ერთმანეთთან. ის ღვთიურსა და ადამიანურს შორის დამაკავშირებელი ხიდია. განა, თავად სიყვარული არაა ღვთიური და ზეენარი გრძნობა? განა, თავად მშვენიერება არ გამოსჭვივის ღვთიური არსობის მიღმა? მუზები ეხმიანებიან სულის უნარს - შეერწყას მარადისობას, გახდეს მისი განუყოფელი და დაუვიწყარი ნაწილი, ჭეშმარიტი შთაგონებით დაწერილი ყოველი ლექსი მართლაც ამ მარადისობასთან შეხებისა და შერწყმის წუთებზე მოგონებებს წარმოადგენს. მუზები ხომ მნემოსინას ქალიშვილები არიან, მოგონებები თავისთავად გონებისა და მეხსიერების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ მაშინაც კი, როცა ადამიანი ბერდება, გონება უჩლუნგდება და მეხსიერება უქვეითდება, მუზის ზეშთაგონებით შექმნილი შემოქმედება არსებობას განაგრძობს და ის არასდროს მიეცემა დავიწყებას, ვინაიდან უკანასკნელი წერტილის დასმის შემდეგ ის უკვე უკვდავებისა და მარადიულობის განუყოფელ ნაწილად იქცევა.
   ნიცშეს განმარტებითაც, სიყვარული იქცევა ხშირად იმ ბიძგად, რომელიც პოეტს შემოქმედებისკენ მიმართავს. ბევრი სწორედ მაშინ კიდებს ხელს კალამს როცა შეყვარებულია, იქნება ეს სასიყვარული ლექსები, ნოველები, თუ უბრალოდ წერილები. თავად სიყვარულია ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა და შთაგონების დაუშრეტელი წყარო, ნამდვილი და ჭეშმარიტი მუზა. სწორედ ამიტომ, პირველი, რაც მუზებზე საუბრისას მახსენდება, ეს ერატოა, სასიყვარულო და სატრფიალო პოეზიის მუზა. წერა და ქაღალდზე ასოების გამოყვანა ადამიანის ხელს მუდამ შეუძლია, თუ გონებაც გიჭრის, არც სიტყვების დალაგება და წინადადებების აწყობაა მაინცდამაინც რთული, მაგრამ თავად სურვილი იმისა, რომ რაიმე დაწერო, ჩემი მოკრძალებული აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული მოსაპოვებელია. რატომ არაფერს ვწერდი ამდენი ხნის განმავლობაში? იქნებ იმიტომ,რომ არ მქონდა საწერი და არც ვიცოდი, თუ რაზე უნდა დამეწერა..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი