ქალი და მამაკაცი - ინი და იანი
ხშირად დავობენ საკითხზე, იმისთვის, რომ ქალმა და მამაკაცმა სრულყოფილებას მიაღწიონ, უნდა იყვნენ ისინი ერთმანეთის მსგავსნი, თუ განსხვავებულნი? ამ თემაზე ჩემთვის აზრიც ხშირად უკითხავთ, მაშინ მხოლოდ მარტივად ვუპასუხებდი კის, ან არას, მაგრამ ეს საკითხი ასეთი მარტივიც არ არის, ამიტომ შევეცდები გამოვიწვიო საკუთარი თავი და დავადგინო, რა არის უფრო მართებული, რადგან აბსოლუტური ჭეშმარიტება ხომ თავისთავად არ არსებობს. საიდან უნდა დავიწყოთ, თუ არა ადამიანის არსებობის სათავეებიდან. ბიბლიური მოძღვრების მიხედვით ქალი- ევა - შეიქმნა კაცის- ადამის - ნეკნისგან, რაც ამტკიცებს იმას, რომ ქალი და მამაკაცი ერთი სხეულის ნაწილნი არიან. სწორედ ამ შეხედულებას იზიარებს ანტიკური მოძღვრებაც, კერძოდ, ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ზევსმა ელვის დაკვრით არსება ორად გააპო და შექმნა ქალი და კაცი. ამიერიდან თითოეულს უნდა მოეძებნა დაკარგული მეორე ნახევარი და მასთან შეერთებით დაებრუნებინა უწინდელი ძალა, თუ მოძებნიდა და იპოვნიდა მხოლოდ მაშინ მიაღწევდა სრულქმნილებას. ამავე მოსაზრებას იზიარებს შოთა რუსთაველიც. ის კარგად იცნობს ხეთურ კულტურას, სადაც ვეფხვი ქალის სიმბოლოა. რაინდს ვეფხის ტყავი ჰმოსავს, ესაა კაცისა და ქალის ერთობა, ერთი მთლიანი, სრულყოფილი, „იდიალური“ ადამიანი, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება, სწორედ ამიტომაა დამკვიდრებული გამოთქმა, რომ მამაკაცის მეორე ნახევარი მისი მეუღლე - ქალია, და პირიქით. ყოველი მოძღვრება ამტკიცებს, რომ ქალი და მამაკაცი ეს არის ერთი გონი, ერთი სხეული, მთლიანობა და ჭეშმარიტება, ზევსის მიერ განცალკევებული უზენაესი, სრულყოფილი არსება. ჩინური ფუნდამენტალური აზროვნების მიხედვით, ბუნებაში ყველაფერი გაწონასწორებულია, თითოეულ ინს ჰყავს თავისი იანი, სრულყოფილებისთვის საჭიროა ერთ სხეულში იყოს არა მხოლოდ სიკეთე, არამედ ბოროტებაც, სწორედ ასეთ წონასწორეობას შეუძლია შექმნას სრულყოფილი სახე. თუ კაცი ინია, მას სჭირდება მისგან განსხვავებული იანი, რათა ერთმანეთთან შერწყმის შედეგად მივიღოთ სრულყოფილება. რა შემთხვევაში შეავსებს ქალი კაცს, ან პირიქით? როდესაც ის მისცემს იმას, რაც თავად კაცს აკლია, თუ ქალმა უბოძა ის, რაც თავადაც ისედაც აქვს, მაშინ ჩვენ ვერ მივიღებთ აბსოლუტურ წონასწორობას და ვერც სრულქმნილებას, ამ შემთხვევაში ქალი და მამაკაცი ვერ შეავსებენ ერთმანეთს. თუმცაღა ისიც მართალია, რომ, როდესაც ქალისა და მამაკაცის ერთობის შესახებ ვმსჯელობთ, აბსოლუტური წონასწორობა არ არსებობს. პირობითად ორი განსხვავებული „ელემენტი“ ერთმანეთს ვერც მიეკარება და შესაბამისად ვერც შეერთდება თუ მათ რაიმე, თუნდაც მცირედი ნაწილაკი მაინც არ აქვთ საერთო, არ მიისწრაფვიან ერთი საერთო წერტილისკენ, მაშინ ისინი უბრალოდ აცდებიან ერთმანეთს. აბსოლუტური განსხვავება სრულებით არ წარმოადგენს წონასწორობას, რადგან ამ შემთხვევაში უბრალოდ არ გვაქვს ღერძი, რომელზეც ეს ორი სხეული გაწონასწორდება. რა შეიძლება იყოს ასეთი ღერძი? თუნდაც საერთო ინტერესები, საერთო ჰობი, საერთო შეხედულებები, საერთო საქმე და სხვ. თუ ეს არ იქნება, მაშინ ქალი და კაცი ერთმანეთს ვერც გაუგებენ, ვერანაირი ბალანსი ვერ დამყარდება, რადგან მათ შორის „ქიმიაც“ არ შედგება და ყველაფერი შესაძლოა კრახით დასრულდეს, რისი მაგალითიც თუნდაც პრინცესა დაიანას ტრაგიკული სიკვდილია. სრულიად შესაძლებელია მოგეწონოს შენი მსგავსი, რადგან ყველაფერი საერთოა, მაგრამ მაშინ ადამიანის ცხოვრებაში არ იქნება სიახლეები, დაუგეგმავი, სპონტანური მოვლენები, რაც კიდევ უფრო ახალისებს და საინტერესოს ხდის ურთიერთობას. ქართველებს გავქვს გამოთქმა - „ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა“-ო, მაგრამ ეს ხომ აღარ არის ინისა და იანის ბალანსი, ერთი სხეულის ორი სახე, არამედ ესაა ორი სხეულის ერთი სახე. მე არ ვამბობ იმას, რომ ერთმანეთის მსგავსნი ბედნიერები ვერ იქნებიან, ადამიანი ინდივიდია და თითოეულ მათგანს სწორედ რომ ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ, მაგრამ რას ნიშნავს ერთმანეთის შევსება? მსგავსნი ვერასდროს ავსებენ ერთმანეთს, ერთი მთლიანობისთვის პლუსს ყოველთვის სჭირდება მინუსი, თუნდაც ფოტოაპარატში ე.წ. ბატარეების განლაგებას შევხედოთ. ერთი პლუსიანი მაღლაა, მეორე ქვევით,მეორე ბატარეა მინუსით დაბლაა, პლუსით კი მაღლა, სწორედ ეს ამუშავებს აპარატსაც. თუ ქალს არ აქვს თავდაჯერება სწორედ მამაკაცმა უნდა მისცეს იგი, თუ კაცი მოღუშულია, სწორედ ქალმა უნდა შეძლოს მისი გამხიარულება. ორივე რომ ჭკუამხიარული იყოს ასე ქვეყანა ნამდვილად ვერ აშენდება, მაგრამ ვერც ის იქნება სახარბიელო ორივე რომ მუდამ სერიოზული იყოს, ცხოვრებას სჭირდება ბალანსი. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული თვისებები და ღირებულებები, რომელსაც პოტენციურ მეორე ნახევარში ვეძებთ, რომლებიც მოგვწონს და ჩვენც გაგვაჩნია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ურთიერთობაში აბსოლუტური განსხვავებულობა დაუშვებელია. თუ ინი და იანი ყველაფერშია, მაშინ მსგავსება-გასხვავებაც დაბალანსებული უნდა იყოს. უნდა მივიღოთ ორი სრულყოფა, მამაკაცში არსებული ინი და იანი ზუსტად უნდა ერწყმოდეს ქალის იანსა და ინს. შესაძლოა, მათი ერთი ბუნება იყოს რაღაცით მსგავსი, მაგრამ მათი მეორე ბუნება უნდა იყოს განსხვავებული, თუნდაც ერთი სრულყოფის მისაღებად და ეს უკვე ჭეშმარიტად რომ სრულქმნილებაა. ცხოვრება მრავალფეროვანია და ადამიანს სწორედ რომ მრავალფეროვნად, სხვადასხვა კუთხით უნდა შეეძლოს ხედვა და აზროვნება. კაცი და ქალი კი ერთად აზროვნებენ, საერთო შეხედულებებით იღებენ გადაწყვეტილებებს, სწორედ ეს არის ჯანსაღი ურთიერთობა, თუ ორივეს საერთო ხედვა აქვს, მაშინ ხედვის გარეთ გვრჩება ძალიან ბევრი ალტერნატივა, რომელსაც ვინ იცის, იქნებ შეეძლო უკეთეს შედეგზეც კი გავეყვანეთ. საერთო კომპრომისისა და კონსესუსის ხარჯზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. პარტნიორმა უნდა დაგვანახოს საკითხის განსხვავებული მხარე, პერსპექტივა და ამას არათუ მსგავსი, არამედ მხოლოდ განსხვავებული ადამიანი შეძლებს. ჰარმონია არ ნიშნავს მხოლოდ ერთს, ჰარმონია ნიშნავს ორს, ერთმანეთის საპირისპიროს წონასწორობაში. ამიტომ ნუ ეძებთ მსგავსს, ეძიეთ განსხვავებული და ნუ შეგეშინდებათ განსხვავების, რადგან მიუხედავად იმისა, რომ თავისი არსით ინი უფრთხის და უპირისპირდება იანს, ჰარმონიას სწორედ რომ მხოლოდ მასთან ერთად მიაღწევს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი