...მელანქოლია შემოჭრილა და სულს აბორგებს
მელანქოლია შემოჭრილა და სულს აბორგებს, როგორც ზღვა ებრძვის ოკეანის ულმობელ შტორმებს. სადღაც გამქრალა მშვიდი ღამის პეიზაჟები და აჩრდილები რომ დაძრწიან, მათ ვემალები. მომენატრება მთვარიანი უღრუბლო ზეცა, თითქოს შეგრძნება ანგელოსთა დასი დამეცა. უკუნ ღამეში დაბორგავენ აჩრდილთა სულნი, გზააბნეული, დაკარგული, მუდამ ეულნი. და სიჩუმეში მოლანდება შენი თვალების გარდუვალია, როგორც ფიქრი შენი ზმანების. აჩრდილთა შორის მეზმანება შენი სახება, გამორჩეული სილამაზის გასხივოსნება. მთვარიან ღამეს ისევ ვეძებ, თუნდაც სიზმრებში, მაგრამ სულ არ ჩანს ცისარტყელას ფერთა გამებში. ღამე უკუნი ზუსტად ისე გადაგებულა, ოდესღაც ანდროგინონიც რომ დავიწყებულა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი