ანა
ანა მაშინ გავიცანი, მაშინ შევხვდი პირველად, გარემოებათა თანხვედრის წყალობით სრულიად უცნობი გოგონა მცირეოდენ ხანში ძალზედ ნაცნობად იქცა, ყოველგვარი სიტყვის, რეპლიკის გარეშე. ჩავხედე თვალებში და ყველაფერი იქ დავინახე, ანა მაშინ გავიცანი. წვიმდა. თავიდან მხოლოდ ცრიდა,მაგრამ შემდეგ ტემპმა უმატა და საშინელი თქეში დაიწყო. სამუშაო მქონდა, ნაჭრის ხელჩანთაში უამრავი საბუთი მეწყო. მათი დასველების შემეშინდა, ამიტომ თავი პირველივე კაფეს შევაფარე. კუთხეში მყუდრო მაგიდა ვიპოვნე და ფინჯანი ყავა შევუკვეთე. დოკუმენტები ამოვალაგე და საქმეს შევყევი. ისე შევყევი, რომ ვერც გავიაზრე თუ როგორ გადაივსო კაფე, ყველა შიგნით შემოსულიყო. ზოგი კართან იდგა და წვიმის გადაღებას ელოდა, ზოგი ჩემსავით მაგიდას მიჯდომოდა და ცხელ ყავას სვამდა. იქაურობას თვალი მოვავლე, გამეღიმა და კვლავ საქმეს მივუბრუნდი. -შეიძლება აქ დავჯდე? - საიდანღაც მომესმა, ამოვიხედე და ჩემ წინ ერთიანად გალუმპული გოგო დავინახე. შავი კაბა და ჯინსის ქურთუკი ეცვა, ისიც ერთიანად დასველებული. ნიაღვარს ვერც მისი თმა გადარჩენოდა. მობუზულიყო, საწყლად გამოიყურებოდა, შემეცოდა. -რა თქმა უნდა, - მივუგე და მისთვის ყავაც შევუკვეთე. -ო, ღმერთო, არა, ნუ წუხდებით. -გაგათბობს, არაფერია, - გავუღიმე და ოფიციანტის მოლოდინში გავირინდე. ხელები ჩამოეშვა, ქურთუკის სახელოებს აწვალებდა, თავი ჩაექინდრა და თითქოს კიდევ უფრო მობუზულიყო. ყავა მოუტანეს, ოფიციანტს მადლობა გადაუხადა და ჭიქას მიაცქერდა. დალევას არ ჩქარობდა. აღარაფერი ვუთხარი, საქმეს მივუბრუნდი. ცოტა ხნის შემდეგ ისევ ამოვხედე. ცახცახებდა. -გცივა? - კოსტიუმი გავიხადე და მხრებზე მოვახვიე. შემომხედა. სიცივის გამო არ კანკალებდა, სახე ერთიანად დასველებოდა, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ წვიმის წვეთები, ტიროდა. სასოწარკვეთილი მზერით შემომცქეროდა, ამდენი ტკივილი აქამდე არც ერთ ადამიანში არ დამენახა. - ყველაფერი რიგზეა? - ვკითხე. აცრემლებულმა თავი ძალდატანებით დამიქნია. -ძალიან კეთილი ხართ. -მადლობა, - გავუღიმე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი. შევაცქერდი, წამიერად შემომხედა, - რა გქვია? -ანა, - მომიგო ათრთოლებული ხმით. -კარგი სახელია, ჩემს ცოლს ერქვა ანა. -გაშორდით? -გარდაიცვალა. -ვწუხვარ... შვილები გყავთ?- მკითხა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. -არა, - თავი გავაქნიე. -ეგ კარგია. -რატომ? - გაჩუმდა და თავი კვლავ დახარა, - რატომ არის ეს კარგი, ანა? -იმიტომ, რომ არ დაიტანჯება. -ვინ არ დაიტანჯება? -თქვენი ქალიშვილი, ქალიშვილი რომ გყოლოდათ, დაიტანჯებოდა. -ამას რატომ ამბობ? -გოგოები ყოველთვის ვიტანჯებით, - ისეთი ღრმა სევდით წარმოთქვა, რომ ერთიანად შემძრა, სული შემეხუთა. -რ...რამდენი წლის ხარ? -19-ის. -ჯერ ახალგაზრდა ხარ, ძალიან ახალგაზრდა, მთელი ცხოვრება წინ გაქვს, - არაფერი მიპასუხა, გული მომიკვდა, - მითხარი, ბიჭია? - თავი დამიქნია. გამეცინა. -ბიჭების გამო არ უნდა იდარდო. მოვა დრო, როცა მამაკაცს შეხვდები, ნამდვილ მამაკაცს, რომელსაც უანგაროდ ეყვარები, მანამდე კი... მანამდე ბევრი ბიჭი დაგიწყებს ღლაბუცს, ლამაზი გოგო ხარ, ეს ბიჭები სწორედ ამ სილამაზის გამო შემოგფიცავენ სიყვარულს, მაგრამ ისინი სინამდვილეში სერიოზულად არ შემოგხედავენ,მათ მხოლოდ სხვა რამისთვის ენდომები. ხომ არ გწყინს ამას რომ გეუბნები? - არ შემოუხედავს თავი ისე გააქნია, - უბრალოდ ვინმემ უნდა გითხრას ეს, ბიჭები კი ამას არასდროს გეტყვიან, მაგრამ ესაა ჩვენი სამწუხარო რეალობა. ბევრი ამისთანა ნაძირალა დადის დედამიწაზე, - თავი დამიქნია და თავისი თაფლისფერი თვალები მომაპყრო. მართლაც ძალიან ლამაზი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ტიროდა, ერთიანად გალუმპულიყო და მის მზერაში უდიდესი ტანჯვა გამოსჭვალოდა, მაინც უზადოდ ლამაზი იყო, - ის შენი ღირსი არ არის, თუკი ასეთი ტკივილი მოგაყენა და შენი ცრემლების მიზეზი გახდა, მაშინ შენი ღირსი ნამდვილად არ არის. -ფეხმძიმედ ვარ, - ამოილუღლუღა აკანკალებულმა. ამან თავზარი დამცა, ენა ჩამივარდა, არ ვიცოდი რა მეთქვა, რა მეპასუხა. -უთხარი? - ბოლოს ესღა მოვიფიქრე. -ბავშვი არ უნდა, მითხრა, რომ ეს მისთვის მხოლოდ უბრალო გართობა იყო... - შემეცოდა, ძალიან შემეცოდა და პირველად ჩემს ცხოვრებაში სრულიად შეუფერებელ და უადგილო დროს გამიჩნდა მადლიერების განცდა, რომ ქალიშვილი არ მყავდა. -არ ვიცი რა გითხრა, შეიძლება ეს კარგიც კია, არა მგონია კარგი ადამიანი იყოს. -მამა სახლიდან მაგდებს... ან ცოლად გაჰყევი, ან სახლიდან წადი, ნაბიჭვარი მე არ მჭირდებაო, - თავი ხელებში ჩარგო და აქვითინდა, - დედაც ჩემ წინააღმდეგაა. -ყოველთვის არსებობს ოპტიმალური გამოსავალი, - ვუთხარი ხანმოკლე პაუზის შემდეგ. უეცრად შემომხედა. მზერა შეეცვალა, სახე გაუმკაცრდა, ნათლად დაეტყო თუ როგორ დაეჭიმა ყვრიმალები, წამიერად მის თვალებში შიშის ნაცვლად მრისხანებამ გაიელვა. -ოღონდაც, არ თქვათ, რომ თქვენც... ღმერთო ჩემო, თქვენც მათნაირი ხართ, თქვენც მათნაირი უგულო ხართ, ამას როგორ მეუბნებით, როგორ მეუბნებით, რომ საკუთარი შვილი მოვკლა! - აღშფოთებული წამოხტა, ჩემი პიჯაკი ჩამოიგდო და სასწრაფოდ კარისკენ გავარდა. გავეკიდე. -ანა, ანა! - კარს მიღმა საშინელ თქეშაში გაუჩინარდა. „-ნაბიჭვარი ხარ“, - მითხრა საკუთარმა ხმამ, -„დიდი ნაბიჭვარი ხარ“. უნდა შემეჩერებინა, უნდა დამემშვიდებინა, უნდა გამემხნევებინა, ძალიან ბევრი „უნდა“ გამეკეთებინა, მაგრამ ამის მაგიერ არაფერი გავაკეთე, მე ხომ რეალურად მას არც ვიცნობდი, ერთი ჩვეულებრივი თავქარიანი გოგო იყო თავისი პრობლემებით, იმ პრობლემებით, რომლებიც თავის თავს თავად გაუჩინა. შეცდომა დაუშვა და ახლა შედეგებისთვის უნდა გაესწორებინა თვალი, ეს მისი ბრალი იყო და მე ვერაფერს ვუშველიდი. ასე ვფიქრობდი იმ წამს. ჯერ კიდევ პატარა იყო და მჯეროდა, რომ დროსთან ერთად ყველაფერს თავისით დაალაგებდა, ჭკუას ისწავლიდა, გაიზრდებოდა, დაბრძენდებოდა. არ დასცალდა, ანას ეს ყოველივე არ დასცალდა. ეს რომ იმ დღეს მომხდარიყო, მაშინ, ალბათ საკუთარ თავს მეტად დავადანაშაულებდი, მაგრამ ეს იმ დღეს არ მომხდარა, საბედნიეროდ ეს ჩემ გამო არ მომხდარა. აი, ასეთი ეგოისტები ვართ ადამიანები, სხვისი უბედურება, სხვისი კეთილდღეობა სავსებით არ გვანაღვლებს, უბრალოდ მადლიერები ვართ უფლისა იმის გამო, რომ ეს ჩვენ არ დაგვემართა, რომ ეს არ არის ჩვენი ისტორია, მივყვებით დინებას, ცხოვრების საკუთარ კალაპოტს და შიგადაშიგ მხოლოდ ვიტყვით ხოლმე - ღმერთო, რა ცუდია; ეჰ, საწყალი; იმედია, ყველაფერი კარგად ექნება და ვაგრძელებთ ჩვენს გზას, ვუბრუნდებით საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ საქმეებს, საკუთარ დოკუმენტებს. ალბათ, არც აღარასდროს გამახსენდებოდა ანა, რომ არა ცნობა, რომელიც ტელევიზორიდან მოვისმინე, რომლის შემდეგაც, ალბათ, არასდროს აღარ დამავიწყდება მისი სევდიანი თვალები, მისი აცახცახებული პატარა მხრები, მისი ნაღვლიანი და სასოწარკვეთილი გამოხედვა. ანა ჩვენი შეხვედრიდან ორი კვირის შემდეგ გარდაიცვალა ღამით, ავტოკატასტროფაში. მძღოლი, რომელმაც იგი გაიტანა არ დაუკავებიათ, ავარია მისი მიზეზით არ იყო გამოწვეული. ეს არც თვითმკვლელობა ყოფილა, უბედური შემთხვევა, აი რა უწოდეს მას. ანა უბედურ შემთხვევას შეეწირა, შემთხვევას, რომელმაც მისი ტანჯვაც დაასრულა, მაგრამ ამავედროს უდანაშაულო ადამიანიც გააუბედურა და ახალი ტანჯვის დასაბამი გახდა. მადლობა უფალს,რომ ეს ადამიანი მე არ ვყოფილვარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი