სვირინგი


ოთახი კვამლით ავსებულიყო. ფარდები ჩამოეფარათ და სიბნელეში კვამლი ჰაერში ნაზად ლივლივებდა, ფენა-ფენად მიიწევდა ჭერისკენ, ქვედა ფენებს კი ახალ-ახალი შრეები ემატებოდა. კაცის პირიდან გამოშვებული რგოლები მაღლა მიიწევდნენ, იშლებოდნენ და კვამლის ნაწილნი ხდებოდნენ. კაცი საწოლზე შიშველი იწვა. მშვიდად სუნთქავდა, მარცხენა ხელით ქალის თმას ეალერსებოდა,რომელიც მის გულმკერდზე გაშლილიყო. ორივე დუმდა. ქალს თავი კაცის მკერდზე დაედო, თითებით მის ტორსს ნაზად ეალერსებოდა. დაღლილიყო და ახლა სრულიად შიშველი საყვარელი მამაკაცის მკლავებში განცხრომას ეძლეოდა. თავი აწია და კაცს შეაცქერდა, შეყვარებულების მზერა ერთმანეთს შეერწყა და წამიერად ორივენი ერთმანეთის მზერაში ჩაიკარგნენ.
-მიყვარხარ, - უთხრა ქალმა და ისევ კაცის გულმკერდს მიეკრა. კაცმა სიგარეტი ჩააქრო და ქალს ორივე ხელით მოეხვია. ახლა თითებით მან დაიწყო მის მხრებზე თამაში. ქალის სხეულს, მის კანს დიდი სინაზითა და მგრძნობელობით ეფერებოდა, რაც ქალს სასიამოვნო ჟრუანტელს გვრიდა, გაღიმებული გარინდულიყო.
-თითქოს ასე ახლოს ვართ ერთმანეთთან, თითქოს მთელი ცხოვრებაა გიცნობ, მაგრამ რამდენი რამე არ ვიცი შენზე. - დაიჩურჩულმა ქალმა.
-რისი გაგება გინდა?
-არ ვიცი, ყველაფრის. მინდა ყველაფერი ვიცოდე შენზე, მინდა მთლიანად, მთელი არსებით შეგიცნო.
 -ისედაც მიცნობ.
-შენი წარსულის შესახებ თითქმის არაფერი ვიცი.
-მითხარი, მაინც რისი ცოდნა გინდა? - ქალმა უეცრად მზერა კაცის მხარზე ამოტვიფრულ სვირინგს მიაპყრო.
-თუნდაც ეს სვირინგი, მასზე არაფერი ვიცი. - სვირინგს დაკვირვებით დააცქერდა, პირველად არ იყო, როცა მას უყურებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ვერ გაეგო თუ რა ეხატა მის საყვარელ მამაკაცს მკლავზე. ერთხელ ის სახესაც მიამსგავსა, ორი წერტილი, რომელიც სვირინგზე გარკვევით მოჩანდა თვალები უნდა ყოფილიყო, მაგრამ დანარჩენი საპირისპიროს ამტკიცებდა, ნახატი თითქოს ბნელ მაგიაში ჩაძირულიყო და მას უსასრულო უფსკრული ერტყა გარს.
-მისი არსებობა უკვე მეც დავივიწყე, ამაზე ნუ იდარდებ. - ქალს გაეცინა და კაცს შეხედა.
-რას ნიშნავს ამაზე ნუ ვიდარდებ? მინდა ვიცოდე რა არის, ეს ხომ შენ გაიკეთე, შენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, მე კი მაინტერესებს რა არის შენთვის მნიშვნელოვანი. - კაცი დუმილს ინარჩუნებდა და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, თუ არაფერს იტყვი მოსაუბრე იძულებულია თავად განაგრძოს საუბარი. ხშირად დუმილი ინფორმაციის დაცინცვლის უფრო უკეთესი საშუალებაა, ვიდრე გაუთავებლად კითხვების დასმა. ახლაც ასე მოხდა, ქალმა განაგრძო:
-მეც მინდა მცირე ზომის სვირინგის გაკეთება.
-არა! - მკაცრად მიუგო კაცმა. ქალი გაკვირვებითა და შეცბუნებით შეაცქერდა, ასეთი უხეში პასუხი ეხამუშა კიდეც.
-რატომ? შენ ხომ გაქვს სვირინგი.
-მე სულელი ვიყავი, ძალიან სულელი. ეს სხვა არაფერია თუ არა დამღა, რომლითაც საკუთარ თავს მარადიული სატანჯველისთვის წირავ.  - ქალის მზერაში აშკარა ინტერესი გამოიკვეთა. სვირინგს შეეხო და თითები მასზე ნაზად გააცურა.
-მომიყევი მასზე. - დაჟინებით მიუგო.
-არ მსურს ამაზე საუბარი.
ქალი გადმობრუნდა, რათა სვირინგი უფრო უკეთ დაეთვალიერებინა. იდაყვებს დაეყრდნო, კაცის მკლავი თავისკენ მიიზიდა და სვირინგი სახესთან მიიტანა.
-ეს თვალებია, ხომ ასეა? - საჩვენებელი თითი ორ შავ წერტილს დაადო და კაცს გამომცდელად შეაცქერდა. მის მზერაში უკვე ყველაფერი დაინახა და პასუხიც ცხადი გახდა, დიახ, ეს ნამდვილად თვალები იყო, მაგრამ ვისი? ამ კითხვამ ქალში ცხოველური ინტერესი გააღვივა.
-რატომ არ მეშვები? ხომ გითხარი, რომ არ მსურს ამაზე საუბარი. - წყნარად, სევდანარევი ხმით უთხრა კაცმა. ქალმა წამიერად თვალები დახარა, მზერა მოარიდა, არ სურდა მისი განაწყენება, მაგრამ ინტერესი ძალიან დიდი იყო. მას ჰქონდა უფლება ცოდნოდა თუ რა ეხატა მის საყვარელ მამაკაცს მკლავზე, ვისი თვალები გაეხადა საკუთარ სხეულზე ამოტვიფრის ღირსად და ვის ხატებას დაატარებდა საკუთარი სხეულით, ამის ცოდნის უფლება ქალს ნამდვილად ჰქონდა. საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულმა გადაწყვიტა, რომ კაცისთვის ყველაფერი ეთქმევინებინა. არ სურდა თავისი გავლენა გამოეყენებინა, მაგრამ მოუწევდა და ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ამაზეც არ დაიხევდა უკან. შეგულიანდა, იცოდა, რომ თუ მოინდომებდა გამარჯვებას აუცილებლად მოიპოვებდა, რადგან ერთგვარი აქსიომაა ის, რომ ქალს სწორად გათვლილი ტაქტიკისა და სტრატეგიის გამოყენების შემთხვევაში ყოველთვის შეუძლია კაცზე გამარჯვების მოპოვება, მითუმეტეს მაშინ, თუ ეს კაცი ამ ქალის სიყვარულითაა შეპყრობილი და რა არის ამისთვის საჭირო? უბრალოდ მსუბუქი ალერსი, თვალების ჟუჟუნი და კეკლუცი ღიმილის დანახვა საყვარელი ქალის სახეზე. ახლაც ეს ხრიკი გამოიყენა, გაიცინა და კაცს გაღიმებული შეაცქერდა. ტუჩები მოეკუმა, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს ღიმილის შეკავებას ცდილობდა, რაც კიდევ უფრო ალამაზებდა და გამორჩეულ ხიბლს ჰმატებდა მის გამომეტყველებას.
-ხომ იცი რომ არ მოგეშვები, - ხელი კაცს სახეზე ნაზად შეახო, დედობრივი ალერსით მიუალერსა, ცერა თითით ტუჩებზე შეეხო, წამოიწია და კაცის ბაგეებს მხურვალედ დაეწაფა, ბოლოს კი ქვედა ტუჩზე მსუბუქადაც უკბინა, როდესაც კაცმა კოცნა დააპირა თავი გაწია და მისი მხურვალე ამბორი ჰაერს შეეყინა, ქალმა გაიცინა და თავად დაეკონა მის ბაგეებს, ხელი კაცის თმაში შეაცურა, ნაზად მიუალერსა და თვალებში ჩახედა მაშინ, როდესაც კაცი ყველაზე დაუცველი იყო. ქალს ნათლად შეეძლო მისი  გაშიშვლებული სულის დანახვა. - მითხარი, - ყურში ნაზად ჩასჩურჩულა და მისი თავი საკუთარ მკლავებში მოიქცია. - მითხარი, ნუ გეშინია, შეგიძლია მენდო. - ყურში ნაზად ჩურჩულებდა, თანაც აბურდულ თმაზე ეფერებოდა, - მომიყევი, ყველაფერი მომიყევი, გული გადამიშალე, თავადაც კარგად იცი, რომ თუ ამას იზამ მოგეშვება. - კაცმა ეჭვისთვალით შეხედა ქალს, მათი მზერა ისევ შეერწყა ერთმანეთს.
-ღმერთო ჩემო, მომშორდი, - ჩაიცინა კაცმა და ქალის მკლავებიდან თავი დაიხსნა, საწოლზე წამოჯდა. იატაკს უაზროდ მიაჩერდა. ქალი მოეხვია. მკერდით კაცის ზურგს მიეკრა, ხელები მის სხეულს ძლიერად შემოაჭდო, თავჩაქინდრულს კისერზე აკოცა და შუბლი მიადო.
-კარგი, თუ გინდა ნურაფერს მეტყვი, მაგრამ ხომ იცი,რომ შეგიძლია მენდო.
-ვიცი. - უთხრა კაცმა. ცოტა ხანი ასე ჩუმად ისხდნენ, სტატიკურად. შემდეგ კაცი წამოდგა. შარვალი ამოიცვა და ტერასისკენ გაემართა. ფარდები გადაწია, ოთახში სინათლე შემოიჭრა, რომელმაც ქალს თვალი მოსჭრა. კაცი ტერასაზე გავიდა და ქალაქს შეაცქერდა. უცხო ადამიანები თავიანთი ისტორიებით - აი რას ხედავდა ტერასის პეიზაჟზე. ამასობაში ქალიც გამოვიდა. მალინისფერი ხალათი მოეცვა. საყვარელს გვერდით დაუდგა. კაცმა შეხედა, გაუღიმა, მისი ხელი აიღო და ნაზად ეამბორა. ხელი მოაჯირს ჩამოადო, ქალმა მას ძლიერად მოუჭირა.
-ბევრი ხალხია,არა? - ჰკითხა მან.
-ჰო, - კაცმა თავი დაუქნია.
-და ამდენ ხალხში ჩემთვის ხარ ერთი. - კაცმა გაუღიმა, ზურგიდან მოეხვია, ხელები წელზე შემოაჭდო და კისერზე ნაზად აკოცა. ცოტა ხნის შემდეგ უთხრა:
-წავალ, ყავას გავამზადებ, ხომ დალევ?
-კი, - მიუგო ქალმა და საყვარელი უდიდესი სითბოთი აღსავსე მზერით გააცილა. ის მას ეკუთვნოდა, თავს ბედნიერად გრძნობდა ასეთი საგანძური რომ გააჩნდა, გაიღიმა და კვლავაც ქუჩაში მოსიარულე ხალხს შეაცქერდა.
    მზიანი დღე იყო, მაგრამ საღამოსკენ ამინდი უეცრად შეიცვალა. გაწვიმდა. წყვილი ტერასის გადახურულ ნაწილში ისხდა. ვახშამი დაესრულებინათ და ცხელ ჩაის მიირთმევდნენ. ქალს ორივე ხელი ჭიქისთვის მოეკიდა, ორთქლი სახეზე ელამუნებოდა და თბებოდა. ორივე ღრმა ფიქრებში ჩაძირულიყო.
-რატომ გინდა სვირინგის გაკეთება? - მოულოდნელად ჰკითხა კაცმა.
-რა? - ქალი ფიქრებიდან გამოერკვა.
-მითხარი, რომ სვირინგის გაკეთება გინდა, რატომ?
-არ ვიცი... უბრალოდ, მომწონს პატარა სვირინგი ფეხზე ან ხელზე, რატომ მეკითხები?
-ადამიანი მთელი ცხოვრება ცდილობს წარსულს გაექცეს, ის მომავლისკენ მიისწრაფვის, ფინიშის ხაზისკენ მთელი სისწრაფით მირბის, რათა სტარტი უკან მოიტოვოს. მომავალში ბევრს შეუძლია წარსულის დავიწყება, რიგი ეპიზოდების უკან მოტოვება და ცხოვრების ახლებურად გაგრძელება, ის,რაც ამაში ხელს გვიშლის მოგონებებია, მაგრამ მოგონებების დავიწყებაც კია შესაძლებელი თუკი მას მატერიალური სახე არ გააჩნია, თუ ნივთია დაამსხვრევ, დამარხავ, გადააგდებ, მაგრამ თუ ნივთი არ არის, არამედ შენი ნაწილია, ნაწილი შენი სხეულისა, შენი კანისა, მას ვერც ვერსად გადააგდებ და ვერც ვერსად დამარხავ, სამუდამოდ მასთან ერთად ხარ გამომწყვდეული, უყურებ საკუთარ ანარეკლს და ეს არ გაძლევს წარსულის დავიწყების საშუალებას, ყველაზე საშინელ მოგონებებს აღვიძებს, გახსნებს და ამოგიტივტივებს გონებაში.
-და თუ ასეთ ტკივილს გაყენებს რატომ არ იშორებ?
-ასე მარტივად არ არის საქმე, თავიდან მეგონა, რომ გავიდოდა დრო და ერთი უბრალო სვირინგის მოშორება ძალზედ მარტივი იქნებოდა, მაგრამ რეალობა როდია ისეთი, როგორსაც მას წარმოვიდგენთ ხოლმე, თუნდაც მომავალში. ისე ვერ მოიშორებ კანზე კვალი რომ არ დატოვოს, დაღი სამუდამოდ რომ არ დაგაჩნდეს, მაგრამ ვინ თქვა, რომ მოშორებული არ მაქვს?  - ქალმა ჩაიღიმა.
-მოშორებული გაქვს? - ჰკითხა მცირედი ირონიით.
-კი, - კაცმა თავი დაუქნია. მაისურის სახელო აიწია, - მითხარი, რას ხედავ?
-არ ვიცი, ან უნიჭო მხატვრის ნამუშევარს, ან ისეთ რამეს, რასაც ვერ ვწვდები. რომელია?
-არც ერთი და არც მეორე. აქ ორი სვირინგია. ორივე ერთნაირი, ერთმანეთზე გადახატული, ერთმანეთის შებრუნებული, ერთი ზემოდან, მეორე ქვემოდან. - ქალი დაბნეული შესცქეროდა.
-ვერ მივხვდი.- კაცმა გაუღიმა.
-მართალი იყავი, ეს მართლაც რომ თვალებია.
-ვისი?
-განა აქვს რაიმე მნიშვნელობა?
-ჩემთვის კი, აქვს.
-ანა ერქვა.
-რა მოუვიდა?
-მიღალატა, მიმატოვა.
-შენ მიგატოვა? - ქალმა სიცილი ვერ შეიკავა.
-ჰო, ასეა. - კაცმაც გაიცინა, - რა, ეს ასეთი წარმოუდგენელია?
-აჰ, ღმერთო, რა სულელები არიან ადამიანები, მაგრამ მისი მადლობელი უნდა ვიყო, მთელი დიდება მე დამრჩა.
-უკვე მეც აღარაფერს ვნანობ.
-რთული იყო?
-კი, ძალიან, ძალიან რთული იყო.
-მე შენ არასდროს მიგატოვებ, გეფიცები.
-ვიცი, ვიცი. - კაცმა თავი დაუქნია და ქალს ღიმილით შეაცქერდა.
-მისი სახე რატომ დაიხატე?
-მიყვარდა, ძალიან მიყვარდა და მინდოდა მუდამ ჩემთან ყოფილიყო.
-ჩემზე მეტად გიყვარდა?
-სიყვარულის ფენომენი იმაშია, რომ ყოველ ჯერზე ის სხვადასხვაგვარად გეწვევა, შენ გაცილებით სხვა სიყვარულით მიყვარხარ.
-და რამდენად ძლიერია ეს სიყვარული?
-იმდენად, რომ ის გაგიმხილე, რასაც მთელი ცხოვრება გავურბოდი. - ქალმა თავი დაუქნია.
-გმადლობ. - სიჩუმე ჩამოწვა. ცოტა ხნის შემდეგ კი ჰკითხა: - მაინც, მეორედ უკუღმა რატომ დაიხატე მისი სახე?
-თუ რამის წაშლა გინდა წასაშლელად საუკეთესო ხერხი არა მისი გადაჯღაპნა, არამედ მასზე ხელახალი გადაწერაა, ოღონდ უკუღმა. ასე ნაწერი აზრს კარგავს და თანაც სრულ სიმახინჯეს ემსგავსება.
    საშინლად იქუხა. მეხი გავარდა და ცა ელვამ რამდენჯერმე ძლიერად გაანათა.
-აჯობებს შინ შევიდეთ. - თქვა კაცმა.
-ჰო. - ქალმა ჭიქა მაგიდაზე დადგა და წამოდგა. კაცმა ხელი წელზე მოჰხვია და კარისკენ დაიძრნენ. - ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად მეტყოდი. - ეშმაკური ღიმილით უთხრა ქალმა.
-ჰო, - მიუგო კაცმა და ორივე ყავისფერი კარის მიღმა გაუჩინარდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი