მურმანსკი
-ჰეი,ჰერმან, ხომ არ გაიყინე? -მართლაც მაგრად ცივა, - უპასუხა ჰერმანმა, ქურთუკის ჯიბეებში ჩაწყობილი უთითოხელთათმანიანი ხელები ამოიღო, პირთან მიიტანა და ძლიერად ჩასუნთქა, შემდეგ კი ერთმანეთს გაუხახუნა. -ასე იცის ხოლმე, მიეჩვევი. რაღაც მაქვს, გაგათბობს, - კაცმა,რომელიც თბილად შემოსილიყო და თავზე ნაქსოვი ქუდიც ჩამოეფხატა ქურთუკის ჯიბიდან ყავისფერ ქაღალდში გახვეული ბოთლი ამოაძვრინა და ჰერმანს გაუწოდა. -არაყია? -ნაღდი „ვოდკაა“,ზოგჯერ ვწრუპავ ხოლმე, აქ მაინც კაციშვილი არ მოვა ამ ზამთარში, ვერაფერს გაიგებენ. -ბებერი გაიძვერა ხარ, ვლადიმერ. - უთხრა და ბოთლი გამოართვა, თავი მოხადა და ცხვირთან მიიტანა, ალკოჰოლის მძაფრმა სურნელმა თითქოს გააბრუა. - მშვენიერია, - თქვა და ბოთლი პირთან მიიყუდა, რამდენიმე ყლუფი ხარბად მოსვა და ბოთლი ვლადიმერს დაუბრუნა, არაყი მანაც დალია. უნებურად ორივემ ზეცისკენ აღაპყრო მზერა, ცა ვარსკვლავებით მოჭედილიყო. -ლამაზი ღამეა, - თქვა ჰერმანმა. -აქ სულ ასეა, ლამაზი ღამეები იცის ხოლმე. -ვითომ? -მაშ, ეს ადგილი გამორჩეულია. -ვიცი, ვიცი, - თავის კანტურით დაეთანხმა ჰერმანი, ხელები მოაჯირს ჩამოადო და მზერა არემარეს მოაპყრო. ჩრ. ატლანტიკური დინების ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა, თითქოს ფილტვები გაეყინა, სიცივე მთელი სხეულით შეიგრძნო, მაგრამ ამავედროს სასიამოვნო ჟრუანტელმაც დაუარა. სათვალთვალო კოშკურიდან მართლაც ულამაზესი ხედი იშლებოდა, განათებული ნავსადგური ღამით ჯადოსნურ სანახაობას ქმნიდა. - მურმანსკი, გაუყინავი ნავსადგური. - ჩაილაპარაკა ჰერმანმა. -ასეა, ამის გამო ძალიან იღბლიანები ვართ, თორემ ძნელია მთელი ზამთარი სამსახურის გარეშე. ზამთარი მკვდარი სეზონია, სხვა ნავსადგურები იყინება და მორჩა, მათი კარებებიც გაზაფხულამდე იხურება. მათ ვირთხებიც კი აღარ სტუმრობენ, მურმანსკიზე სხვაგვარად ხდება, აქ სიცოცხლე მუდამ ჩქეფს. -ასეა, სანამ აქ ჩამოვიდოდი კალინინგრადში ვმუშაობდი. -გაიყინა,არა? -ჰო, გაიყინა. - ჰერმანს გაეცინა, -ისიც კი გაიყინა. -მაგრამ მურმანსკი არა, ის არასდროს იყინება, აი ამიტომაა ეს ჯადოსნური ადგილი. კალინინგრადს ხომ ჯობია? -ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა,რაც აქ ვარ, მაგრამ ჰო, მასზე ბევრად ლამაზია. -ხალხიც აქაური სჯობს, კალინინგრადში ცივი ხალხია. -ნამყოფი ხარ? -ჰო, რამდენჯერმე. - ჰერმანმა თავი დაუქნია. წამიერად სიჩუმემ დაისადგურა, მხოლოდ წყლის საამური ჩუხჩუხი ისმოდა. ჰერმანს მოსწონდა აქაურობა, მას მურმანსკი მოსწონდა. -რაო, რა მითხარი, სადაური ვარო? -დუმილი ვლადიმერმა დაარღვია. -გერმანელი, მერციგში დავიბადე, პატარა ქალაქია ზაარლანდში. -ჩადიხარ ხოლმე? -არა, უკვე წლებია იქ არ ვყოფილვარ. -გენატრება? -მერციგში საარი მიედინება, ულამაზეს ხეობას ქმნის, ბავშვობაში იქ ხშირად ვთამაშობდით ხოლმე, მახსოვს დედა თუ გამოგვიჭერდა გამოგვივარდებოდა ყვირილით, რას სჩადიხართ, მდინარეში ჩავარდებით, თავს დაიღუპავთ და მეც დამღუპავთო, - ჰერმანს გაეცინა, - ის დრო მენატრება, -რატომ არ ჩადიხარ? -იქ არავინ არ მელოდება, ვისთან ჩავიდე? -დედა? -დაიღუპა. -ვწუხვარ, - ჰერმანმა ხელი ჩაიქნია. -დიდი ხნის ამბავია. - ვლადიმერს სურდა ეკითხა რა მოუვიდაო, მაგრამ თავი შეიკავა, თუ თქმა უნდოდა ისედაც ეტყოდა, ზედმეტი კითხვების დასმა რაღა საჭირო იყო, მაგრამ ჰერმანი არაფრის თქმას არ აპირებდა, არც უთხრა. -ეს გერმანელი კაცი რუსეთში როგორ აღმოჩნდი? - ჰერმანმა თავისი უსიცოცხლო, ნაცრისფერი თვალებით ზეცას ახედა, სევდიანად გაიღიმა და უთხრა: -ქალებმა ჩამომიყვანეს. -ქალებმა? - ვლადიმერს გაეცინა, -სერიოზულად ამბობ? -ჰო, მსმენოდა,რომ რუსი ქალები საუკეთესოები იყვნენ, ამაში უნდა დავრწმუნებულიყავი. -მერე დარწმუნდი? - სიცილით ჰკითხა კაცმა. -იმდენად,რომ აქედან წასვლაც აღარ მომინდა. ახალგაზრდა ვიყავი, გიჟური აზრები მიტრიალებდა თავში, ქარი მიქროდა, ოჰ რა ძლიერი და დაუცხრომელი ქარი იყო. ინგლისში ვიყავი, პაბში ერთი გემის კაპიტანი გავიცანი,სავაჭროდ რუსეთში მოდიოდა. ჰოდა გამოვყევი. აქეთ-იქით ვმოგზაურობდი, ჩანთას ხელი დავავლე და გემზე ავედი. რამდენიმე კვირაში უკვე რუსეთის მიწებზე დავაბიჯებდი. -ოჯახი გყავს? - ჰერმანმა თავი გააქნია. -შენ? -კი, ცოლი და ორი შვილი. -ეგ კარგია. -შენ არ გინდოდა? - ჰერმანი ჩაფიქრდა. -იყო ერთი ქალი, ნადია ერქვა. -რა მოუვიდა? -გათხოვდა, დავაგვიანე. იმის მერე აღარავინ ყოფილა, ერთი სიტყვით იაფფასიან ქალებს გადავყევი და ოჯახის შექმნაზე აღარც მიფიქრია. ახლა ვნანობ, მაგრამ რაცაა ეგაა, ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო. -ძნელია სიბერე მარტოობაში. -მარტოობას მიჩვეული ვარ. სიმართლე გითხრა, არ მეგონა რუსეთში თუ დავრჩებოდი, სულ აქეთ-იქით ვმოგზაურობდი, ერთ ადგილზე არასდროს ვჩერდებოდი, მთელი ცხოვრება დავდიოდი და ისტორიებს ვაგროვებდი, ამბებს მოსაყოლად, მაგრამ ის ვერ გავითვალისწინე,რომ ეს ამბები ვინმესთვის უნდა მომეყოლა. ვზივარ და სარკის წინ საკუთარ თავს ვუყვები ხოლმე, ვიხსენებ ჩემს გიჟურ თავგადასავლებს, ვიცინი, ვტირი, წარსულის დიდებით ვცხოვრობ. - ვლადიმერი დადუმდა, არ იცოდა რა ეთქვა, რითი ენუგეშებინა. ჰერმანი ეცოდებოდა მიუხედავად იმისა,რომ საცოდავიაო მასზე ნამდვილად ვერ იტყოდი, სუფთა და მოვლილი კაცი იყო, თითქოს ყოველ დილით ცოლი საგანგებოდ ამზადებდა სამსახურში წამოსასვლელად, საჭმელსაც უმზადებდა და ლანჩისთვის ქაღალდის ცელოფანში ჩაწყობილს სამსახურშიც ატანდა ხოლმე, ჰერმანს მართლაც მოჰქონდა ხოლმე წინასწარ გამზადებული საჭმელი, ხან ძეხვიანი ბუტერბროდები, ხან ყველის სენდვიჩები. - შენს ცოლს რა ჰქვია? - ბოლოს თავად ჰერმანმა ჰკითხა. -ნატალია, ქართველია. -ქართველებზე მსმენია,რომ უხეში ქალები ჰყავთ, - ვლადიმერს გაეცინა. -უბრალოდ თავიანთი ფასი იციან და საკუთარ თავს სცემენ პატივს. -შეიძლება, ალბათ ასე იქნება. -თანაც ქართველები კარგი დედები არიან, შვილებისთვის თავგადადებული დედები, ასეთებს ძნელად თუ იპოვნი. -და ცოლები, როგორი ცოლები არიან? - ვლადიმერს გაეცინა. -აი-აი, ეგ ცოტა რთული საკითხია. -მაზოლზე ფეხს გაჭერ? - ღიმილით ჰკითხა ჰერმანმა. -არა, ასე ვერ ვიტყოდი, მომთხოვნები და მკაცრები არიან, ცოტა მძიმე ხასიათი აქვთ, ჩვენსავით ყველაფერს იოლად არ უყურებენ, ალბათ ამიტომაც გვჯობნიან. გემის საყვირის ხმა გაისმა. ნავსადგურს ტოვებდა, საშუალო ზომის გემი იყო, პროჟექტორების სინათლის ფონზე მის კორპუსზე რუსული ასოებით ამოტვიფრული „კაროლ“ იკითხებოდა. ვლადიმერმა ხელი აუწია, ალბათ ვერავინ დაინახავდა,მაგრამ თავისებურად მაინც გზა მშვიდობისა უსურვა. -ამ ყინვაში სად მიდის? -ვინ იცის, ნამდვილი შეშლილია, გიჟ იურის ვეძახით. ასე იცის ხოლმე, ზამთრობით მიდის და შუა გაზაფხულზე დატვირთული გემით ბრუნდება. -მეთევზეა? -ჰო, რაღაც ამდაგვარი, მე ის მიკვირს თავისნაირ შეშლილებს სად პოულობს მასთან ერთად იანვარში რომ გადიან სათევზაოდ, თანაც ამ გაყინულ ოკეანეში. თუ გინდა დაიძინე, - უთხრა ხანმოკლე პაუზის შემდეგ, - აქ მე ვიდარაჯებ, სამი საათისთვის გაგაღვიძებ და შემცვალე. -იყოს, ცოტა ხანი კიდევ ვიქნები. -როგორც გინდა. ორივე უხმოდ შესცქეროდა პეიზაჟს, წყლის ყურება ამშვიდებდათ, საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენის საშუალებას აძლევდათ. -იცი, მას ვიცნობდი, - წყლისთვის თვალმოუშორებლად თქვა ჰერმანმა. -ვის? -მურმანსკის. -მურმანსკის? - ირონიული ღიმილითა და აშკარა ინტერესით ჰკითხა ვლადიმერმა. -ჰო, სიცილიაზე შევხვდი, ერთ-ერთ ბარში. მთასავით კაცი იყო, ძალზედ სანდომიანი გამომეტყველება ჰქონდა. ყველა ქალი მას ეხვეოდა, ყველას ყურადღებას იპყრობდა. ამბობდა,რომ თავისი ნავსადგური ჰქონდა,რომელიც არასდროს არ იყინებოდა. რომელია ეგ ნავსადგურიო, - ინტერესით ჰკითხავდნენ ქალები, მურმანსკიო, - ამაყად უპასუხებდა და მათ თვალებში შესციცინებდა. სწორედ ამიტომ მომინდა ნავსადგურში მემუშავა, მეც ვყოფილიყავი ამ ყველაფრის ნაწილი, მეც ვყოფილიყავი მურმანსკი. - ღიმილით მიუგო ჰერმანმა და დასაძინებლად კაბინისკენ გაემართა. მიმავალს ვლადიმერი თვალს ინტერესით აყოლებდა. როცა ჰერმანი კარების მიღმა გაუჩინარდა, ჩაიცინა, მხრები აიჩეჩა და არყის ბოთლი პირთან მიიყუდა. სამ საათზე ჰერმანი გააღვიძა და მანაც შეცვალა. გარეთ გამოვიდა, მოაჯირს ჩამოეყრდნო და მურმანსკის მოავლო მზერა. ეს ადგილი მოსწონდა, ძალიან მოსწონდა, ნელ-ნელა უყვარდებოდა და ალბათ მალე შეიყვარებდა კიდეც. გაჩახჩახებული მურმანსკი საკუთარ ახალგაზრდობას აგონებდა, თავის გიჟურ, ნათელ და ექსცენტრიულ სიჭაბუკეს. ახლა კი ნელ-ნელა სიბერე ეპარებოდა, თავის მოტყუება სურდა, მაგრამ მაინც გრძნობდა, როგორ უსუსტდებოდა სხეული, როგორ უჭირდა საფეხურებზე ავლა, როგორ მარტივად ეპარებოდა დაღლა და როგორ იწყებდნენ ძვლები მსხვრევას მის სხეულში, მაგრამ ახლა არა, არა მაშინ, როდესაც მურმანსკის შესცქეროდა, ეს განათებები ლას-ვეგასის განათებებსაც აგონებდა, თითქოს ისევ იქ იყო, მსოფლიოს უდიდეს კაზინოში და უდიდეს ფსონსაც ჩამოდიოდა, ეს ფსონი თავად მისი სიცოცხლე იყო. ჰერმანი გამარჯვებაში არ იყო დარწმუნებული, იცოდა, რომ ოდესმა აუცილებლად დამარცხდებოდა და კრუპიე მის დაბერებულ, გაჩაჩანაკებულ ძვლებს აუცილებლად მოხვეტდა, მაგრამ მანამ, სანამ ეს მოხდებოდა შეეძლო სიამოვნების მიღება, შეეძლო კვლავაც აყოლოდა ჭაბუკურ ჟინს, ვნებას, კვლავაც შემოეშვა ქარი და მისთვის გონებაში თარეშის ნება მიეცა. ტკბებოდა მურმანსკის ხედებით და თავში ათასი გიჟური აზრი უტრიალებდა, ათასი მოგონება ირეოდა მის გონებაში, ათასი ისტორია, ათასი ამბავი, რომელიც თავს უკვე მრავალი წლის წინ გადახდომოდა. ეს მართლაც რომ ჯადოსნური ადგილი იყო, ჰერმანს ძალიან, ძალიან მოსწონდა მურმანსკი. დილის ცხრა საათი იყო ის და ვლადიმერი ნავსადგურის შესასვლელს რომ ტოვებდნენ, დილის სმენას უკვე შეეცვალათ. ავტოსადგომამდე ერთი გზა ჰქონდათ, შემდეგ უკვე მათი გზები იყრებოდა. -ხვალ ისევ 11-ზე, - მანქანაში ჩაჯდომამდე დაუძახა ვლადიმერმა. -ვიცი, აბა შენ იცი, ცოლს გაუფრთხილდი. -აუცილებლად, - ღიმილით უთხრა კაცმა და მანქანა დაქოქა. იმის მაგივრად, რომ ცვლის დასრულება გახარებოდა, ჰერმანი ნავსადგურს რაღაც დანაკლისის განცდით ტოვებდა. სახლში მიდიოდა, სადაც მაცივარი, ტელევიზორი, სარკე და კიდევ რამდენიმე ელექტრო მოწყობილობა ელოდა, უკან კი თავისი ცხოვრება, თავისი სიჭაბუკე და ახალგაზრდობა რჩებოდა. ნავსადგურს საქარე მინიდან მანამ უმზერდა, სანამ თვალს არ მიეფარა. -ხვალ ისევ დავბრუნდები, - ჩაილაპარაკა თავისთვის და მურმანსკი უკან მოიტოვა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი