ქალაქს თოვლი უხარია


ეს ამბავი თებერვალში მოხდა, მაშინ თბილისში თოვდა, კვლავაც ბარდნიდა და მიწაზეც გვარიანად იდო. ხალხს თოვლი უხაროდა, ბავშვები ბედნიერები დასრიალებდნენ ყინულზე, ძირსაც ეცემოდნენ, მაგრამ ეს კიდევ უფრო ახალისებდათ. იმ დღეებში მახსოვს როგორ ვგუნდაობდი თანატოლებთან ერთად, ამ დროს მასწავლებელმა ჩამოიარა და თამაშით გართულებს ბედნიერი, გაღიმებული სახით შემოგვცქეროდა, მხოლოდ წამიერად დავინახე მისი მზერა, მაგრამ ესეც საკმარისი იყო. ერთი სიტყვით, თოვლის მოსვლა და დათოვლილი ქალაქის ხილვა ყველას ბედნიერს ხდიდა. მაშინ ასე მეგონა, თურმე ვცდებოდი და თანაც ძალიან მწარედ. რამდენიმე დღის შემდეგ თოვა შეწყდა, მაგრამ არა ჩემს სულში, ჩემს ქვეცნობიერში. დროა ხეებზე დახვავებული თოვლი ძირს ჩამოვბერტყო, იმის მეშინია, ქვეშ არ მომიყოლოს და თავის სიცივეში არ ჩამნთქას, ზვავად არ მექცეს, მაგრამ თითოეულ წამს,როდესაც თხრობის დაწყებას ვაჭიანურებ კიდევ უფრო იხუნძლება ხის ტოტები სველი თოვლით. ამიტომაც შევეცდები დღეს ეს ამბავი გიამბოთ, ჩემი სათქმელი ვთქვა და იმ ერთადერთ ხერხს მივმართო, რითაც რაიმე დახმარების გაწევა შემიძლია.
  დილა იყო. მთელი ღამე ეთოვა და ტემპი დილითაც შეენარჩუნებინა, გზები მოყინული და გადათეთრებული იყო. მარილს მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე ყრიდნენ, დანარჩენი ქუჩები კი თეთრად ბრწყინავდა. სახლიდან ადრიანად გავედი, ნელა მომიწევდა სიარული და სკოლაში მისასვლელად მთაწმინდის აღმართის ავლა.  თოვის მიუხედავად ძალიან არ ციოდა, მცირე სუსხი იყო, მაგრამ ცერად თოვდა და თოვლი პირდაპირ თვალებში გეყრებოდა, ამიტომ მანტოში გახვეულს თავზე საკმაოდ გრძელი კაპიუშონი წამომეფარა და ცხვირ-პირზე შარფიც ამეფარა. ჰორიზონტს მთლიანად ვერ ვხედავდი, თუმცა რაც ჩანდა გზის გასაკვლელად საკმარისზე მეტიც კი იყო. დილაობით ქუჩაში მაინცდამაინც ბევრ ხალხს ვერ შეხვდები. თუმცა იმ დღეს ბავშვების ჟრიამული აშკარად ისმოდა. მანქანების სახურავებიდან თოვლს იღებდნენ, გუნდებს კრავდნენ და ერთმანეთს ესროდნენ. ნაბიჯებს ფრთხილად ვდგამდი, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ჩემ წინ მიმავალი მამაკაცი რამდენჯერმე მოცურდა, თუმცა თავი შეიკავა. სკოლამდე ბევრი დარჩენილი არ მქონდა, როდესაც ქვემოთ მომავალ ასაკოვან კაცს ფეხი აუსრიალდა და დაღმართზე ჩამოცურდა. დასახმარებლად არავინ აპირებდა მისვლას, ამიტომ მივედი და წამოდგომაში დავეხმარე. წამოიწია და კედელს მიეყრდნო. გაცრეცილი ქურთუკი,დასვრილი შარვალი და გახეული ფეხსაცმელი ეცვა, თავზე კი დაფლეთილი ქუდი ჩამოეფხატა. ერთხანს უხმოდ ვუმზერდით ერთმანეთს.
-კარგად ხართ? - თავი ძლივსძლივობით დამიქნია, დაბლა ჩაღუნა და ქვითინი დაიწყო.
-გმადლობ, შვილო, გმადლობ. -უხეში, დახეთქილი ხელები სახეზე აიფარა.
-ყველაფერი რიგზეა?
-თოვლის ბრალია, თოვლის და... - თვალი გაუშტერდა, თითქოს ფიქრებში ჩაიკარგა და ჰორიზონტს მიღმა სულ სხვა რამეს, სხვა სამყაროს ხედავდა. - იმ წყეული ცეცხლის. ახლაც თვალწინ მიდგას, ყოველღამე მესიზმრება ის საშინელი ხანძარი, ჭვარტლის სუნი კვლავაც მიძნელებს სუნთქვას, თითქოს ფილტვები ყოველ წამს მეჭვარტლება, მაგრამ მათბობს კიდეც, ეს ცეცხლი მათბობს და ცივ ღამეებში მასზე ფიქრი, მისი შეგრძნება არ მაძლევს გათოშვისა და გაყინვის საშუალებას.
-რომელი ცეცხლი? - დავიბენი და მხოლოდ ამის კითხვა შევძელი.შემომხედა, მისი მზერა ახლაც მიდგას თვალწინ და, ალბათ, ვერასდროს დავივიწყებ. მისი თვალები უჩვეულო იყო, თითქოს მასში სიცოცხლე ჩაექროთ, ცისფერი თვალები განაცრისფერებოდა, გაფერმკთალებოდა, მხოლოდ ერთი რამის ამოკითხავს შეძლებდით მათში და ამის დანახვას დიდი ნიჭი ნამდვილად არ სჭირდებოდა. ეს იყო უდიდესი, ენით გამოუთქმელი და სიტყვით აუწერელი ტკივილის უზადო განცდა. ნანახმა შემძრა, ადგილზევე გამაქვავა,მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც შემდგომ მოვისმინე.
-დიდი ცეცხლი იყო. 80-იანი წლები. მთელი სახლი წალეკა, ყველაფერი გაანადგურა, ხის ერთი მორიც კი არ დატოვა. ყველაფერი რაც მებადა, მამაპაპისეული ძველი ხის სახლი, ტანსაცმელი, სარჩო-სანოვაგე, ყველაფერი დაიწვა და დაიფერფლა.
-ძალიან ვწუხვარ.
-ქუჩაში დავრჩი, ჩემმა ცოლმა მიმატოვა, აბა ჩემნაირი კაცი რად უნდოდა. როცა კაცს ქალის ელემენტარული უზრუნველყოფა, ოჯახის რჩენა და თავზე ჭერის შენახვა არ შეუძლია იქ სიყვარულიც ვეღარაფერს გახდება. ლამაზი ქალი იყო, ძალიან ლამაზი, აბა იმას ისე ვინ დატოვებდა, ადგა და წავიდა, გათხოვდა. არც ვამტყუვნებ, არ გავკიდებივარ. მითხრა საკუთარ თავს თუ არაფრად აგდებ, შვილების ცხოვრება მაინც ჩააგდე რამედო. მადლობელი ვარ, რომ ბავშვები მაინც იხსნა ამ გაჭირვებისგან. იმასთან წავიდა, ვინც ჭერი მისცა, მის შვილებს მომავალი შეუქმნა. თავისი შვილები და მათი კეთილდღეობა სხვა დანარჩენზე წინ დააყენა, ისე მოიქცა,როგორც ნამდვილი დედა, ალბათ, ყველა დედა ასე მოიქცეოდა. ვერ გავამტყუვნებ იმის გამო, რომ თავისი შვილები, ჩვენი შვილები ჩემზე წინ დააყენა.
  ვუსმენდი და უამრავი ფიქრი მომეძალა. მინდოდა მეკითხა: რატომ არ იბრძოლეთ, ბედს რატომ დანებდით, ოჯახისა და ცოლ-შვილის გამო, თქვენი ერთობის შესანარჩუნებლად რატომ არაფერი არ გააკეთეთ-მეთქი. რამდენადაც შეცოდებას იწვევდა ჩემში, იმდენადვე არ შემეძლო გამემართლებინა მისი ქმედებანი, მაგრამ უკვე მრავალი წელი გასულიყო, დროს ვერ დავაბრუნებდით და რაც ჩადენილია იმას ვერ შევცვლიდით, მას საკმარისი ძალა და შემართება არ ჰქონდა, ასეთ დროს ზედმეტი სიტყვები ადამიანს მოტივაციისა და სტიმულის გაჩენის მაგიერ უფრო ჩაკეტავს საკუთარ ნაჭუჭში. ახლა მას ყველაზე ნაკლებად სინანულის განცდა სჭირდებოდა, ამიტომ მხოლოდ ეს ვკითხე:
-თქვენი შვილები, მათ არ ნახულობთ? - თავი გააქნია და ისეთივე გაბზარული, სულისშემძვრელი ხმით მითხრა:
-პატარები იყვნენ, ძალიან პატარები, არ იციან მამამისი მე რომ ვარ. ბავშვობისას შორიდან ვუცქერდი ხოლმე, მერე ბინა შეიცვალეს და მათი ასავალ-დასავალი ვეღარსად გავიგე. ახლა დიდები იქნებიან, თითოეულ გამვლელს დაკვირვებით ვაკვირდები, ეგებ რომელიმეში საკუთარი შვილი ამოვიცნო, მაგრამ არ ვიცი, მეშინია ასე რომ მოხდეს მერე რაღას ვიზამ, რას ვეტყვი ან საერთოდ თუ შევძლებ რაიმის თქმას. - არ ვიცოდი იმ მომენტში რა მეთქვა, თუმცაღა ვიცი,რომ თითოეული სიტყვა, თითოეული ფრაზა განსაზღვრავს სწორედ ჩვენს ბედს, ჩვენს ცხოვრებას და ზოგჯერ მათი უთქმელობაც უდიდესი დანაშაულია, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა,რომ ხშირად არ იცი საჭირო დროს როგორ მოქცევა იქნებოდა უფრო უკეთესი, უფრო მომგებიანი და როდესაც ყველაფერი დამთავრდება, შემდეგ ფიქრობ მომხდარზე, იმ ათასობით ალტერნატივაზე, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო და საკუთარ თავს ეუბნები, აი ასე უნდა მოქცეულიყავი,შენ შეცდომა დაუშვი. ყველა უშვებს ასეთ შეცდომებს, გამარჯვებული კი ის გამოდის, ვინც ასეთ შეცდომებზე სწავლობს და არახელსაყრელობას უპირატესობად აქცევს.
  ბოლოს თვითონ მკითხა:
-სკოლაში კარგად სწავლობ?
-დიახ.
-ისწავლე, კარგად ისწავლე, მეც მეუბნებოდნენ თავის დროზე,მაგრამ არ ვუსმენდი. ვინც ნასწავლი კაცი დადგა, ყველამ მოიგო. მე კი აი სად ვარ, ქუჩაში მძინავს. - სიმწრით ჩაიცინა. ამ დროს ბავშვების ჟრიამულის ხმა მოისმა. - ბედნიერს მხდის მათი ეს სილაღე და სიხარული. თოვლის მოსვლა უხარიათ. თოვლის მოსვლა ყველას უხარია. - რაღაცნაირი დანანებით წარმოთქვა.
-თქვენ არა?
-მე? იყო დრო როცა მიხაროდა, ახლა უკვე აღარ. თოვლს სიცივე ახლავს, თუ გული სითბოთი გავს სავსე და მასში სიყმაწვილის, სიყვარულის ცეცხლი გიზგიზებს ამ სიცივეს ვერ გრძნობ, მაშინ თოვლი მოგწონს და მისი მოსვლაც გიხარია, მაგრამ ახლა მას ჩემთვის სიცივის მეტი არაფერი მოაქვს. ძნელია გაყინულ მიწაზე დაძინება, მაგრამ თოვლს მაინც თავისი დატვირთვა აქვს, ბავშვები გუნდაობენ, დიდები ბუზღუნებენ და მანქანების სახურავებიდან თოვლს წმენდენ, - გაეცინა, - ეს ჰგონიათ დიდი უბედურება და ამიტომ არ უყვართ თოვლი, რომ ნელა და ფრთხილად უნდა იარონ ქუჩაში, სადმე ფეხი არ აუსრიალდეთ და ძირს არ დაეცნენ, თავიანთი ძვირადღირებული ტანისამოსი არ გააფუჭონ. - თავი გააქნია, - მაგრამ, აი უყურებ ქალაქს და მაინც ერთი დასკვნა გამოგაქვს, იცი ეს რა არის?
-ის,რომ ქალაქს თოვლი უხარია?
-ჰო, ასეა, - გაიღიმა და ეს ღიმილი არ იყო ის იაფასიანი, მლიქვნელური ღიმილი ამ ბოლო დროს ხშირად რომ ვხვდებით ხოლმე, ის იყო ნამდვილი, გულწრფელი ღრმა სევდითა და მგრძნობელობით გაჯერებული ღიმილი, - მართლაც ჭკვიანი ბიჭი ყოფილხარ, სწორია, ქალაქს თოვლი უხარია.
  დარჩენილ აღმართს გავხედე. მალე სკოლა დაიწყებოდა. მიმძიმდა მისი დატოვება. ცხოვრებაში უამრავ ადამიანთან გვიწევს შეხვედრა, ცოტა თუ მოახდენს ჩვენზე ზეგავლენას, ზოგიერთს ჩვენი ცხოვრების შეცვლაც კი შეუძლიათ, არ აქვს მნიშვნელობა ეს შეხვედრა წუთიერია თუ რამდენიმე თვეს, ან წელიწადს გრძელდება. უბრალოდ ზოგიერთი ასეთი შეხვედრა სამუდამოდ გვცვლის და უფრო უკეთეს პიროვნებებად გვაყალიბებს, რაღაცას გვძენს, რაღაცას გვიტოვებს და ხშირად საკუთარი თავის, ადგილისა და მნიშვნელობის პოვნაშიც გვეხმარება. გვახსენებს, რომ იღბლიანები ვართ, რადგან გვაქვს ის, რაც სხვას არ გააჩნია, ისეთი უბრალო და მოსაწყენი რამ, რისთვისაც სხვები ნახევარ სიცოცხლეს დათმობდნენ, რასაც ოჯახი, მშობლები, შვილები, მეგობრები, სახლი და სამსახური ჰქვია.
-უნდა წავიდე. - ვუთხარი ჩუმად, სევდანარევი ხმით.
-წადი შვილო, მადლობელი ვარ, ამ საუკუნეში ისიც ძნელი და დასაფასებელია უბრალოდ ვინმემ რომ მოგისმინოს და შენი გასაჭირი გულთან მიიტანოს, ახლა ყველა ყველაფერს ცივად უყურებს, ხალხი უგრძნობი გახდა.
-მშვიდობით.
-მშვიდობით. - მითხრა და გავშორდი. ჩაფიქრებული მივუყვებოდი მთაწმინდის აღმართს. ერთხანს შევდექი და უკან მოვიხედე. მოხუცი წამომდგარიყო და დაღმართს ნელ-ნელა ძალდატანებით მიუყვებოდა. მომხდარმა ჩემზე იმოქმედა, საერთოდ გარეგანად არაფერს ვიმჩნევ ხოლმე, მაგრამ, ალბათ, იმ დღეს რაღაც მაინც მეტყობოდა. ფანჯრიდან ვუცქერდი თოვლის ფიფქებსა და ჭადრის გაშიშვლებულ ტოტებს,რომლებიც თითქოს ჩვენკენ ისწრაფვიან, დასახმარებლად ხელებს გვიშვერენ, მაგრამ დისტანციის გამო მაინც ვერ ვეხმარებით და ასე გრძელდება ეს უკვე საუკუნეზე მეტია, ყოველ წელს, ყოველ ზამთარს.
-რა გჭირს? - მკითხა თანაკლასელმა.
-არაფერი.
-კაი რა, ნუ ხარ ეგრე, რა მოხდა?
-არაფერი-მეთქი, ხომ გითხარი. - შევხედე და სევდიანად გავუღიმე. გამშორდა და ისევ მარტო დავრჩი ჩემს ფიქრებთან, თოვლის ფიფქებთან და ჭადრის გაშიშვლებულ ტოტებთან, რომლებსაც წამიერად მომეჩვენა, რომ ცეცხლი ეკიდათ, ისეთი ცეცხლი 80-იან წლებში რომ იყო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი