რაც უნდა მეთქვა...


გაზაფხულია, დღევანდელი ღამეა მშვიდი,
დღეს სიწყნარეა, ქარიშხლების მოლოდინში ვარ.
არვისთან, არსად, არასოდეს ვყოფილვარ ფლიდი,
ამ სიტყვებს მე ვწერ — ჩემზე მეტად მელანქოლია.

მეტი რაღარა დამრჩენია  შევხედო სარკეს,
სარკეს, რომელშიც ანარეკლი აღარ გავს ჩემს თავს.
ფიქრებს აღმიძრავს წვიმის წვეთი, მუსიკად მჟღერი,
და მის ნიაღვარს გავაყოლებ დარდსა და სევდას.

გაართობ მზერას — თვალს ვერ მოწყვეტ ატმის ყვავილებს,
აყვავებისკენ მისწრაფებულ კვირტების ხეთქვას,
და კვლავაც ვეძებ ხელჩასაჭიდს, თუნდ ხავსის ნაწყვეტს,
იმის სათქმელად, რაც ვერ გითხარ, რაც უნდა მეთქვა.

თქეშია გარეთ, რას გაუგებ არეულ ამინდს,
ვერც მე გამიგებ, მეც ვერ ვუგებ არეულ ჩემს თავს.
ვერც საქციელით, ვერც სიტყვებით, ვერცა კალამით 
კვლავაც ვერ გითხარ დიდი ხნის წინ, რაც უნდა მეთქვა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი