სხვა დროა ახლა
როგორ წავართვით ბავშვებს ბავშვობა, ჩვენს მოხუცებს კი ტკბილი სიბერე. იესოს აღთქმულ ჯვარის ტარებას იუდას ვერცხლი როგორ ვარჩიეთ. ვზივარ და ვფიქრობ, თუ რა დავკარგეთ, რატომ გაცივდა მხურვალე გრძნობა. გაჭირვებაში რომ გავიზარდეთ, მაგრამ ერთურთზე შეგვეძლო ზრუნვა. ღამის წყვდიადში ციცინათელებს მშობლებისათვის დავდევდით ლხენით. ცოდვით ბუნება ისე დავღალეთ, მათი დანახვაც გვაქვს სანატრელი. ბევრი მინახავს, არც ისე ხნიერს, მჯერა და ვიცი — ბევრს აწი ვნახავ. მინახავს დები ერთსა პერანგში, ძმები ძმურად რომ იყოფდნენ ლუკმას. რა სიხარული ახლდა იმ ფიფქებს, ზამთრის მოსვლას და ციგის ძიებას. დაგვღამებია სრიალში ბავშვებს, უფრო ცივია ზამთარი ახლა. როგორ ვივიწყებთ მოხუცთა სიბრძნეს, ბუხართან ნათხრობს ალის ცეკვაში. ახლა მოსმენას თხრობა ვარჩიეთ, ახლა სხვა დროა — ამის ძახილში. ასე გაცივდა მხურვალე გრძნობა, ციცინათელაც აღარ ჩანს არსად. ახლა ზამთარიც მეტად ცივია, ახლა სხვა დროა, სხვა დროა ახლა. ასე წავართვით ბავშვებს ბავშვობა, ჩვენს მოხუცებს კი ტკბილი სიბერე. იესოს მძიმე ჯვარის ტარებას ისევ იუდას ვერცხლი ვარჩიეთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი