ლეჩხუმი


ქართველობაზე თავს დამიდებ, დახარჯავ სიტყვებს.
მაგრამ რატომღაც ეჭვქვეშაა ეგ შენი სიტყვაც.
შემირცხვენია მე ისეთი ქართველი კაცი
ვინაც არ იცის ამ ქართული კუთხის ლაზათი.

ლეჩხუმს რომ რაჭას შემიდარებ ან თუნდაც სვანეთს,
ნუ გაიკვირვებ, რომ ძარღვებში სისხლი ადუღდა.
რაღა უნდა თქვა შენ ამაზე გულის სატკენი,
რომ მე მიკარგავ ჩემი კუთხის წესსა და ადათს.

შენ არ გინახავს დალოცვილი ეს მიწა წყალი,
აქაურობას არ აკლია მადლი უფლისა.
მოგისმენია? აქაური სიტყვა პასუხი,
ხუმრობაში რომ უამრავი სიმართლე ითქვა.

არც ბიძაჩემი არ გინახავს სასხლავით ხელში,
ფერებ-ღიღინით რომ დაუვლის ვაზების მწკრივებს,
არ გაგისინჯავს მისი ღვინო მამაპაპური,
სიყვარულისთვის გულს აგინთებს, დალევის შემდეგ.

არც აქაური მასპინძლობა არ გინახია,
სტუმარს რომ ღმერთად მონათლავენ მოსვლის წამიდან,
აქ წერეთელმაც საყვედურზე თავი იმართლა,
უტკბილესნი ხართ ამიტომაც მოვედი გვიან.

არც ჩვენი მგოსნის ლექსები გაქვს გადანაკითხი,
ჭაბუკობაში დაწერილი დიდი გრძნობებით,
არ წაგიკითხავს ბაზრობაზე, ცხენის წყლის პირას
და არ გიხილავს არც ბარდნალა გადაბარდნული.

რაო ძმობილო, ხომ არ შეგრცხვა შენი არცოდნის,
რომ არა იცი ამ ძირძველი კუთხის შესახებ,
თუ არც გაიტეხ შენს იხტიბარს წარბებს შემიკრავ
და არ მიიღებ ჩემს საყვედურს იუკადრისებ.

არცოდნა არის არცოდვაო, ქადაგებს რწმენა,
რწმენა რომელიც გულით დაგვაქვს თითვეულ ჩვენგანს.
აწი იცოდე მეგობარო, ლამაზ კუთხეზე,
ლეჩხუმელი ვარ და ვამაყობ, ყოველთვის-ყველგან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი