სხვა ქარი


არაფრით გამორჩეული საღამო-
 მზე ისევ ძველი მთის უკან
ათასჯერ გავლილ წრეზე.
ძველი პოეტების გავლილ გზებზე -ბოლო სხივები, მუქი ყვითელი. 
სულ არაფერი იცვლება
მეორე დღემდე- შემდეგ გაღვიძებამდე.

მხოლოდ ქარია თითქოს აქ უცხო-
შემოპარული  წმინდანივით 
ან ვირუსული კოდივით 
წესრიგის რომ გირღვევს  უღალატო კოსმიურობით.
სხვა ქვეყნის სიგრილე და სული რომ მოაქვს- უხილავი: 
ყვითელი ყვავილის , წითელი წიწაკის 
ხმელი დაფნის ან ნედნლი ტკბილი პიტნის
რომელიღაც  ბაზრის
ძველი ქალაქის გულიდან
სულ სხვანაირი სურნელებით.

ის  გზა  რომელიც აქამდე მოდის-
ავტობანების ,შენობების და ტყეების გავლით ,
აქ, ამ სახლამდე
- ეს შენში შესასვლელი გზაა 
 წმინდა და ზღაპრული.
დახუჭავ თვალებს და სხვების სუნთქვას იგრძნობ -შენს მკერდზე აცეკვებულს
ადამიანების,  განათებული  თვალებით და დაძარღვული ხელის მტევნებით
ანუ მიწის ადამიანების
ანუ   ცის ადამიანების 
ქაოსში ბედნიერი ადამიანების
და შენ მიხვდები რომ ეს მათი ქარია-
ეს მათი ქროლვაა და  შეგიძლია რომ შიგნით შეუშვა- შენში
სულ რამდენიმე წამი გაქვს  რომ ამით დატკბე 
საკმარისია ესეც.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი