-Casio-
-Casio- სკოლის მოსწავლე ვიყავი როდესაც მამამ საათი მაჩუქა. Casio, იაპონური , კვარცი, უბრალო. - მაშინ ასი დოლარი ღირდა ახლა ალბათ ფასი არც აქვს. მუქი ლურჯი ციფერბლატით, დაკაწრული მინით. რკინის სამაჯურით და სუსტი შესაკრავით. ადვილია გაიხსნას და ისე დაკარგო რომ ვერც მიხვდე- მაგრამ ეს არასდროს მომხდარა. ვერ დაკარგავ იმას რაც ნამდვილად გაჩუქეს. მისი ისრები სიბნელეში ისევ ანათებენ და ციცინათელებს მაგონებენ , ბავშვობაში რომ მაქვს ნანახი სოფლის ტყეში. ნეტავ როგორია ახლა ის იქაურობა. ნეტავ როგორია ახლა იქ ჩემი ბავშვობა. აქ ,ქალაქში კი ცოტა ციცინათელაა. გული დაგწყდება ამაზე რომ ბევრი იფიქრო. საათში ბევრი დროა მომწყვდეული. ამითიც შეიძლება გული გაგეკაწროს - დრო მარჯვნიდან მარცხნივ ბრუნავს. დრო , წრეზე და მუდამ შიგნიდან გარეთ მოძრაობს. ის მოძრაობს და ამიტომ ის უძრავია. ასეა ჩემ საათში. მამამ რომ მაჩუქა. წლებია ამ ისრებს დავყურებ, თითქოს ჩემი გულისცემაც მათ აჰყოლია. არასდროს გაფუჭებულა, მხოლოდ ელემენტს ვუცვლი წელიწადში ერთხელ. ამას ყოველთვის საკუთარი ხელით ვაკეთებ და ყოველთვის საკუთარ დაბადების დღეზე. დეკემბრის ბოლოს. ამ დროს ვფიქრობ რომ მამას ნაუქარ დროში ვბრუნდები. საკუთარი ნებით - - მე მამაში ვბრუნდები. თითქოს , თითქოს.. აი ამას კი ნამდვილად უნდა მოერიდოს კაცი. არ უნდა მიაწერო უცნაურობა იმას რაც სინამდვილეში არაფერია. საათი უბრალოდ საათია. თუნდაც ის მამის ნაჩუქარი იყოს. ერთადერთი ნამდვილი ამ ამბიდან მხოლოდ ის არის, რომ რაღაც ფასი ყველაფერს აქვს. და ქალაქში ძალიან ცოტა ციცინათელაა. 11/6/2019 2:39 AM
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი