რაღაც ცაში


წამით შეჩერდები ,
 ნაბიჯები გაიყინება 
აქ ყოფნა შედედდება
უსიტყვოდ რომ დაფიქრდე
უფიქროდ რომ დაინახო
შემთხვევითობა და მერე იქნება  აღმოჩენაც
-როგორც რაღაც ცაში
 როგორც რაღაც ასფალტის ხორკლიან ზედაპირზე.
მაშინ შეამჩნევ ძველ მინაწერს, რომელიღაც წიგნის ყდაზე. რბილი ფანქრით.
სიტყვები გაიწელება კალიგრაფიად და ყველა ნაცნობი გრძნობა გაკრთება ნაზად თითის წვერებზე
და შენ იფიქრებ რომ დენის წყარო ხარ
 იფიქრებ რომ სიტყვები ენერგიად შეგიძლია გადააქციო.

მაგრამ მანამდე ნიკოტინის ტკბილი სუნი დაუკითხავად გაგაბრუებს
და სიყვარულის ეიფორიას  გაგახსენებს ღრმა ბავშვობიდან
 გაგეღიმება
გაგახსენდება რომ საწამლავს მაშინ  კანფეტების გემო დაკრავდა 
ახლა კი მხოლოდ თავბრუს ხვევაა, რაც ისევ მიწას დაგიბრუნებს ასე სანატრელს.
ადგები, წლების წინ ნასწავლ სიმეტრიულ ნაბიჯებს გაიმეორებ 
იმათ შემთხვევით რომ მიჰყავდი აღმოჩენების მზიან ბილიკებზე, ხან მეჩხერ ტყეებში.
და მალე ფიქრიც დაბრუნდება 
და ყველა სიტყვა, ისევ აქ ყოფნის აღსაწერად გამოგადგება 
მხოლოდ ის ერთი, რაღაც-მინაწერივით
ის რაც ცაშია
დარჩება ისევ აღმოსაჩენი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი