ყველა ლექსი ვიღაცისთვის არის


ეს სამყარო დახეული წიგნი
ვინ იპოვნის იმ ფურცლებს და შეკრავს?
ეს სამყარო გაფლანგული ნიჭი
კაცი თურმე თვითმკვლელობას ბედავს
იკარგება უღმერთობით გონი
გაჯეტებით გაჯერების დროა
არც მიზანი, განათლება , ტონი
სამ სამ ვერცხლად გაყიდული ბრბოა
და არც მე ვარ განდეგილი ბერი
მუხლმოყრილი მზის სხივებთან მდგარი
შეცდომებიც დამიშვია ბევრი
და ცოდვების უთვალავი ჯარი
მაგრამ ლექსად ავჯაგრდები ზოგჯერ
ლექსი თუკი დამიწერა მუზამ
ცხენები კი ფანჯარასთან მოვლენ
და სიყვარულს აანთებენ ლურჯად
ყველას თავის პოეზია მოსდევს
ყველა ლექსი ვიღაცისთვის არი
მოვიკითხავ თმაშევერცხლილ მგოსნებს
მათი ცოდნის შემიღია კარი
და მაშინვე ამიტანა თრთოლვამ
მე მაშინვე მივხვდი ყველა სიტყვას
და მისმერე ნასვამივით ვბორგავ
და მისმერე პოეტივით ვრითმავ
ლექსის ბოლო დასაწყისად იყოს
ჩემი ლექსი სუნთქავს შენზე ფიქრობს
რომ ის კაცი წეღან რომ ვთქვი შენ ხარ
ვინც იმ ფურცლებს იპოვნის და შეკრავს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი