მდუმარე ლოცვა
ვხედავ ანარეკლს, საკუთარი თავის ნაქურდალს, კვირის მწუხრიდან ვემზადები - კვლავ საკვირაოდ, ვდაგავარ მიწაზე და თან ვწევარ ჩრდილში საკუთარ, იმიტირებულ ფრენით ვცდილობ შევკრა ირაო. შევიმოსები და აღსდგება ჩემში მესია, დავემგვანები ბნელ უღრანში ცოდვით დატორილს, ღამე კორიდას წესებივით უმკაცრესია, იღბალი ჩემი ემსგავსება ბედს მატადორის. მინდება თავი დავაღწიო უქირურგიოდ, როგორც იონამ, მესამე დღეს მუცელს ვეშაპის, სჯობს საკუთარ თავს ფერი უფრო მუქი ვურჩიო, და მოვიხადო სასჯელივით ცოდვის ეტაპი. ცოდვა - კეთრივით დამემართა - წლის ოცდაორი, ორასორმოცდახუთი დღის და წუთების უკან, დაბადებიდან ბედი მიწვევს მასთან საომრად და მატრიალებს მის კოლბაში - ვით ცენტრიფუგა. ბავშვივით თვალებ ამღვრეული ვებღაუჭები სევდას, ვერაფრით წარმოვიდგენ ჩემ თავს უმისოდ, ბედუინივით დამსკდარი მაქვს მზისგან ტუჩები, დედის რძესავით მასაზრდოებს სევდა კუმისით... მინდება თავი დამაღწიოს მელანქოლიამ, და სურვილების მოძალებამ შუაღამისას, ოქტომბრით სველი მივაშურებ ზღაპრულ ოლიანდრს, სადაც სურვილებს მძივებივით სულზე ავისხამ. თვალის ბადურებს შეეფინოს ნისლი ნოტიო, მწიფე სისველით ის ყოველთვის ახარებს რტოებს, იტყვიან, გულს ვერ მოუფრთხილდა იდიოტიო, და ვერც სიცოცხლეს - ისევ გულით ნახავერდოვნებს. მდუღარე სუნთქვაც სიწმინდეზე ისე დავადნე, რომ ჰაეროვნად სრიალებდა სისხლში სტიქია, საპნის ბუშტივით გასკდა გული, ოხ, ეს - სადარდე, ამ დასასრულის დასაწყისიც სწორედ იგია... ვწევარ... ვიღვიძებ...დილა... ღმერთი... ლოცვა... ყავა და... ცოდვა... შენდობა... პოეზია... მერე სხვა დილა... წარსულს, რომელსაც უკანასკნელ ლოცვას გავატან, ბედი, რომელიც უბედობას სჯობდა ნამდვილად. ბოლოს კი ისევ მარტო ვრჩები - ჩრდილთან საკუთარ, იმიტირებულ ფრენით ვცდილობ შევკრა ირაო... ვუმზერ ანარეკლს, საკუთარი თავის ნაქურდალს, მეღიმება და ვემზადები - კვლავ საკვირაოდ!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი