სიტყვავ სულის არტოებავ


“არცა განგცე სიქადულო”, სიტყვავ სულის არტოებავ,
თითზე მელნად დაგრეხილო, სისხლში სისხლად ჩანაწურო,
მირჩევნია კლარჯს ახსოვდე ასო-ასო, ლებან-ლებან,
ფერეიდნულ ჩანგზე თრთოდე არა-სალიტერატუროდ.

გეძებო და შეგიცნო და მოციქულად მომაქციო,
გაცივებულ საცეცხლურში დანაცრული უსაკმევლოდ,
ხანაც უნდა მაწიოკო, დააფასებს დრო ამ წიოკს,
ხანაც შემისისხლხორცო და ხანაც შემილექსისმრევლო.

რაც გადიდე ყოვლიერით - ყოველივე ამინ იყოს!
ბაირაღზე დამაგრებულ ზანზალაკის მელოდიად,
დარჩენილო სააქციოდ, საპროტესტოდ, სამიტინგოდ,
ქრისტესავით ნალახვრალო საფეშხუმე ევლოგიავ.

რწმენით რჯულში მომზირალო, დასაბამის – დასასრულო,
სისხლძარღვებში თავანკარად მორაკრაკევ და მტკივანო,
ეგვიპტეში მამელუქის სახესავით დაშაშრულო,
აფხაზეთო, სამაჩაბლოვ, კლარჯეთო და გურჯისტანო.

აქამდე რომ მოგიტანეს სიმღერად და მომატირეს,
ემკურნალე და ოქროსფრად ჩაეხვიე ხორხში ხელტარს,
როგორც ვაზი ჭიგოსა და ჭვარტლი ოდის დედა დირეს,
დედაბოძს რომ ენა ჰქონდეს რამდენ ტკივილს გაგვიმხელდა.

არ ეშვება ქარი მაინც, ამ ლერწამს და იმ კვიპაროსს,
დევიზია არდანდობა, - გეენური - ძველ-დენდური!
რადგან ლერწიც არ გაუსხლავს, მტკაველიც არ დაუბარავს,
დამჭკნარია სათნოება მასში სამოთხ-ედემური.

მორევია პონტოსი, თუ სიტყვა - ლაზურ-ლაჟვარდული,
მომრევია სნეულება შენეული პანდემიით,
სადაც წავალ - შებოჭილი, შეშლილი და გაბაწრული,
დამინდონ და არ ამოგჭრან ამ ხორხიდან გლანდებივით.

მირჩევნია სოფლის ბოლოს ნენეს გულზე მძივად ება,
ბაბას ყელის ძარღვზე ჭექდე არა-სალიტერატუროდ,
“არცა განგცეთ სიქადულო”, სიტყვავ სულის არტოებავ,
თითზე მელნად დაგრეხილო, სისხლში-სისხლად ჩანაწურო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი