ბავშვად ვრჩები


როგორ გათამამდით, კაცო,
ასაკს რომ მიზომავთ წლებით...
ჟამმა თუ სიბერე მამცნო,
განა, ბავშვად არა ვრჩები?!
განა, გულს არ უნდა ისევ
გარეთ ხეტიალი დღე-ღამ,
,,ამო, ჭამე - წადი მყისვე":
ასჯერ დამიძახოს დედამ...
ძველი აღმართი და ეზო
ისევ ავირბინო ცოცხლად,
ეკლით გავიკაწრო ხელი,
ფეხი ამიწითლოს ცოცხმა...
მერე შემაჩვენოს ქალმა,
არმად წაგეღოსო ვარდი,
გული დამიმშვიდოს ქარმა,
ქარსაც წაუღია დარდი...
წყარომ ჩამომბანოს სახე
ოფლად რომ მატყვია შიში,
შორ-შორს ვაცეცებდე თვალებს,
თვალებს უბოროტოს, გიშრის.
სული ამოვითქვა ოხვრით,
დავჯდე ბალახზე და ცაში
ჩუმად გავაპარო თვალი,
ღმერთთან პატიების თხოვნით...
მერე ღამდებაო მივხვდე,
ისევ ჩავირბინო გორა,
დედას შევეგებო: ,,აქ ვარ",
დედამ ამიწითლოს ლოყა...
-რატომ მაჯავრეო, სად ხარ,
არა დამიბარე რამე,
ეს რა ომგამოვლილს გავხარ,
ვინმემ ხომ არ გიყო რამე?!
-არა, დედი, შენთვის ვკრიფე
ვარდი წითელი და თეთრი,
წესით აღარ უნდა მსჯიდე,
შენ კი მაინც ისევ წყრები...
განა გულს არა სურს მყისვე
ეს დღე კიდევ დადგეს ერთხელ,
მივდევ, მოგონებებს მივდევ,
ვერ ვლევ, მოგონებებს ვერ ვლევ...
როგორ გათამამდით, კაცო,
უკვე ბერდებიო, მკადრებთ.
სანამ გულს უნდა და ვბავშვობ, 
ვიცი, სიბერეა ადრე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი