მანანა ჩიტიშვილს


,,…ნეტავ ჩვენ რომ 
                                        არ ვიქნებით იმ წელს,
                            რანაირი გაზაფხული მოვა…”
                                                                   მანანა 

კვლავ რომ აჟღერებთ, სიმიწკრიალა, 
მე ეგ ლირიკა უგონოდ შემშლის…
ასე მგონია, წიგნი კი არა,
თვით გაზაფხული მიჭირავს ხელში…

ასე მგონია, ვროკავ იფანთან,
ხან ზეფირი ვარ, ხანაც ვზღვაურობ,
ლეგა ჯანღები ქარმა მიფანტა 
და თვით მზე მიწვევს სამოგზაუროდ

და მეც მივდივარ ღრუბლების გზაზე,
ცასაც ვვიწროობ ამგვარ ლექსებით!
ხან მეციხოვნედ დავდგები ქსანზე,
ხან ჩვილ ბაგეებს ცეცხლად ვენთები…

დღეები რბიან ფუჭი იმედით
და ათვლილია ჩვენი წამზომიც…
სიტყვის ტაძარში, ვით ხატს, გიცქერდით,
არც ბერი ვიყავ, არც მონაზონი…

კანდელი თქვენი დრომ ვერ ჩაიწვა,
ნათელი მისი არის ულევი…
და ღმერთმა უწყის, როგორ არ მინდა
უთქვენლექსებო გაზაფხულები…

27.11.2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი