მთის სურათი


მთები, მთები ერთმანეთში არეული,
მელოდნენ თუ უცაბედად მიცნეს,
ჭალისპირას ვერცხლისფერი მანეული
მიპატიჟებს გაუვალი ტყისკენ…

დაგრეხილი ბილიკები ცხრად იშლება,
ცხრა ჩასუნთქვა ცხრა სიცოცხლეს უდრის…
სადაცაა ახოები გაიშლება,
მუდამ ბარს და თოხს და ოფლს რომ უცდის…

ეს ჯანღები ცის და მიწის ტიხარია…
უფალს ვმადლობ, ცის და მიწის შემწეს,
რომ ამ მთებში ყოფნა ისე მიხარია,
თითქოს მკლავზე ნანდაური მეწვეს…

მთები, მთები ვერავისგან დალეული,
როგორ შემხვდნენ, ანდა, როგორ მიცნეს…
ჭალისპირას ვერცხლისფერი მანეული
გაუვალი ტყეებისკენ მიწვევს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი