შემოდგომის სევდა


შემოდგომისას, როცა ხეს
ჩამოშორდება პირველი,
აკვნიდან მისი ნარწევი,
ხმელი ფოთოლი, ყვითელი...
როცა საზანდარს მომართავს,
წლის ასათვლელად წარსული,
როცა მთა-ბარი ცივ ზამთარს
ოქროსფერ გულ-მკერდს გაუშლის...
გაფრინდებიან მერცხლები,
ატირდებიან ქედნები
და თმებით, შენავერცხლებით,
შვილებს უცდიან დედები...
როცა მდინარის კალაპოტს
ცრემლი აზვირთებს ბუნების,
მარადი მესაფლავენი,
დუმან ნაძვების გუნდები...
როცა ფოთოლთა კოჰორტას 
შორით გაუკვლევს ბილიკებს
და შვილდაკარგულ ქალივით
ქარი დაძრწის და ქვითინებს...
ილევა მზე გაზაფხულის,
მზე შემოდგომის ივსება
და მიწა ძალაგამოცლილ
გლეხივით მიესვენება.
………..
თუმც ტკივილთ,
,,მწირი სოფლისა”,
ბრმა ტყვიასავით ვიცილებ,
შემოდგომაზე ითვლიან
ცრემლებს…
              დარდებს და…
                           წიწილებს…
და ვიწყენ როგორც ის ეზო,
მეც იმ სახლივით ვილევი,
სადაც ბებოსგან მიდიან
სტუმარი შვილიშვილები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი