წვიმს მეც ჩვეულად მოვისხი ლაბადა


წვიმს და მეც ჩვეულად მოვისხი ლაბადა,
და უხმოდ ვსაუბრობ უძირო თვალებთან,
შენ მოგწონს ჩავლილი გოგონას კაბა და...
მე ვარდებს ვყიდულობ ცინიკოს ქალებთან.
გავჭორავთ თეატრის მყვირალა აფიშებს,
ქუჩებით ვამცირებთ მანძილს და სავსეა,
ტუჩები რომელიც გამვლელებს აგიჟებს
ტუჩები, რომელიც ალუბლის მსგავსია
მოკირწყლულ ქვაფენილს ატყვია ბზარები,
წვიმისგან ნაპრალებს ივსებს და ხარბია,
ტალახის გუბეში სჩანს ნატერფალები
შენ კი ეს ქოლგა დღეს არაფრად გარგია....
წვიმს და მეც ლაბადა მოვისხი ჩვეულად,
საღამო განწყობებს ალაგებს ქუჩებში,
მზე გუშინდელივით დარჩება ეულად,
შენ კი წვიმის წვეთს ინახავ მუჭებში.
მოკირწყლულ ქვაფენილს ატყვია ბზარები,
მივყვებით აღმართს და გაცილებ სახლამდე,
შენ მშვიდად დახურე მუქი ხის კარები,
მე ტროტუარიდან გიმზერდი დაღლამდე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი