ბოშა გოგო ნონა
ზამთრის სუსხიან საღამოებში მზე ბოლოჯერ რომ ამოისუნთქებს და საბოლოოდ დაღაფავს სულს, ფანჯარასთან ჩამოვჯდები, გიტარის დანესტილ სიმებს ჩუმად მოვეფერები და ჩამუქებულ სინათლეში უხმოდ შევცქერი ხოლმე გადახრიოკებული გზის დასასრულს პატარა ხიდზე როგორ მიათრევს დანგრეული მატარებელი შემოდგომის წითელ-ყვითელი ფოთლებივით აფრიალებულ ვაგონებს. მერე საიდანღაც ფიქრები მოფარფატდებიან, გამხვევენ თეთრ კორიანტელში და რეალობას მოწყვეტილს ხან სად მამოგზაურებენ, ხანაც სად... გზაზე კანტიკუნტად თუ გაივლის რამდენიმე ადამიანი, ისეთივე უფერული, როგორიც ის ხრიოკი მიწა, რაზეც ინერტულად მიჰყვებიან ცხოვრების უღიმღამო რიტმს. ასეთი საღამოები ბავშვობას მაგონებს, ტკბილ-მწარე მოგონებებს... მახსოვს, გაზაფხულის მიწურულს გამოძინებული ბუნება ძალას რომ მოიკრეფდა ხოლმე, მშობლიური რაიონის მამა-პაპური სახლის წინკართან დაბარებულივით ფერადად ჩაცმული და სხეულზე უამრავ სამკაულასხმული ქალები ჩამოჰყვებოდნენ მზის პირველ სხივებს, ერთნაირი კანის ფერით, ზურგზე მოკიდებული ბავშვებითა და ჭრელაჭრულა აბრეშუმის თავშლებით. შემოხსნიდნენ ჭიშკარს და ომახიანად შესჭყივლებდნენ: -ხაზიაიკააა... ხმას თუ გასცემდი, დახმარებას გთხოვდნენ, სანაცვლოდ მკითხაობას შემოგთავაზებდნენ და ისევე სწრაფად და შეუმჩნევლად აორთქლდებოდნენ, როგორც წელიწადის ამ პერიოდში გამოღვიძებული ხის ფუღუროებში ჩაგუბებული ზამთრის ნაღვენთი სევდა. სიღარიბის მუქი ფერებით მოსილ ხალხს მალე მობეზრდა აბეზარი სტუმრები და მათ დასაფრთხობად ჭიშკრებიც უსახსრობისგან გაქვავებული გულის კარებივით ამოიკეტეს. როგორც კი უბნის თავში ბოშები გამოჩნდებოდნენ, მაშინვე შიკრიკს აფრენდნენ ქვემო უბანში - „ციგნები მოდიანო.“ ჩვენც საგულდაგულოდ ჩავრაზავდით კარებს, ფარდებს ჩამოვუშვებდით და ომახიან ჭყივილზე აწ უკვე სამარისებური სიჩუმით ვპასუხობდით. სიტყვა ბოშების რუსულმა შესატყვისმაც ავისმომასწავებელი, მდაბიო კონოტაცია მიიღო და ნელ-ნელა ამოიძულა ხალხმა ისინი. მერე თანდათანობით კოშმარები დამჩემდა - მესიზმრებოდა როგორ მოდიოდნენ ღამღამობით ჩემს ფანჯარასთან ფერადი, ჭრელ სამოსში გამოწყობილი ქალები და სახეზე ნიღბებაფარებულნი თავიანთი გრძელი ფრჩხილებით ნელა და გულის გამაწვრილებლად კაწრიდნენ მინას. კოშმარები წლების მატებასთან ერთად გადამფრენი ფრინველებით გაუჩინარდნენ ჩემი ცნობიერებიდან, მალე უნივერსიტეტშიც ჩავაბარე და დედაქალაქში ჩამოვედი საცხოვრებლად. თსუ-დან სახლისკენ მიმავალ ცენტრალურ ქუჩაზე ხშირად მხვდებოდნენ ხოლმე ფერადი ბოშა ბავშვები, ისინიც ფულს და საკვებს ითხოვდნენ გამუდმებით. დიდი ყურადღება არასდროს მიმიქცევია, გამოწვდილ ხელზე პასუხად ღიმილს შევაგებებდი, მორცხვად მოვუბოდიშებდი და სულგანაბული ველოდებოდი როდის მომაწევდნენ უკნიდან კუთვნილ ლანძღვა-გინებას დამტვრეული ქართულით. მესამე კურსზე ეგზისტენციალური კრიზისი რომ გამიმწვავდა, ჩემს არანკლებ ფერად მეგობრებთან ერთად მიწისქვეშა გადასასვლელში დავიწყე დაკვრა. ჩვენი პატარა სცენა იყო, ანაზღაურების მიზერული პერსპექტივით. პირველად ჩასვლა იმდენად მრცხვენოდა, რომ სიმღერის დროს კონცენტრაციას ფაქტიურად ვერ ვახდენდი, მერე სიახლეების საწყისი ფორმით მიღებას შევეჩვიე, ხალხის აზრიც ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა და „ანდერგრაუნიდის“ მეამბოხე ხელოვნებაში მთელი არსებით გადავეშვი. უნივერსიტეტის უსამართლო სისტემისა და ჩემი დეპრესიისგან დაღლილმა ლექციების გაცდენაც დავიწყე. მოვიკიდებდით ხოლმე გიტარებს მე და ჩემი მეგობრები, შევარჩევდით ხალხმრავალ „პადზემკას“ და საღამომდე ვუბერავდით თანამედროვე თუ კლასიკოსი როკ შემსრულებლების მიერ შექმნილი მაგიური მუსიკის ჰანგებს. მოსასმენადაც ხშირად მოდიოდა ხალხი, ფულს გვჩუქნიდნენ, გულწრფელ ღიმილს ხანდახან კი ამრეზილ, უხეშ მზერას. ნონა ისეთი ფერადი არ იყო, როგორიც მისი თანამოძმეები. მოჩაჩული სამოსი ეცვა, სამჯერ დიდი ზომის იასამნისფერი ჩუსტები და მომურულ სახეზე დიდი, კეთილი თვალები უბრდღვიალებდა. პირველად მორცხვად მოვიდა ჩვენს მოსასმენად, ფეხებგაჩაჩხული დადგა ჩვენ წინ და ექსპერტის ინტერესით გვიყურებდა ნირვანაში გადასულები როგორ ვუკრავდით რომელიღაც მორიგ ჰიტს. სიმღერა რომ დავამთავრეთ თბილად გაგვიღიმა, თავისი დიდრონი თვალები ეშმაკურად შემოგვანათა, ჭუჭყიან, პაწაწა ხელში მოგროვილი ხურდები გიტარის შალითაზე დაგვიყარა და მხიარული კისკისით გაიქცა კიბისკენ. მას მერე ხშირად გვსტუმრობდა ხოლმე, თანდათანობით ყინულიც გავალღვეთ და ბოლოს ქუჩაში შემხვედრს უკვე სამხედრო სალმით ვეგებებოდით უაზროდ გაკრეჭილები. მისი წყალობით ქუჩაში მიმავალს ბოშა ბავშვები აღარ გვლანძღავდნენ, ჩვენს დანახვაზე ონავრულად გაიღიმებდნენ და ნონას წაუქიმუნჯებდნენ ფერდებში. რამდენიმე თვე გასტანა ჩვენი და ნონას მეგობრობამ, მერე კი მოულოდნელად სადღაც გაქრა. აღარც ჩვენს მოსასმენად ჩამოდიოდა მიწის ქვეშ და ვეღარც გზაზე გავლისას ვხედავდი თანამოძმეებთან ერთად. რამდენჯერმე ვიკითხე კიდეც მისი ავან-ჩავანი, თუმცაღა პასუხი არ მიმიღია, არავინ არაფერი იცოდა მის შესახებ. უნივერსიტეტის დამთავრებიდან უკვე სამი წელი გავიდა, ათასმა წყალმა ჩაიარა და ქუჩაში ბოშების დანახვაზე ნონას შესახებ მოგონებებიც გაზაფხულზე ხეში ზამთრის სევდად ნაღვენთი თოვლივით აორთქლდენ. რამდენიმე დღის წინ რუსთაველზე მომიწია გასვლა მეგობრის სანახავად, ყურთსასმენებიდან გადმოღვრილი მუსიკის ჰანგებით გაბრუებული ჩაფიქრებული მივაბიჯებდი გზაზე, როდესაც სადარბაზოდან პირდაპირ ფეხებში მოზარდი გოგონა ჩამიხტა. ხელი გამომიწოდა და დახმარება მთხოვა. უხერხულად შევიშმუშნე და უხმოდ ჩავლა დავაპირე, მაგრამ საითაც გადავდგი ფეხი, გზა მომიჭრა. ყურთსასმენები მოვიხსენი და ის იყო, მკაცრად ვაპირებდი დახმარებაზე უარის თქმას რომ ნაცნობი ბრდღვიალა თვალებით თოთხმეტიოდე წლის მოზარდმა შემომანათა, ცალი ხელით თხოვნის ნიშნად ყელთან კანი ოდნავ გამოიწია და სევდიანად გამიღიმა. ნონა იყო... სიხარულით მივესალმე, მოვიკითხე, რამხელა გოგო გაზრდილხარ მეთქი, მაგრამ ვეღარ მიცნო. სახეზე სევდიან ღიმილ შეყინული უხმოდ მთხოვდა მოწყალებას. უპასუხოდ ჩავუარე... ფსიქიატრიული საავადმყოოს დერეფანში ფანჯარასთან ვდგავარ, მზის სხივებით თვალმოჭრილი ჩაფიქრებული გავყურებ ჰორიზონტად ჩაწოლილ მთის წვერებს. დერეფნის კარის ხმა გაისმა. -ვაჰ, გიორგი, რას უყურებ ასეთი სევდიანი თვალებით? - დირექტორის ომახიანი ხმა შემომესმა. -შორეთს, ბატონო ბიძინა. -სადაა მანდ შორეთი, ჩვენი საავადმყოფოს კედლების მეტი არაფერი მოჩანს;_მხიარულად გადაიხარხარა. -როგორ არა, შორს ლამაზი მთებია... გილოცავთ ახალ წელს! ხელი ჩამომართვა, ხალისიანად მომილოცა ახალი წელი, მეორე ხელი მხარზე მეგობრულად მომირტყა და ხმაურიანი ნაბიჯებით გააგრძელა გზა... მიუხედავად იმისა რომ დღეს არ ცივა, ჩემთან ისევ ზამთრის სუსხიანი საღამოა, გუნებაში ჩუმად ვეფერები გიტარის დანესტილ სიმებს და ჩამუქებულ სინათლეში უხმოდ შევცქერი გადახრიოკებული გზის დასასრულს პატარა ხიდზე როგორ მიათრევს დანგრეული მატარებელი შემოდგომის წითელ-ყვითელი ფოთლებივით აფრიალებულ ვაგონებს. აღარც ის სიმღერა მახსოვს, რომელსაც ამ რამდენიმე წლის წინ ვუკრავდი და აღარც ბევრი ის ტკბილ-მწარე მოგონება მაშინ რომ გადამხდა თავს, მაგრამ მახსოვს ნონა, რომელსაც მე აღარ ვახსოვარ... გიორგი მინასიდი 03.01.2017წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
571036111 /
ani.atanezovi.1@iliauni.edu.ge