ბუხრის წინ საკითხავი მოგონებები ბებოზე


ბავშვობაში საზაფხულო არდადეგების დადგომა მარტო იმიტომ მიხაროდა, პირველივე შესაძლო შანსზე ბებოსთან რომ გავქცეულიყავით ქიზიყის ერთ-ერთ პატარა, მიყრუებულ სოფელში. აიღებდა თუ არა მამაჩემი ხელფასს, დედა საგულდაგულოდ გამოგვაწყობდა საზაფხულო თავგადასავლებისთვის, უეთენია გავარვარებულ, მტვრიან ავტობუსში ჩავსხდებოდით და ჰაიდა, ბებოსკენ!..

მიუხედავად იმისა, რომ სახლში ბებიაჩემის გარდა ორი დეიდა და პაპა ცხოვრობ(დნ)ენ ადგილის მსაზღვრელად დღემდე მაინც ბებოს სოფელს ვიყენებ, ასე უფრო ტკბილად ჟღერს...
სოფელი სიღნაღის რაიონში, მაღალმთიან ადგილზე არის გაშენებული. ახლა, როდესაც ტურისტებსა და სიყვარულის მოყვარულებს მხოლოდ სიღნაღი ახსოვთ, შეიძლება ვერც შეამჩნიონ სანუკვარ ქალაქში მიმავალ ვიწრო ტრასაზე შესახვევი წარწერით - „დათო კრაწაშვილის ქუჩა...“ სწორედ აქედან იწყება ჭოტორის დასახლება.

ჩემი რაიონის რუტინასთან შედარებით იქაური ცხოვრება ყოველთვის ამაღელვებელი და საინტერესო იყო. ბებოს ბევრი ხე ედგა და სახლში უამრავი ცხოველი და ფრინველიც ყავდა. დღემდე ერთი სიამოვნებაა ცხელ ზაფხულში უთენია გარეთ გამოსვლა და ჩიტების ულამაზესი ჟღურტულის მოსმენა, დესერტად სუფთა ჰაერის პერსპექტივით.

როგორც ჩანს, დედულ-მამულეთი ჩვენი ოჯახის გარდა სხვებსაც ძალიან უყვარდათ, შესაბამისად ზაფხულობით იქაურობა ყოველთვის სავსე იყო დამსვენებლებითა და მათი ძვირფასი პირმშოებით. როგორც ადგილობრივები დღემდე ხუმრობით უწოდებენ, ე.წ „დაჩნიკებით...“ მოსაწყენიც ნამდვილად არ გვქონდა ბავშვებს, საუზმის მერე ბებო იშვიათად თუ მოგვკრავდა თვალს სადმე ხიდან ხეზე მხტომარეს, მაისურსა და შარვალში ისრებგარჭობილს, მშვილდით ხელში და თავზე ინდაურის ბუმბულით.

_სულ გამიპუტეთ ინდაურები,_ ჯავრობდა ბებო; _ მოდით ჭამეთ მაინც.

ცოტა რომ მოვიზარდეთ და ჰორმონებმა ჩუხჩუხი დაიწყო საბავშვო გასართობები შუაღამემდე „ბირჟაზე“ ჯდომამ, ტელეფონებმა და სასიყვარულო ისტორიებმა ჩაანაცვლა. ვისხედით საათობით და „ინდიელობანას“ ნაცვლად „ნამიოკობანათი,“ „გაფუჭებულ ტელეფონითა“ და სხვა გასართობი თამაშებით ვიქცევდით თავს.

სკოლა რომ დავამთავრე, მშობლიურ რაიონზე მეტად სოფლის დათმობა გამიჭირდა. საუნივერსიტეტო რეჟიმის გადამკიდე იშვიათად თუ ვახერხებდი იქ ჩასვლას, ზაფხულის არდადეგები ბებომ დედას გაუნაწილა, მასაც ხომ ვენატრებოდი ხოლმე... თუმცაღა, მეც და ისინიც ნელ-ნელა მივეჩვიეთ უერთმანეთობას და ყოველდღიურობაში გათქვეფილები ინერტულად განვაგრძობდით ცხოვრებას მანამდე, სანამ პაპას გარდაცვალების ამბავი გავიგე... ცრემლი არ წამომვარდნია, ისევე როგორც ყველას, ალბათ, მეც არ მჯეროდა, რომ ადამიანი, რომელმაც ჩემს არსებობას დასაბამი მისცა ამქვეყნად აღარ იქნებოდა... არც მაშინ მიტირია საჭირისუფლოში მჯდომ აქვითინებულ დედას, დეიდებსა და ბებოს რომ ჩავეხუტე თბილისიდან ჩასული და მიცვალებულების მიმართ ირაციონალური შიშის მიუხედავად, პაპის გაყინულ სხეულს საბოლოოდ გავაპარე თვალი... ყველაზე მძიმე სასახლის სპეციალურად გაჭრილ ორმოში ჩასვენების პროვესი გამოდგა და ტრადიციის მიხედვით მუჭა მიწის საფლავში ჩაყრა. აი, მაშინ კი ვეღარ შევიკავე დაგუბებული ემოციები და თავმოუხდელი, მდუღარე ქვაბიდან ამოვარდნილი ორთქლივით ერთიანად გამოვუშვი გარეთ. იმ დღის მერე ჩემს გულში პატარა სიცარელე გაჩნდა, რომლის ამოვსებას ვერც დრო ახერხებს და ვერც მორიგი ცხოვრებისეული სიკეთეები.

ახლა შემოდგომაა და წლების მერე პირველად, წელიწადის ამ დროს ისევ მოვახერხე ჩემებთან სტუმრობა. ბებოს სახლი სოფლის განაპირას დგას, როგორც ადგილობრივები უწოდებენ - „ტყი პირში.“ შემოდგომის სუსხი სახლის დაძველებულ კედლებს სინესტეს რომ შეაპარებს, ბებო უთენია წამოხტება ხოლმე და „დაჩნიკებისთვის“ მამაპაპურ ღუმელს გაავარვარებს, სითბოში რომ გავიღვიძოთ და ლოგინიდან გამოძვრომაზე არ ვიწუწუნოთ. წვიმიან დღეებში შემოვუსხდებით ხოლმე ღუმელს გარშემო და მასზე რკინის სათლით შემოდგმული წყლის შიშინში ერთმანეთს ჩვენ ჩვენს ამბებს ვუყვებით. მხოლოდ მე და ბებო თუ მოვეტანეთ, გადმოიღებს სართავს, ასაკის მიუხედავად მარჯვედ აიქნევს ფაროებს და საკუთარ ახალგაზრდობაზე, სოფლის ჭორებზე ან „ქალაქურ“ ამბებზე მესაუბრება, თან ისევ თბილად მარიგებს ჭკვაზე. ალბათ, არ ვემეტები გასაზრდელად. ბებოსაც მძიმე ცხოვრება ჰქონდა, გაჭირვებაც გამოიარა, ახლობელი ადამიანების დაკარგვით გამოწვეული უდიდესი ტკივილიც და კიდევ ათასი რამ, რაზეც საქმეში გართული ხშირად ფიქრობს ხოლმე დამწუხრებული სახით და რასაც ჩემი გონება, ალბათ, ვერასდროს ჩასწვდება... მიუხედავად იმისა რომ ასაკშია, სხვა ბებოებთან შედარებით უფრო მეტი ნაოჭი აქვს სახეზე ტკივილებად დაგროვილი, წელშიც უფრო მეტად არის მოხრილი და უკვე წლებია იშვიათად იხდის დათალხულ ტანსაცმელს. ხშირად წამოიწუწუნებს ხოლმე „აბა, ჩემ ცხოვრებაი რა აზრი აქო,“ მეც ფრთხილად ვაპარებ, რომ ამხელა შთამომავლობა გაზარდა, ამქვეყად თავისი კვალი დატოვა და თუნდაც ამით უნდა იყოს ბედნიერი. ჩემს ნათქვამს შეუმჩნეველი ღიმილი და რამდენიმე წუთიანი სიჩუმე მოჰყვება ხოლმე...

დღეს უკვე თბილისში ვარ და გზაში წვიმა შემომეგება. თუმცაღა, აქაურ წვიმას სხვა გემო აქვს, ისეთი გემრიელი არ არის, როგორც სოფელში, ბებოსთან. ვზივარ ფანჯარასთან და საიდანღაც მოფრენილ უმიზეზო დარდებს ფურცლებზე ვაფრქვევ. ყველა ყოფით ტკივილთან ერთად, ალბათ, აღარ მომწონს რომ საყვარელი ადგილი, რომელიც წლების წინ ჟრიამულისა და სიხარულის ბუდე იყო, ახლა მხოლოდ სენტიმენტებსა და უმიზეზო ნაღველს აღმიძრავს, ახლობელი ადამიანების მონატრებასთან შეზავებული პერიოდულად რომ შემახსენებს ხოლმე თავს, სადაც არ უნდა ვიყო...

ასეა, დრო გადის, ადამიანები ვიცვლებით, ცხოვრების ქარცეცხლში სხვადასხვა ყალიბს ნაღვენთ ცვილად ვედებით და ბუტაფორიული ყოფიერებით ვიკვებებით, რაც უცვლელი და მარადიულია კი ისევ უყალიბოდ და ხისტად ჩვეულ ფორმაში რჩება - სოფელი, ბებო და ბავშვობის ტკბილი მოგონებები... ❤

19. 10. 2016 წ.
გიორგი მინასიდი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი