ფერადი კენჭები
ოდესმე ის დღეც დადგება შემოდგომის უფოთლო ხესავით შემოძარცვული ბავშვურად რომ ჩაგჭიდებ ხელს და ზაფხულის მზით გავარვარებულ ქვაფენილს ხტუნვა-ხტუნვით დავუყვებით შილიფად შემოსილები. გზის ბოლოს აქაფებულ ზღვას მივადგებით, ფეხებს ბავშვურად ავადგაფუნებთ წყალში და ბევრს ვიკისკისებთ ტალღების ღრიალში. მერე დაღლილები უხმოდ ჩამოვსხდებით ნაპირზე, ზღვით გამორიყულ ფერად კენჭებს შევაგროვებთ და აზვირთებული წყლის ნაკადში მოვისვრით, ზოგსაც ჯიბეში შევინახავთ საგზლად რომ ვიმყოფინოთ დასალიერამდე ხეტიალის დროს. შებინდებისას ერთფეროვნებით გადაღლილები ისევ ჩავჭიდებთ ერთმანეთს გამთბარ ხელებს და გზას ჩვენი ნატერფალით გავაძღებთ. ათას მთას გადავივლით, ათას მინდორს... გზად სათიბის მარწყვს დავკრეფთ შიმშილის მოსაკლავად და გამვლელებს სანაპიროზე შეგროვებულ ფერად კენჭებს ჩამოვურიგებთ. ჰორიზონტზე, სადაც უსიერი ტყე ბილიკს ორად ყოფს, თბილად ჩაგეხუტები და კიდევ ერთხელ გამოგემშვიდობები, გაგიშვებ შენი გზით... ამჯერად აღარ დავბრუნდები, მოვიგდებ ჩემს გახუნებულ შლაპას აქოჩრილ თმაზე და მარტო დავუყვები ბილიკს სახლამდე. მეორე დილას, დაღლილი მზე მორცხვად რომ ამოიწვერება და გზას გამინათებს, ისევ შილიფად შევიმოსები, ჯიბეში ხელებს ჩავიწყობ და მშვიდად გავუყვები ღიღილოებით მოკირწყლულ ბილიკს ზღვისაკენ. ჩამოვჯდები სანაპიროზე და ტალღების ღრიალში წყლით გამორიყულ ახალ-ახალ კენჭებს შევაგროვებ. აღარც შენ მემახსოვრები, აღარც გუშინდელი დღე და ალბათ, აღარც ის ქვები ერთად რომ ვაგროვებდით. მერე ისევ გავუყვები უკან ჰორიზონტს, ათას მთას გადავივლი, ათას მინდორს. გზად სათიბის მაწყვს დავკრეფ შიმშილის მოსაკლავად და გამვლელებს სანაპიროზე შეგროვებულ ფერად კენჭებს ჩამოვურიგებ. და ერთ დღესაც, ერთფეროვნება რომ მომბეზრდება, ბევრს აღარ ვიფიქრებ, ავდგები და ამ აზვირთულ ტალღებში ჩავიხრჩობ თავს... მანამდე კი სულ ერთი წამით, ბოლო ამოსუნთქვისას ისევ შენ გამახსენდები და ის კენჭები გუშინ ერთად რომ ვაგროვებდით შემოდგომის უფოთლო ხეებივით შემოძარცვული ხელებით... გიორგი მინასიდი 17.01. 2017წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი