მე გადავწყვიტე ვწერო
(მე) ამ საღამოს, მე გადავწყვიტე ვწერო. დავიწყე, თუმცა მაშინვე მივხვდი, რომ ვერ ვწერ იმას, რასაც მინდა რომ ვწერდე. საშინელებეთა ფილმის მსახიობი მგონია თავი. ტელევიზორი თუ მიშველის - მოდი, აბა, ვცდი. ეს ვინღაა? რომელიმე რეიტინგული ტელეგადაცემის ულტრათანამედროვე წამყვანი, თუ ვადაგასული ჟურნალისტი? იქნებ სულაც შარლატანი? სკანდალური თემებით, კუბოკრული შარვლით, ტანსაცმელზე ჯაჭვებით, გამჭოლი მზერით, გრაციოზული რხევა-მოძრაობებით, გაპარსულ მკერდზე ვერცხლის ლაპლაპა ჯვარით... ცხოვრება კინოს ჰგავს. აი, ზუსტად ამ ფილმს მეოთხე მსოფლიო ომზე. მზერას ვკიდებ ეკრანს და რას ვხედავ: თვითდაჯერებულ მეომართა არმიას შეუხედავი, თუმცა რომანტიული მთავარსარდალი მიუძღვის წინ. რა კადრებია, რა ოპერატურა! რა სასაცილო მთავარი გმირია! ტიპს ცოლი ისე ენატრება, რომ ცალი ხელით ისვრის, მეორეთი კი მისთვის ქიმიური იარაღით დაწამლული ენძელები დაუკრეფია. - დანებდით! - დაგვნებდით! - არასოდეს! - გაჰკივის სარდალი და ღონემიხდილი მკერდში იხუტებს მომავლის ყვავილს... სხვაგან რახდება? მაგალითად, რომელიმე ინტელექტუალურ გადაცემაში: ა... ზაცია; ბე.... ზაცია; გე.... ზაცია. ძირს ყველა წარსულის სიმახინჯე! ახლა სახეზეა თანამედროვე დახვრეტასგადარჩენილი ავტორების ავტორიზაცია, ინტელექტის ტექნოლოგიზაცია, დაღლილი ხალხების გაბედნიერებიზაცია. (სადღაც ვიღაცას ეცინება). ისე, იქნებ სიტყვებს „აც“ ამოვაცალოთ და ყოველდღიურ ხმარებაში ჩავუშვათ: პოეზია, ამნეზია, ანესთეზია, ან სულაც ევთანაზია? (აირჩიეთ, რომელიც გნებავთ)... დღეს მშვიდი საღამოა (ტერენტისეული), არ იქნებოდა ურიგო, თითო ჭიქა წაგვექცია. ლოცვა ქეიფის წინ: „ღმერთო ყოვლადძლიერო, მოგვეც ჩვენ, ცოდვილთ, პური ჩვენი არსობისა და მარილიც თან მოაყოლე და მწნილიც და ხორციც და ღვინოც და გაგვიშალე ჩვენ სუფრაი შესაფერისი, რამეთუ ერთი კარგად გამოვთვრეთ და მერე შეგასხათ, მწყემსო კეთილო, ქებაი უხვი“. და აჰა, ისიც! თერთმეტი ჭიქის შემდეგ უფრო მეტი თავსუფლება გვინდა. - ალავერდი შენთან ვარ, ერო, ალავერდივით გვემულო და მხნეო!!! - ეს მერამდენე ჭიქაა? - ათას ას ოცდამეერთე... - ამ სასმისით გაუმარჯოს მანდილოსნებს! დიახ, ქალებს გაუმარჯოს! - ჯოს!.. ჯოს!.. ჯოს!.. იმ ქალებს გაუმარჯოს, რომლებზეც მშიერი ქმრები ჭამამდე ძალადობენ, მაძღარზე კი უყვართ. (მიუტევე, უფალო, რამეთუ არ იციან რას იქმან)... „ეს პატარა ქვეყანა ჩვენი სამშობლოა - ჩვენი, ყველასი, და უნდა გვიყვარდეს ისეთი როგორიც არის. უნდა გვიყვარდეს, გესმით?!“ - წარსულიდან მწვდება რუკასთან მდგომი პატრიოტი (თუმცა დეპრესიული) გეოგრაფიის მასწავლებელის სიტყვები... ხელის ნელი მოძრაობით ცალხაზიან რვეულს ვიღებ. ვცდილობ, ტლანქი წინადადებები ჯერ სტილისტურად გავმართო, მერე კი შევალამაზო. ო, ეს წყეული გრამატიკა. აქეთ ორთოგრაფიაო, იქით პუნქტუაციაო, კავშირებიო, ვნებებიო, მწკრივებიო, ასპექტებიო, და კიდე ათასი ანგლობები. პირველი სუბიექტური პირის ნიშანი, როგორც ყოველთვის დასჯილი ბავშვივით ზის, არავის ადარდებს... (ის) სად ვიყავი?.. ჰოო, ქალების სადღეგრძელოო. ქალებზე გამახსენდა, ერთი მათგანი - ჩემთვის ერთადერთი. შენ ის ხარ. მე კი ის ვარ, ვინც ჩასახვის დღიდან შორიდან გეტრფოდი, ხანაც ხორცის ნაჭრებზე ამოკვეთილ სასიყვარულო ბარათებს გიგზავნიდი. გახსოვს? ერთხელ, მუცლად ყოფნის მეექვსე თვეს, გადავწყვიტე, როცა დავიბადებოდი შენთვის მემღერა ან, თუ სმენა არ მექნებოდა, - ლექსი მომეძღვნა. და აი, დროა, გიმღერო. თუმცა არა, არც ეს გამომდის, არც ის. ვოკალი ცუდი, ლირიკა უარესი. ჯანდაბა! ახლა უკვე ვოცნებობ, რომ დავბრუნდე უკან, მუცელში, ოღონდ ჯერ საშოში უნდა გავძვრე, ბერძენი ღმერთებისგან გვემული მითოლოგიური გმირივით, და მერე იქიდან გიმზირო. მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ გიცნობდი, ერთი ნაოჭიც არ გქონდა სახეზე, ახლა კი: სიცილი დაგვიწყებია, გაზანტდი, ცოტაც გასუქდი, დაქალდი. და საერთოდ, მგონი, დაკაცდი. ჭირვეული ბავშვებით აზურგებული და საოჯახო საქმეებისგან გავაშესქელებული, უკვე ნაკლებად მიმზიდველი ხარ. მალე ფეხებზე გველებივით დაყრილ ცელულიტებს ისე შეებრძოლები, როგორც დონ კიხოტი ებრძოდა საძულველ ქარის წისქვილებს. მე კიდე ისევ მიყვარხარ (როგორც ეს უწინ), მიუხედავად იმისა, რომ ერთად ყოფნა არ გვიწერია. ჩემი გრძნობები კვლავაც მდიდარია ვიტამინებით... (შენ) ბოლოს და ბოლოს, ვინა ხარ შენ? გამაგებინე, რა კაცი ხარ! თუ არ ჩავთვლით დღევანდელ დღეს, ჩვეულებრივ, საღამოობით, როცა სხვა აღარაფერი დაგრჩენია სანუგეშოდ, ზიხარ და ნაბოზარ პოლიტიკოსებს ლანძღავ, თან ერთობი, თან ბოღმას სივრცეში ასხამ. ხშირად, ისევ საღამოობით, უპრინციპო სირი ხარ (საკუთარ თავზე გულიც კი გერევა)! თუმცა ღმერთია მოწამე, ყოველდღე ცდილობ, გამოსწორდე, ვარჯიშობ კიდეც - მაღალმატერიულ ფასეულობებს ახარისხებ. შესაბამისი მომზადების შემდეგ, თუ გადაწყვეტ, რომ პოლიტიკაში წახვიდე, ხალხი ალბათ იტყვის: „რამ შეშალა ეს წესიერი კაცი?“ მოგვიანებით, სუფრაზე, ტრუსიკის ძმაკაცი თავში ღვინის გრაფინს ჩაგცხებს, როგორც ალბათ მთვრალი ბრუტუსი ჩასცხებდა კეისარს, ეს უკანასკნელი ცუდი თამადა რომ ყოფილიყო... გუშინ დიდი დღე გქონდა. როგორც იქნა მიხვდი, რა გსურს ცხოვრებაში (თუმცა შეგეძლო უფრო ადრე მიმხვდარიყავი). საღამო იდგა. შორეული ნათესავის არაფრისმთქმელ დაბადების დღეზე იჯექი, და, რა თქმა უნდა, იტანჯებოდი, მაგრამ უცბად გონება გაგინათდა, (როგორც თავის დროზე მირიან მეფეს ცა გაუნათდა), მას შემდეგ რაც ნათესავთა ჯგუფმა ერთხმად გირჩია, უფრო სწორად დაგიწესა: „სულელო, სიბერეში მშვიდი ცხოვრება ხომ გინდა?“ ჰოო და: შვილები, ერთი სახლი და რამდენიმე სიცოცხლის ხე. რომ განვმარტოთ: უნდა ააშენოო, უნდა დარგოო, და უნდა გააჩინოო ე.ი. უნდა იჟიმაოო, მთელი ცხოვრება, მხოლოდ ცოლთანო. წარმოგიდგენიათ? თანაც ოსტატურად და ფაქიზადო. შედაგად ბავშვებიც ფაქიზები გეყოლება ალბათ... არადა, მართლაც შეგეძლო გყოლოდა შვილი (ხომ მართლა შეგეძლო გყოლოდა შვილი?), ფანტაზის ღილაკს აწვები და აი, ირეალური ბავშვიც: პატარა გოგონა თოჯინით , თოჯინა - გაუხეშებული თუნუქისფერი თმებით, ყავისფერი ლაქებით. სადაა დედა?! რატომ არ ურეცხავს ბავშვს საყვარელ სათამაშოს? იქნებ დრო არ აქვს? (დედა ვერ აუდის მახვილგონიერი პოსტების კითხვას სოციალურ ხვრელში, მაშასადამე დრო ქალიშვილის უსულო მეგობრისთვის არ რჩება). თოჯინა კი პეპის ჰგავს, გოგონას შვედეთიდან, უფრო სწორად, ჰგავდა ოდესღაც… და მიინავლა ეს დღეც. ვიღაცამ რა ხანია მრიცხველიდან გათიშა ხანშიშესული მზე, განგებამ არსებობის კრედიტიდან მორიგი 24 საათი ჩამოგაჭრა. მარჯვენა ხელი დაიღალა, გონებაც. აქვეა პატარა, მრგვალი სარკე - შენი ქონება. უკვე მერამდენე წელიწადია რაც ამ სარკესთან ჯდები, საფეთქელზე ჭაღარას იჭრი და იქვე ხვდები, რომ აზრი არა აქვს. ფიქრებში ათასნაირად ცვლი და ატრიალებ უხეირო ცხოვრებას, რომლის ნახევარი უკვე კატასავით მოახრჩე და დღესაც იმავე მყრალ საწოლში გძინავს. სინათლის ჩაქრობა გიჭირს, მგონი, გეშინია კიდეც, როგორც ეს მაშინ, მეოთხე კლასში, გეშინია და გესმის, რომ შუქის ჩაქრობის შემდეგ, კვლავ მარტო უნდა დარჩე არსებებით გაძეძგილ სამყაროში... ამ საღამოს, შენ გადაწყვიტე დაგეწერა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი