სანთელი


ვზივარ,
როგორც ვიჯექი და ვუყურებდი მაშინ. 
ჩემ წინ ანთია თეთრი სანთელი - სწორი და მაღალი, შანხაის რომელიმე ცათამბჯენივით. 
აქვეა ასანთიც, სანთლის ძველი მეგობარი, ნაღვენთში ამოვლებული - ისიც ანთებული. თითები ცვილისფერი, მტევნები ძარღვიანი - თითქოს რენესანსელი დავითის ხელია. 
ისმის ძველო დრო, თან გაუსაძლისი, თან მოსაგონად საუკეთესო: 
ბავშვობა,  
ყმაწვილობა,  
სიხარულის პატარა კუნძულები, 
მშობლების შიში (ჩუმი და  დამზაფვრელი). 
ახლა მე სინათლის მსუბუქ ციალში ვხედავ საკუთარი სახის ანარეკლს, რომელიც რატომღაც ისე უცხოდ მეჩვენება, როგორც არასდროს. 
ოთახში იგრძნობა კარის მეზობელვით შემოპარული სიბნელე, 
თმაში - სიბერე,  
მოგონებებში - სითეთრე,  
თვალებში - მშიერი მგელის სიმშვიდე. 
ღამე მაშინებს, ან იქნებ მაფიქრებს და მე ვაზვიადებ, 
უკვე მერამდენედ წარსული მენანება, 
აწმყო მადარდებს, 
მომავალი თავს მესხმის. 
სანთელი კი ჯიუტად იწვის, თუმცა ვერ ათბობს:  
ვერც სულს,  
ვერც ანატომიას,  
ვერც ლურჯ მაისურს - იწვის თავგანწირვით, ცანცარით, ვნებით, დნება და ქვევით მიიწევს ვულკანის ლავასავით, მერე იმ ჯურღმულში ილექება, სადაც რწმენის ან გადარჩენის საკნებია. 
საერთოდ რომელი წელია?  
რომელი საუკუნე?  
ან რა დროს სანთელია? 
დედამიწა უკვე დიდი ელექტრონია და ანათებს! 
ორი ათას ოცდაერთია. 
საუკუნეც ოცდაერთი. 
დღეს, ირგვლივ ყველაფერი ოცდაერთია! 
და ვგრძნობ, რომ მთელი ერის დაღლილობას სოლიდარობის ნიშნად მეც ვუერთდები. ამასობაში თქვენ, ვიცი, ყველას გენატრებათ ბავშვობა:  
შიშველი და ცხელი (როგორც სანთლის ალი),  
ცოტათი ამაყი, 
თავნება,  
ეფემერული და აღმამფრენი. 
იყო კი ბავშვობა?! 
- არადა, გუშინდელ დღესავით მახსოვს:  
ძაღლი ბომბორა,  
კუკუდამალობანა,  
ძველი კორპუსის სარდაფი და იქ ჩაბუდებული მარადიული სიბნელე, 
სიგრილე,  
წუთიერი შიში,  
კუთხეში ჩასაფრებული მეგობარი, 
კედლებზე დამპალი ბათქაში. 
გაივლის დრო და აქვეა სიყვარული პირველი (ან, სულაც სიყვარული უკანასკნელი), მისი მუყაოსფერი სახე, ქარვისფერი კანი და ასხმული ტანი, 
დაახლოებით ისეთი, როგორიც ახლაა ჩემ წინ მგზნებარე ყვითელი სანთელი. 
დღეს მე ამ ყველაფერს:  
ამ ცეცხლს,  
ამ სიბნელეს, 
სილამაზეს, 
ოთახს, 
ყველაფერს ზუსტად ისე შევიგრძნობ, როგორც ეს მაშინ. 
უცებ გარეთ რაღაცამ იქუხა, თუ იფეთქა. იქნებ შიგანში რომელიმე მავთული მექანიკურად ჩაწყდა, ფილტვებიდან წამოსულმა რადიოტალღებმა ცნობიერში ამოაღწიეს და სიცოცხლის ხეც აშრიალდა. 
ნუთუ კვლავ? 
გარეთ წვიმს, თუმცა აუღელვებლად და ღამესთან შეთანხმებით: 
წვიმა თანდათან აგდებს სიჩქარეს,  
წვეთები - ვარდნის სიხშირეს,  
იცვლება დაცემის კუთხე,  
ხმები, 
ეს ხმაური კი ახლა უფრო მეტად მეგობრული მეჩვენება. 
თან აშკარად მესმის, რომ ჩემი ოთახი სიგრილეს ეძახის და სახლში შემოსვლას ემუდარება. 
ისევ ძველებურად ვზივარ, ყოფისგან დაღლილი მონუმენტივით, 
სახეზე შავთეთრი ღიმილით, და - ხელში ასანთის ჩხირი აღარ მიჭირავს. 
რას ნიშნავს ეს?
რატომ აღარ მიჭირავს ასანთის ღერი? 
სად გაქრა ღერი? 
აღარ მიჭირავს,
აღარ არის,
გაქრა.
კი მაგრამ რა მოხდა, თუ ვერ გახდი ის, ვინც დაბადებისას ჩაიფიქრე რომ უნდა გამხდარიყავი!..
წვიმამ მოუმატა, გაუხშირა, გაუტია და სინდისზე ხელი სულ აიღო. 
მართალია, კალენდრის გაცვეთილ ფურცლებზე ჯერ კიდევ ზაფხულია, თუმცა ფანჯრის მიღმა დაჭედილი სამყარო ახლა გამხეცებულ ნოემბერს უფრო ჰგავს. 
ვზივარ, და ამჯერად ვაკვირდები: 
სანთელს მოკლე ენით, 
ასანთს რუსული კოლოფით, 
ხის ძველ მაგიდას, 
კედლებს. 
ამ წამს, ყურებში სისხლის შხუილი ისევ შეწყდა. და მე მესმის, რომ ეს არსებობა მეტაფორულობაა, რომელიც ლურჯ-მწვანე ცეცხლის ალს რაღაცით ჰგავს. 
სანთელი ქრება... 

14 აგვისტო, 2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი