ხუთკადრიანი დრამა (გასეირნება)
შენ ნელა მიაბიჯებ გარეუბნის ბაღში, და წინ გეშლება პატარა ფილმი კადრებით სავსე. კადრი პირველი: ჭაღარა, მხრებში მოხრილ მამაკაცს მოჰყავს პატარა, რომელიც ცალი ხელით ქეჩოთი უჭირავს. ბავშვს ჯერ ფეხი წესიერად არც აუდგამს და ბორძიკობს, წვალობს, აწვალებს ბაბუასაც. მიუხედავად ყველაფრისა, ბაბუა და შვილიშვილი ცხოვრებით ტკბებიან, და ბედნიერები ერთმანეთს ჰგვანან... კადრი მეორე: აქეთ, გუბეში, სხვა ბავშვი დაეცა და ვეღარ დგება, მაგრამ არ ტირის და ისე უცდის ვინმე დამხმარეს. ახლომახლო არავინ ჩანს მისი მშველელი. გაოცდა ბავშვი, ტირილს კი ვერ ბედავს, სადაა დედა? შენ უახლოვდები, ფეხზე აყენებ, ის შემოგხედავს, ცისფრად განათებს და მის თვლებში მზის სხივებს ხედავ... კადრი მესამე: გზას აგრძელებ. ბალახზე არხეინად გაგორებულა ჩასუქებული გოგონა, რომელმაც მოგკრა თუ არა თვალი, გაიფიქრა: „რა კაი ბიჭია!“ შენ კი მისთვის ერთხელაც არ შეგიხედავს, ისე ჩაუარე, წამებში გაშორდი, დატოვე თავის მასასთან და დარდებთან ერთად, მარტო და ისევ, ყმაწვილი გოგო თხელი წიგნით ხელში... კადრი მეოთხე: აგერ სახელგატეხილი მათემატიკის მასწავლებელიც გამოჩნდა. კაცი, რომელსაც მთელი ქალაქი აფასებდა, ახლა კი... გაიგებდით ალბათ, რომ თავისი მოსწავლე შეჰყვარებია, 17 წლის ქალი, სახელად ნატა, 38 წლის კაცს, სახელად თამაზს. იგი დგას და სირცხვილნარევ მიწას უყურებს, თანაც დარდობს, რომ ასე საზიზღრად დაბერებულა. კადრი მეხუთე: ხელმარცხნივ, სკამზე, გოროზი ქალი ზის, რაღა თქმა უნდა, შენ ამჩნევ (სახეზეც აწერია), რომ, ბოლოს და ბოლოს, შეუყვარდა ქმარი, რომელსაც მთელი ცხოვრება არ აფასებდა, დროგამოშვებით ღალატობდა კიდეც. თუმცა ახლა ჩანს, რომ შეცდომებს ნანობს, და ფიქრმორეული უღიმის ვაჟს, რომელიც პლასტმასის მანქანით მიწაზე თამაშობს... .............. რა ქნან ადამიანებმა? ცხოვრობენ. ცხოვრობენ ისე, როგორც ეხერხებათ. შენ ახლა სკვერში ზიხარ, მზესუმზირას ფცქვნი და განიცდი, რომ ეს ყველაფერი აღმოაჩინე და თურმე შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი