ბრმაზე


ფენიქსის ფერფლის ფენებში ჩაფლული 
ცეკვავს ბრმა.
ხანაც ადუღებულ და მწვანე ტბაში
ცეკვავს ბრმა.
თავით და ხელებით თვალხილულივით ცეკვავს ბრმა.
ეს უკვე ჩვევაში გადასული  სიზმარია.
აქეთ კი ზღვაა - ნაღდი ზღვა,
მუქი, მშვიდი, ცივი და
ნაპირზე სველი თოვლი და
ბულვარი, სუსტი ქარი და
ყრუ კომპოზიტორებით სავსე ქალაქში
იღვიძებს ბრმა.
უთენია,
ადრიან,
დილიან.
ისევ დაცემა.
რაღა დარჩენია?
გარდა იმისა, რომ
გაფრინდეს,
გასწიოს,
გაექცეს.
რას უნდა გაექცეს?
ვის უნდა გაექცეს?
თვალხილულთ,
ჯანმრთელთ,
შემდგართ,
ადამიანებს შვილებით,
ადამიანებს მეგობრებით,
მოძრავთ,
ბედნიერთ.
ყველას და ყველაფერს?
არა! ეს გამოსავალი სულაც არ გახლავთ.
..........
ფრთები,
სურვილის ფრთები - მჩატე და გამჭვირვალე.
მწერულა ფრთები - გრაციოზულად რომ აპობენ ჰაერს.
გადაწყდა!
იგი სახლში დარჩება,
როგორც ერთგული ძაღლი გულგრილ პატრონთან.
თანამდევი მუზა კი
მზა მარადისობით,
ღრმა მარადისობით,
ბრმა მარადისობით,
ისევ მასთან დარჩება.
"ჩვენ ყველაფერს დავძლევთ!"- იძახდა ბელადი.
"ჩვენ მხოლოდ ჩვენს სულებზე ვიღებთ პასუხისმგებლობას" - ამბობდა ბერი.
"მე მხოლოდ გაფრენა მინდოდაა, თქვენი!.." - ღრიალებს ბრმა.
ხელის ფათურით პაპიროსს ეძებს,
პოულობს,
უკიდებს,
კვამლით ძღება.
სხვათაშორის, მალევე მშვიდდება. 
ხორცისა და სულის შეპირაპირების ადგილს ფიქრით კვლავ ეხება:
უკვე მერამდენედ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი