თოვლიან ქუჩაში


ძალიან უცნაური სიზმარი გამოდგა, 
ყველაფერი დაიწყო თოვლიან ქუჩაში.
მახსოვს, ხელში მეჭირა გუნდა, 
ვესალმებოდი ანთებულ ბავშვებს, 
თვალს ვაყოლებდი დათოვლილ მანქანებს, 
ვგრძნობდი გამვლელების სევდას.
სადღაც იქით -
კაცი უსახო მთლად შეფუთნილი შემალულიყო გაცრეცილ სივრცეში. 

ძვალი ეგდო კორპუსის კუთხესთან,
ძაღლიც ეგდო კორპუსის კუთხესთან. 
და ძაღლის ძაღლურ არსებობაში
შიმშილს სიცივე ენაცვლებოდა. 

საკვამურები არსად მოსჩანდნენ,
მხოლოდ ნაცრისფერი თოვლი უხდებოდა ირგვლივ ყველაფერს:
გამზირს, 
სახლებს, 
მანქანებს, 
შესახვევს,
ჭიშკარს,
სასტუმროს,
შადრევანს,
სავაჭრო ცენტრსა თუ ცენტრალურ ბაზარს. 
რატომღაც ღია ფანჯრებიდან ყავის (ან ჩაის) სურნელება იღვრებოდა.

მე მივდიოდი ქუჩაში მარტო,
მე მივდიოდი ქუჩაში მახსოვს,
მე მივდიოდი ქუჩაში ნაცნობ,
მე მივდიოდი არ ვიცი რატომ.
მე მივდიოდი.

მივდიოდი და,
უცბად ცას ყინულის ლოლო მოსწყდა 
და დამეცა გულზე, თუ თავზე
ცხელ გულზე, თუ ცხელ თავზე, 
(ზუსტად არ მახსოვს) 
აქ ხვდებით ალბათ,
ცივისა და ცხელის შეჯახება,
ესაა მატერიისა და ანტიმატერიის კოლაფსის ტოლფასი,
ე.ი. აპოკალიპტური ასტროფიზიკა.
ჰოდა, ჯერ განათდა,
მერე დასჭექა, იფეთქა, შეზანზარდა;
და თვალები
და ყურები
და გრგვინგვა-გრუხუნი გულის ხეთქვამდე...
ვფხიზლდები. ოღონდ სიზმარშივე.
„ამის დედაც, რა ჩავიდინე!“ - ვფიქრობ.
ვიღებ ტელეფონს, ჰოკინგს ვურეკავ:
მპასუხობს - მადლობა - ვთიშავ.
„საოცარია! ეს ხომ დიდი აფეთქება იყო!“
ასე ჩავანაცვლე შემოქმედი
- Substitution! Sorry, Lord.
მივიღეთ ზეახალი სამყარო, სადაც არ ჩანდა: 
არც ბავშვი,
არც კაცი,
არც ძაღლი,
აღარც თოვლი. 
და მაშინვე შევეჩვიე სამყაროს, სადაც არ იყო:
არც ბავშვი,
არც კაცი,
არც ძაღლი,
აღარც თოვლი. 
აქ კი გამოჩნდი შენ.
ამგვარად იშვა პლანეტა, რომელზეც ვცხოვრობდით მხოლოდ:
მე, 
შენ, 
და ცარიელი ქალაქი.
და მაშინვე შემიყვარდა სინამდვილე, რომელშიც ვიყავით:
მე, 
შენ, 
და ცარიელი ქალაქი.
რა მსუყე იყო ჰაერი, რომელსაც ვყლაპავდით ჩვენ,
რა მსუყე იყო ჰაერი, 
და რა მჩატე...

უცებ ბაც, და გასრულდა სიზმარი. 
მეღვიძება.
საწოლზე ვჯდები, ვიხსენებ, ვფიქრობ: 
რა იყო ეს?!
არადა ყველაფერი დაიწყო თოვლიან ქუჩაზე.
                                                                    
2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი