ვან გოგის ძაღლები


უცნაურია
ძაღლების ხმები არ ისმის
არც ყეფა.
ეზოში სასწრაფოს მანქანა
ვიღაც ნებდება
იქნებ სიცოცხლეს იგონებს ახალს
ვინ იცის…

ფხიზლდება ღამე
გამოდის ბუნაგიდან
თავიდან იწყება კვლავაც
ღმერთო, მერამდენედ!
უფერო ფურცლებიდან
ლამპიონები უსმენენ ნესტიან ქალაქს
შენ კი არ გძინავს ვიცი.
სასწრაფოს მანქანა გვტოვებს და მიდის
სერაფიმებიც.
ზამთარი ქუჩებში ჯერ კიდევ ზის…

მე-6 სართულზე ოთახში შუქი
საწოლი - ჯერ ისევ ცივი
ანთია
და ჩაის დაღლილი ჭიქა
თებერვლის ქარი კი ხაზზეა
ბრიზი. 
მთვარე სარკმლიდან
სულ რაღაც მეტრებშია
ვაღებ
სახეში სუსხი მცემს და მაფხიზლებს
ცივა 
და ვხურავ.
სადმე სიცილი ასკდება ფანჯრებს…

გადაწყდა
იძინებს ღამე - სცენიდან გადის
მე ვრჩები, და ცაც. 
ვიგონებ ვან გოგს:
ფერებით - არა
ხეტიალით - არა
შიმშილით - არა
აბსენტით - არა
(არც უსიყვარულობით)
ყველაფრით დაღლილს
და შეშლილს
და დაჭრილს
და მარტოს. 

საკვირველია
ძაღლების არ ისმის ყეფა
და გნატრობ…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი