Suicidal Thoughts
ნატვრა - დილით აღარ გაიღვიძო, და აპოკალიპტური სიზმრის შემდეგ (რომელშიც გაქცევა შეუძლებელია) აღარ მოავლო დაღლილი მზერა: ოთახს, კედლებს, დარაბებს, ფილტვებში არ ჩაუშვა სიგრილე, და აღარ ჩაიხუტო დაღლილი მზე, რომელსაც ასე მოსწყინდა ნიღბის ტარება. ქანდარზე აღარ გაფინო ყელში ამოსული წარსული, არ გაიხსენო: გაფრენა-გიჟობები, ტკივილი, მერე შვება, უკბილო ხუმრობები, პირველი გაბრუება, პირველი ნაფაზი, კოცნა, სიცილით დაღლილი მეგობრის სხეული... გათენდა. უკვე რა ხანია დღეა. გრძნობ, სისხლძარღვებს როგორ გიკაწრავს დამღლელი შეკითხვები, უფრო კი მათზე გასაცემი შემაძრწუნებელი პასუხები. (ნეტა რა ღირს ბაზარში სინანული?) გვერდით ოთახიდან გესმის მშობლის ფაციფუცი, დედა - ეს უკვე ნახევარ-ქალი, ღამ-ღამობით, ჩაძინებამდე, აჩონჩხილ ფიქრებს რომ გიგზავნის შენ, მის ასე მტანჯველს, მაგრამ ვერაფერს პასუხობ, ვერაფრით ანუგეშებ, რადგან ახლა შენ უფრო დაღლილი ხარ (ისე, როგორც სიზიფე). დღეს კვლავ უჟანგბადო ოთახში წევხარ, აგრძელებ ყოფას, უსინდისოდ, თავი გიდევს ჩაფუშულ ბალიშზე, და გაბრაზებული გეგმავ, შესაფერისი ლექსიკით ჯერ გალანძღო, გათართხო, აგგინო, მერე კი წერტილი დაუსვა შენგან გადაღლილ შენივე სამყაროს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი