როცა წავალ


როცა წავალ
ბიოსამყაროს ევოლუცია, 
ციური სხეულების მოძრაობა კოსმოსში, 
ჰაკერების თავდასხმები კიბერსივრცეზე, 
ხაშლამა დ ხინკლის წვენი, 
კლიმატის ცვლილება, 
უწყლობა აფრიკაში, 
ეს საბრალო და ლპობადი პოეზია, ყველაფერი ეს - დარჩება და გაგრძელდება. 
მაშინ, როცა მე უკვე ნემატოდების გულისამრევი გროვა ვიქნები, 
სამყარო ძველებურად შეუბერავს აღწარმოების უჯიუტეს პროცესს. 
 
როცა წავალ 
ჩავბარდები თუ არა პატრონს, მაშინვე დამივიწყეთ. 
შეგინებულია, ჩემს საფლავზე ვინც მოვიდეს! 
ან რა საფლავი, კაცო, დაწვით ცხედარი და
ფერფლი გააყოლეთ ქარს - შავი ზღვიდან აჭარა-გურიის მთებისკენ მონაბერს. 
თუმცა არა, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს, 
მონათლულ-მირონცხებულს,  
აღსარებიანს, 
მიმტევებლს, 
ვიცი და ვგრძნობ, რომ მაინც მიწა მიწევს 
(ნათქვამია, - მიწა ხარ და მიწადვე უნდა იქცეო). 
იქნებ სჯობდეს კიდეც, 
თავშესაფარი მექნება, პირადი სივრცის ამბავში: 
პატარა, მყუდრო სახლუკა (შავი კარკასი), 
და რაც მთავარია, თვის ბოლოს დენისა და გაზის ქვითარი აღარ მომივა. 
მხოლოდ ეს რად ღირს.  
 
როცა წავალ
გამომშვიდობების წინა დღეს მღვდელს შემომიგზავნიან
(მე ამ დროს ზალაში ვარ გაშხლართული), 
სანდომიანი სახით, ღვთისნიერს, ტანმორჩილს, სევდიანს, 
ისიც დამადგება გაციებულ თავზე და დაიწყებს ტვინის ტყვნას, 
ე.ი. ჩემი ცოდვილი სულის შემზადებს დამღლელი მარადისობისთვის. 
მე კი სულ მაინტერესებდა, იმქვეყნად ნაშების პონტი თუ იქნება? 
“გააჩნია, რომელ დეპარტამენტში მოხვდები, შე ოღრაშო”, - მპასუხობს შემოქმედი. 
ეჰჰ, ბოლო დროს დავრწმუნდი, ამ ცხოვრებაში ვერ გავექცევით სამ რამეს: 
გადასახადებს; 
ღმერთებს; 
და იმედგაცრუებას. 

როცა წავალ
მარა მე მირჩევნია სულაც არ წავიდე - ვიყო, ვიბორიალო ასე ათას წლამდე, როგორც რჩეულმა მათუსალამ. 
მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, 
წესები შეიცვალა, 
ახლა ზეცა გადავადებების გარეშე მოითხოვს თავისას.  

ვიდრე წავალ
ყოფიერების ბოლო წუთებში ლექსს ვინატრებ 
(დაიწყო ამან ისევ!), 
დავჯდები და ალბათ:
ჭილაძეს წავიკითხავ, 
ან იქნებ - ტატოს, 
ან სულაც - შამუგიას.
მოკლედ, ავარჩევ ვინმეს. 
შეიძლება თვითონაც დავწერო - პატარა და მუშა რამ  
- ცხადია, სიცოცხლეზე. 
იმაზე, რომ: 
ჩემს შემდეგ ვიღაცას სამსახურში აიყვანენ, 
ვიღაცას ბავშვი შეეძინება, 
ვიღაცა ღორივით დათვრება, 
ვიღაცას შუბლზე აკოცებენ, 
ბებია მტვერში ამოგვანგლულ შვილიშვილს გაუწყრება. 
ვგონებ, არ იქნებოდა ურიგო - მეც რამე ხომ უნდა დავტოვო ამქვეყნად? 
და ვუალა, - ცელიანი კაცი სტუდიაში! 
მოვიდეს, ერთი მაგის...

ასე რომ,
როცა წავალ, აღარ დამჭირდება: 
აუდიტორია, 
და ბისი, 
ფარდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი