* * * დახუთული საძინებელი


დახუთული საძინებელი - ისევ, 
სამარესავით ჩუმი და მკაცრი. 
შორიახლოს, 
კორპუსის ნესტით გამოჭედილ ნახევარსარდაფში, 
შენი მეგობრები სვამენ, თუმცა არ გირეკავენ, , 
ალბათ იმიტომ, რომ უკვე ახალი ძმაკაცი გყავს 
- სახელად მარტოობა. 
როგორ გიბედავენ?!

ნაშუადღევია. 
ნოტიო დღე.  
ჯიუტობ. არ აღებ ფანჯრებს, 
მიუხედავად იმისა, რომ გარეთ წვიმს და სიგრილე დათარეშობს. 
რაღაცებს ვერ იგებ, 
მაინც რატომ არ აძლევ შანსს რბილ ნიავს, 
შემოგივარდეს ოთახში და გითხრას,  
- შევრიგდეთ! 

ბოლო დროს უჩივი ყველას და ყველაფერს: 
მშობლიურ ქალაქს, 
მთავარ ქუჩას, 
მეგობრებს, 
მეზობლებს, 
ბოდლერს. 
ვერ ერგები ვერცერთ პროფესიას, 
დილით, ახალგაღვიძებულზე გაურბიხარ საკუთარ თავსაც, 
თუმცა არ ითხოვ შველას. 

სასაცილო კი ისაა, 
რომ ყოველთვის, ბოლოს, 
მაინც შენი ფეხით მიდიხარ იმ ნაცნობ მორევთან, 
რომელიც იცი, რომ: 
მაინც ჩაგითრევს, 
არ დაგინდობს, 
მაინც დაგახრჩობს, 
გაჯობებს. 
როდემდე? 

შენი ყველაზე დიდი სისუსტე - საკუთარ თავს კარგად იცნობ. 
ფიქრობ და ვერაფერს უხერხებ აუცილებელ რითმას, 
როგორც რთულად ასაწყობ ლეგოს, 
ვერც ასატან ყოფიერებას, 
ვერც კოროზირებულ ეგოს. 
იმ ეგოს, 
რომელიც შენდა გასაკვირად დედამიწისკენ თოკებით გექაჩება, 
და ასე, სხვათაშორის, მუცელზე განარცხებს. 
აქვე ხედავ გადატრიალებულ მშობლიურ სახლს, 
სადაც გაატარე ბავშვობა, 
გაიზარდე, 
გამხნევდი, 
და საყოველთაო აღიარების დევნაში აღმოჩნდა, 
რომ შენი წარსული - ბოდიში, მოკვდა.

ახლა რაღაცებს შეგუებული საწოლზე წევხარ, 
როგორც საოპერაციო მაგიდაზე მოხუცი, 
ვისთვისაც გადარჩენა ტვირთია და თვალებით ქირურგს სთხოვს, რომ... 
რა დროს ეგაა?!
დგები, 
მომავალს იაზრებ,  
წელიწადბრუნვებს თითებზე ანგარიშობ და ხვდები, 
რომ ერთი საბრალო მოკვდავი ხარ, 
მორჩა!

2023, სექტემბერი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი