Klagenfurt am Wörthersee, 12.03.2022


ხანშიშესული კონტინენტის შუაგული, 
ძველი ქალაქის ცენტრი,
ისევ ეს წყეული გეოგრაფია.
ლუდი  უგემური, თუმცა საკმარისად ცივი,   
ღია ცის ქვეშ პატარა მაგიდა.
შენობებს ნახევრადამოფარებული მზე - ჩვენი ძველი მეგობარი, 
ვარსკვლავი, რომელსაც დედამიწის პრობლემები ყელში აქვს უკვე. 
საათი 17:20, ტემპერატურა +10. 
საღამოდან მობერილი ხმები,  
არაბუნებრივი,  
არაგაზაფხულისფერი.

ირგვლივ გადაადგილდებიან:  
ბოტასებზე დაბჯენილი ფეხები, 
მოკლე და დახეული შარვლები,  
შიშველი კოჭები და გრძელი ქურთუკები,  
კოჭლი მამაკაცი წელსზემოთ ბედნიერი. 
გვერდით გაბერილი ზურგჩანთა - შენი ერთგული მეგობარი
- რომელიც ადამიანივით ზის სკამზე.
იგი არც ჭამს,  
არც სვამს,  
თუმცა კი გემსახურება,  ხშირად ქალივით მოხვეული ზურგზე.

გამვლელი ძაღლით.  
ძაღლი - ეს უდარდელი შინაური ცხოველი,  
ამ მხარეში ყველა სულიერზე მეტად პატივცემულ-ფასდადებული. 
და გახსენდება - შორიახლოს ომი.  
No War! - ჩაგესმის გონებაში,
და გრძნობ:
სადღაც ვიღაც ღაფავს სულს, საკუთარი სისხლის სუნი ურევს გულს,
მომაკვდავს გამზრდელი ბებია ელანდება და თან სწუხს, 
რომ არავინ ესწრება ამ გმირულ დასასრულს.  

აქვე, გვერდით, კედელზე - ქრისტე - როგორც ყოველთვის ჯვარცმული,  
ხშირად დაღლარძულ ლოთების წინაშე გაკრული,  
ნახევრადშიშველი და შერცხვენილი - სავარაუდოდ, დაღლილიც.  
ისევ ზარების ხმა 
(ორი ან სამი დარტყმა).
ამ ქალაქში, მგონი, მხოლოდ ქალები ეწევიან, 
ეწევიან ქალურად,  
მადიანად, 
ხარბად.

ხელებს სიცივე მოეკიდა.
წერილი დედისგან: “სად ხარ?”
არ პასუხობ, ან ვერ პასუხობ.
ალბათ იმიტომ, რომ ახლა ფიქრის უნარი შეგწევს მხოლოდ, 
ფიქრის და არა აზროვნების,  
ფიქრის და არა მოქმედების,
ფიქრის და არა წერის,
აპატიე, მშობელო.
ლუდის ცივი ყლუპი გაფხიზლებს და უცნობი მატერიიდან გაბრუნებს ნაცნობში. სითხის გროვა  კისრისტეხით მისრიალებს შიგანში და მალევე პოულობს თავშესაფარს გაბერილ საშარდე ბუშტში.

და აი! 
ტანადი გოგონა ჯანსაღი ბარძაყებით - თვალს აყოლებ, უსირცხვილოდ. 
თან ფიქრობ, რომ იქნებ აღარ ხარ ფორმაში და ამიტომ აყოლებ მზერას მხოლოდ? 
და არ მისდევ უკან,  
არ ესალმები,  
არ აყოვნებ. 
- ენთშულდიგუნგ!.. 
და არც ლუდს,  
არც ყავას,  
არც ჩაის, 
არაფერს სთავაზობ.

მიმტანის ეშმაკური ღიმილი,
მერე შეძახილი:
- ოჰოუ, ჯორჯია! ბიჯო, ბიჯო!.. 
როგორც ჩანს, აქ შენს თანამემამულეებს გამოუვლიათ. 
დროა!
არის წუთები, როცა ცხოვრება ფეხაკრეფით მიიპარება ცენტრიდან გარეუბნებში, ზუსტად ისე, როგორც ახლა შენ გეგმავ გაპარვას - საკუთარ თავში, ან იქნებ სახლში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი