სიმბოლისტებზე, ცისფერყანწელებსა და...
ამბოხებულთა ორდენი რევოლუციურ ბალიშზე მძინარე რაზმია, ცხოვრება არტისტულ (ხანდახან ბოროტ) მცენარეთა ბაღია. მეოცე საუკუნე გაშლილი, თითქოს კოლხეთის დაბლობზე ტაბლაა, ყანწები სავსე ლირიკით, ალკოჰოლური სიხარულით, ჰაშიშით, კი მაგრამ თამადა სადაა? მე მაგონდება საძმო: რილკე, ვალერი, ვერლენი, რემბო, თუმცა არცერთს არ ვიცნობ, ფიე, აქედან ყველანი მივდივართ პარიზში! იმპრესიონანტე! მონე versus მანე, ჰქმენით, მეგობრებო, რამე: წერეთ, ხატეთ, სვით, ოღონდ უცილობლად ცისფერში. ეჰ, ჩემო ტიციან, ძმობილო, რა უყავ თამუნია ბოლო-ბოლო? გასროლის ხმაა: ბა-ბახ! Que s'est-il passe? და კოლაუ სად გაქრა? ჩუმად! თვითმკვლელის გასვენებაშია, აქვე. ამ დროს, ყველასგან შორს, მიტოვებული ბებერი ბალმონტი თავის ლექსებს კითხულობს, თან დარდობს, თან დასასრულს ნატრობს. ასევე შორს, სადღაც ურალში, პასტერნაკი გადაკრავს არაყს, თან პირველ ცოლს იგონებს, ან იქნებ ნანობს, Бог знает. და გალა?! გალა, ძამიკო, სად ხარ! გალა გავიდა - გასცდა წიფის გვირაბს, გზას ვარდისფერს, ნიკორწმინდას, სილაჟვარდეს, გზას რძისფერს, და ახლა სადმე კოსმოსში ალბათ "ჩაკრულოს" ისმენს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი