ნაყინი
(მოგონებებიდან ტალინზე) შეხვედრა. უცნობი ქალაქი, თუმცა ახლობელი, ამინდი მზიანი, კაფე, ცივი ნიავი. - ნაყინი ჰოო? - კიი. - რომელი? მენიუ. - გუდ ივნინგ! მშვენიერი გოგოა კელნერი, ლურჯთვალება, წერწეტი. შეკვეთა. სათვალეები მოიხსნეს, ერთმანეთი მიზანში ამოიღეს. სწავლობენ: ნაკვთებს, თმას, კანს სახეზე, შუბლზე, თითებს, ფრჩხილებსაც. „ნაოჭები თვალებთან.“ „ცხვირი რამსიგრძე!” „მაკიაჟი რამსისქე.“ ახლა რაღა დროსია, უკეთ გასაცნობია. შეკითხვების ზღვა, როგორც ხდება ხოლმე. - და-ძმა გყავს? გოგო ეკითხება ასაკს, ბიჭი ვერ რისკავს. თანდათან იხსნებიან, და მიედ-მოედებიან: გლობალურს, მშობლიურს, მუსიკას. ბანალურობის ზეიმია, ღმერთმანი. ვიზავის მისწვდე უნდა, და გადაუმოწმო: გრძნობები, ვნებები, გონება. ამიტომ, ბიჭი: - რას ელი ცხოვრებისგან? დაიბნა გოგო, არ ელოდა. სიჩუმე... - გინდა, გამოვიცნო? - მიდი, აბა... (ნაყინში ჟოლო ქურდივით ჩამალულა). - სიყვარულს, სითბოს, ოჯახს, როგორც ხდება ხოლმე. გოგო გაწითლდა. - კიდე ვილას ბალიზე. სიცილი. - და შენ რაღას ელი? - მეე? თავგადასავლებს. ღიმილი ბიჭის სახეზე, თავისი პასუხით კმაყოფილია, გოგო - არც ისე. „ალბათ მექალთანეა, ნარცისი, ნაგლიც თან“. - ჭამე ნაყინი, დნება! - ნაყინი? - ჰოო, რა გემართება? რაღაც გასული ხარ. - არა... ცოტათი შემცივდა. - გათხოვებ ჟაკეტს, გინდა? - და შენ? - ნუ დარდობ ჩემზე. ისევ ღიმილი, ერთდროულად - ორივე სახეზე. „კაი კბილები აქვს.“ ბიჭის ჯემპრი გოგოს აცვია. - მოგწონს აქაურობა? - მშვენიერი ქვეყანაა. - ჰოო, მარა ნოსტალგია? - კი ბატონო, რთულია. მზე ანათებს, თუმცა ვერ ათბობს დედამიწას, სხივები მეტად სუსტია. - გენატრებიან? - რა შეკითხვააა?! - რავი... უხერხულობას მოსდევს სიჩუმე, პაუზა... გადის რამდენიმე წუთი. - ნელ-ნელა გავიდეთ, ჰოო? - კიი. - მე ვიხდი. - არა, კაცო. - ჰმმ, გეპატიჟები! - ჩემსას მე თვითონ. - ამათ ყაიდაზე გადმოსულხარ. - ეგრე ადვილია უფრო. - ოქეი, როგორც იტყვი. ანგარიში გასწორებულია. ცოტა გაისეირნეს, მალე ყველა თემა ამოწურეს, ყველა პასუხი ითქვა. დამშვიდობების დროა. „ოო, როგორც იქნა!“ - მესიამოვნა შენი გაცნობა. - მეც. - ნაყინიც და სეირნობაც. - კი ბატონო, მეც. გულგრილი ღიმილი, თვალებშიც სიგრილე. - მშვენიერი საღამო გამოდგა. - ნამდვილად. ჯემპრი ახლა პატრონს აცვია. - აბა, კარგად! სხვადასხვა მხარეს მიდიან, გოგონას ისევ სცივა, ბიჭი ისევ გათბა. და ორივეს ესმის, რომ ერთმანეთს აღარასდროს შეხვდებიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი