პოლიტ. პროპაგანდა, ანუ ჩვენ ვართ საქართველო!


(ვუძღვნი ჩვენს სახელოვან პოლიტმეისტერებს)  
 
ფეისბუქიდან,   
ტვიტერიდან, 
იუთუბიდან,
ვირტუალურში და რეალურში,   
შენობაში,   
ქუჩაში,  
ბაზარში,  
ყველგან გაზაფხულია და... პროპაგანდა.  
ტელევიზორი ჩავრთე, რამდენჯერმე გადავრთე:  
შეჭაღარავებული მამაკაცი დებატებში ჭედავს,   
სკაბრეზულ ფრაზებს ისვრის,   
ალბათ სამშობლოზე ღელავს.   
პროვოკატორები აღიზიანებენ და რა ქნას?  
არავის ზოგავს კობა, არაფერს თმობს,   
(ასეც უნდა იყოს).  
ის მხოლოდ დეპუტატი კი არა, 
ჯერ კაცია, “მუჟიკი” და მერე სხვა,   
შეურაცხყოფას ყოველთვის უპასუხებს მკაცრად.  
ახლა ცოტათი დამშვიდდა, ადეკვატური შეიქნა, და:  
სიტყვის თავისუფლებაო,  
მედიისაცო,  
კანონის უზენაესობაო,   
მშვიდობა და სტაბილურობა,  
და რაღა თქმა უნდა - ხალხის ხმა!  
(გვახსენებს: დემოს - ხალხი, კრატოს - მმართველობა)   
აბა, ინტელექტით რომელი დაუდგებით კობას?   
მალე შესაფერის თანამდებობაზეც დანიშნავენ,   
ამას წყალი არ გაუვა, 
იმიტომ, რომ კობას უყვარს წოვა  
(სამშობლოსთვის, ხალხისთვის - რაის პირადი “ვიგოდა”!). 

ეზოში,  
მარკეტში,   
სახლებში, 
სხვენში, 
ყველგან გაზაფხულია და პროპაგანდა.    
ფილოსოფოსები იმტვრევენ თავს:  
ყოფნა თუ არ ყოფნა?   
რელიგია vs მეცნიერება:  
ღმერთი თუ დიდი აფეთქება?   
საქართველო:  
პოზიცია თუ ოპოზიცია?..
ბავშვები სტადიონზე გამოფენილიან,   
აქაც ნაცნობი მზეა.  
აი, შეხედეთ იმ ბიჭს ბურთით ფეხებში:  
მამიკო მისი შექმნის პროცესში პოლიტიკურ პოლარიზაციაზე ფიქრობდა და როცა საბოლოოდ მიხვდა, დაპირისპირებული პარტიებიდან რომელია “ჩესნი”, ალალი, რომელი კიდე - სულთამხუთავი და ჯალათი, ზუსტად მაშინ გაათავა.   
და შედეგმაც არ დააყოვნა:  
ცხრათვიანი კოჰაბიტაციის შემდეგ ქვეყნიერებას მოევლინა პაწუკა   
(სხვათაშორის, მომავალი პოლიტიკოსი),   
ახლა ბურთით რომ მიარღვევს სივრცეებს,   
მრისხანედ,   
უშიშრად,   
ლაღად,  
როგორც თავის დროზე მიარღვევდა ბრაზილიელი კაკა,   
და გარდაუვალი შტურმით ემუქრება მეტოქის კარებს,  
პატარა "ფუტბალისტი" - სახელად ზაზა.  

ტელეფონზე ზარია, ხაზზე შინაურია:  
- ზეგ ხო მოდიხარ არჩევნებზე?    
- არ გადამაგდო, შეჩემა!   
- დანარჩენი შენ იცი!    
- გეკადრება, აბა, რაა!  
რა კარგია, სულ მალე გვექნება:  
ახალი სკვერი,   
“ბესედკა”,   
“სკამეიკებიც”,  
ეზო გახდება ბომბა!  
(პროექტს ჩაიბარებს ჩვენი დეპუტატი კობა)   
..................... 
ბედნიერი პატარები, უფროსები კიდევ უფრო.   
აუ, როგორ მოუხდა, არა?  
ახალი სკვერი,  
ახალი “ბესედკა”,  
ახალი “სკამეიკები”.  
აბა, ეს დაუნახავები ნახე:   
უმადურები,  
პროვოკატორები.   
ამათ საერთოდ რა უნდა ელაპარაკო?!  
"ჩვენი ვალია, ვიცხოვროთ ისე, როგორც მოეწონებოდა ილია ჭავჭავაძეს!"

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი