დღეს მთელი დღეა ღამეა


თოვს.
თოვს დილიდან:
ხმით, მსხვილი ფანტელებით, გულიანად.
მზე დაიკარგა, სულ დაიკარგა,
თითქოს სისტემა დატოვაო,  
ან იქნებ შვებულება გაიფორმა და დასასვენებლად გაქუსლა? 
სადმე, მეზობელ გალაქტიკაში. 
ისე, არავის ეფიქრება მზეზე,  
კაციშვილს არ მოსდის აზრად, რომ შეიძლება მასაც სჭირდება ცოტა ხნით გასვლა... 
ამასობაში რას აკეთებს ადამიანი? 
ადამიანი გალოთდა, 
ადამიანი დაობლდა,  
ადამიანი გამოშრა, 
უაზროდ ჩაფიქრდა. 
ბიჭები ელვისსისწრაფით ჭაღარავდებიან, გოგონებს კი გათხოვება უჭირთ, 
ან შეიძლება გონს მოეგნენ და  მომავალი ქმრებისგან გარანტიის ფურცელს ელიან? 
- უღალატობის. 
ბოლოს და ბოლოს, სადაა ნანატრი ბედნიერება?! - ისმის მარადმტკივნეული შეკითხვა, რომელიც ასე გვტანჯავს, 
ძვალ-რბილში ატანს. 
სადაა შაშხანიდან გასროლილი და გულში გაჭედილი სიყვარულის ტყვიები? 
პასუხები არ ჩანს, არც ისმის, 
მხოლოდ გამქირდავი სიო უბერავს ცივი შორეთიდან.
...
ამ დროს, 
ამ კრემისფერ საღამოს, 
ლამაზფეხსვირინგიანი გოგონა ზაფხულს ნატრობს. 
ერთი სული აქვს, როდის დადგება დრო, როცა ნახატს გაამზეურებს. 
უზაფხულობა კი, მოგეხსენებათ, ზამთრის ბრალია: 
წყეული თებერვლის, 
იანვრის, 
დეკემბრის, 
ზარმაცი და სქელი ფანტელების. 
ნეტა ყველაფერს აქვს დასასრული? 
დღეს მთელი დღეა ისევ ღამეა.
ამ წამს თოვა შეწყდა 
და სვირინგიანი გოგონა ხვდება, რომ გამარჯვება გარდაუვალია, 
რომ ზაფხული აქსიომაა: 
ბუნების შედევრი, 
სილაღე, 
სისავსე, 
სიცისფრე, 
ასახდენი ოცნებების და მლაშე მოგონებების ქვიშაში ჩაფლული კიდობანია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი