ინსომნია
დაახლოებით დილის ხუთია. თანაბრად ვსუნთქავ, აუღელვებლად, ქუთუთოებგაბუჟებული ზურგზე ვწევარ და ველოდები, უკვე არ ვიცი რას. სიფხიზლე გრძელდება და ცხელი ყველივით სივრცეში იწელება, ინსომნია დამიძმაკაცდა - ჰოო, მაგრამ როდემდე? როდემდე! რუხი ნევროზი ისედაც დაცლილ ენერგიას ვამპირივით მაცლის, მპარავს, ქიმიურად მჟანგავს. (რამე სედატივიც არა მაქვს!). გარშემო კინემატოგრაფიული უსაშველობაა. და სადღაც სხეულში, ნურვულ ქსოვილებში, ნეირონების ქაოტურ სრიალს ცხადად შევიგრძნობ, თითქოს შიგნიდან საცეცებით მესხმიან თავსო. ვხედავ, მხოლოდ ოთახის კედლები თანამიგრძნობენ, ნესტიანი ღამე კი შიგ სახეში მიმზერს დამცინის, მაფხიზლებს, ალბათ კაიფობს კიდეც ჩემზე. არადა რას ვითხოვ ასეთს? უბრალოდ ძილს, თვალის დახუჭვას და გასვლას, სიზმარს. ღმერთო, გამომრთე!.. ვაგრძელებ სუნთქვას (იძულებული ვარ), ვსუნთქავ თანაბრად, გამოზომილად, მკერდზე ხელს ვიდებ, მინდა გული შევიგრძნო - აქ კი არაფერია. და წამწამებს ვხუჭავ, წამის მემილიონედში ისევ ვახელ, თვალის გუგებზე ვგრძნობ დაბერილ, წითელ კაპილარებს... აღარ მინდა: ეს ეშმაკის ღამე, ოთახი, ეს ფანჯრები, ფარდები, ეს გულისამრევი სიჩუმე. მოაშორეთ. მომაშორეთ აქაურობას! ნეტა როდის გათენდება. საათი რომელია? რომელი საათია... ნეტა როდის... ნეტა მალე... ნეტა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი