მიყვარდი, იცი?


მიყვარდი, იცი?
მაგრამ ვერაფერი გითხარი.
შენ მოგწონდი - ვიცი.
თუმცა არფერი გითქვამს.
და მე მაშფოთებდა სიჩუმე ჩვენი.
ბოლო დროს,
ყოველდღე,
საღამოობით,
ნერვული დაბოლოებებით ვგრძნობდი, რომ გკარგავდი.
და მძაგდა თავი ჩემი.
იცი?
ერთმანეთს სულ ვგავდით.
ვიცი. რომ წახვედი
და გაჰყევი იმ დინებას, რომელიც
არც გიზიდავს,
არც გძულს,
არც გგავს.
ან, რა მნიშვნელობა აქვს აწი ამას?
წუხელ,
გულ-სისხლძარღვთა სისტემამ შთანთქა იმედის ბოლო წვეთიც.
მე გადავწევ ლურჯ ფარდებს,
გავაღებ ფანჯრებს,
ფერადი ჰორიზონტი კი მანიშნებს, რომ...
გავთავისუფლდი!
ყმაწვილკაცური სენტიმენტებისა და დამღლელი ფანტასმაგორიებისგან.
და ახლა,
ამ დილით,
სიცოცხლე მართობს, როგორც შოპენს ართობდა როიალი.
და ახლა,
ამ დილით,
ბუნებამ ზუსტად ისე გაიღვიძა, როგორც ეს მაშინ,
როცა მიყვარდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი