ესრეთ ლოცვა სამადლობელი
ნაკლებად მორწმუნის ღაღადისი ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. იოანეს სახარება, თავი 3, 16. მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, ვინაიდან ეს არის თქვენს მიმართ ღვთის ნება ქრისტე იესოში. 1-ლი თესალონიკელთა, თავი 5, 18 * * * მადლობა უფალო, იმისთვის, რომ გამაჩინე. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ სამშობიაროში ამატირე და პირველი ცოდვა ამკიდე სათუთ მხრებზე. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ მერე ეს ცოდვა შენვე შემინდე. ალბათ შეგეცოდე. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ შეგეცოდე. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ ბავშვობა გამილამაზე. გატყუებ, უფალო. ბნელოდა ჩემს ბავშვობაში, შესაბამისად, სილამაზეს ფიზიკურად ვერც დავინახავდი, ვერც აღვიქვამდი. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ ტყუილების თქმას არ მიშლი. მშვენივრად იცი, რომ მაინცდამაინც არ მიყვარს, მაგრამ მიწევს ხანდახან და რა ვქნა? მადლობა უფალო, იმისთვის, რომ მაშინ გვაჩუქე დამოუკიდებლობა. გვერგებოდა, უფალო! მადლობა უფალო, იმისთვის, რომ მე, დამოუკიდებელს და თავისუფალს, ხან მციოდა, ხანაც მშიოდა. მაგრამ ხომ მიხაროდა? მადლობა უფალო, იმისთვის, რომ მოგვეცი შოთა და ვეფხისტყაოსანი და გამიმწარე ყმაწვილობა. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ განმანათლე. მადლობა უფალო, იმისთვის, სიყვარული რომ შემაძლებინე და მასწავლე. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ ის გოგონა ფულიან ძიას მისთხოვდა. მისთვის ალბათ კარგი გინდოდა. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ დროგამოშვებით მტანჯავ. შევეჩვიე. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ სხვებიც იტანჯებიან. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ იყავი, ხარ და იქნები. უნდა იყო, უფალო. ყველაფერი რაც ამქვეყნად ხდება და რაც არ ხდება, ხომ შენი ნებაა, უფალო. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ არსებობს ამერიკა, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა - ე.ი. ერთაშორისი პოლიტიკა. ბირჟაზე მზესუმზირით ხელში ახალგაზრდებს რაზე უნდა გვეკამათა? მადლობა უფალო, იმისთვის, რომ ქართველებს გვჯერა, - ჩვენი მთა-ბარ-ხატულა და მილიონ ჭირვარამ გამოვლილი სამშობლო რომ პირველია, რომ წილხვედრია. აბა, ჯიბუტის და ახალი ზელანდიის დედა არ ვატირეთ. ჩვენა ვართ, რაცა ვართ! (რიგითი ფსევდო-პატრიოტის ხმით). ბოდიში, უფალო. ავღელდი. სჯობდა ევფემიზმისთვის მიმემართა, მაგრამ ცოდვილი ვარ, კარგად მოგეხსენება. და უბირიც ხანდახან. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ წინ დაგვიდე 10 მცნება და ბოდიში უფალო, იმისთვის, რომ ვერცერთ მათგანს ვერ ვასრულებთ. მადლობა უფალო, იმისთვის რომ ჩვენზე უფრო „პრადვინუტებმა“ წინ დაგვიდეს 12 პუნქტი, მაგრამ შორს წაგვიყვანს ახლა ამაზე საუბარი. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ შვი: ფიურერი, სოსელო, მაო, პოლ პოტი, იდი ამინი. ვიღაცას ხომ უნდა ესწავლებინა ჩვენთვის მოყვასის სიძულვილი? მადლობა უფალო, იმისთვის, რომ მოგვივლინე ბაბუა ალბერტი - აინშტაინად (თუ ეინშტეინად) წოდებული. მაგის დალოცვილმა თეორიამ მიმახვედრა, რომ ქვეყანაზე ყველაფერი ინტერპრეტაციის ამბავია. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ მოგვივლინე: რონალდუ, მესი და კვარაცხელია. რა ეშველებოდა კაცობრიობას მაგათ გარეშე? მადლობა უფალო, იმისთვის, რომ ჩვენ გვყავდა/გვყავს: შოთა, დავითი, თამარი, ილია, ერეკლე, ედუარდ, ქეთევან, ჯანსუღ, და ვაჟა, ავლიპი, ექვთიმე, სალომე, და ჯაბა, და ვინ მოსთვლის კიდე ვინ... ჰოო, და ჩემი უბნელი ტაქსისტი ბადრიაც - კაცური კაცი - ნისიად მატარებს ხოლმე (ხან სულაც უფასოდ). დალოცოს უფალმა. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ მოგვეცი მუსიკა და იუთუბში ერთი დაწკაპუნებით შემიძლია ვუსმინო: შუბერტს, ჯასთინ ტიმბერლეიკს, ნუკრი კაპანაძეს. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ ბეთჰოვენი ბოლოს ისე დაყრუვდა, რომ გამწარებულმა მე-9 სიმფონია დაგვიწერა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის თავად არასდროს მოუსმენია. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ ცუკერბერგმა (თუ ზაქერბერგმა) ყველაფერს არამარტო ლაიქები, გულებიც მიამაგრა. სულ სხვაა, როცა მავანი ნააზრევს გიფასებს და გულით გიგულებს. (მეც გულებს ველი საზოგადოებისგან). დიდი ხარ უფალო, ყველაზე დიდი! მადლობა უფალო, იმისთვის, რომ დედა ცოცხალი მყავს. მამაც. რა დააშავეს მამებმა? მადლობა უფალო, იმისთვის, რომ ისეთი მეგობრები მყავს, როგორებიც მყავს: ლოთები თუ შფოთები, პლანაქეშები თუ მორფინისტები, უსაქმურები თუ საქმოსნები, ბედნიერები თუ უბედურები, ღარიბები თუ შეძლებულები, დიპლომიანები თუ უდიპლომოები, ლიბერალები თუ ზვიადისტები, ლამაზები თუ გონჯები. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ დიდი მაყუთი არ მაშოვნინე. ფული - ეს ხომ საზიზღარი ჭუჭყია, რომელიც ადამიანს ცვლის, აწუწკებს, აგიჟებს. მარა მაინც ვთვლი, უფალო, რომ რამდენიმე მილიონი გირვანქა სტერლინგი არ მაწყენდა ანგარიშზე. თუნდაც წავეხდინე. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ ჩემში არ ჩაახშე და დღემდე ინახავ ემპათიის გრძნობას ადამის მოდგმის მიმართ. ყველაფერი რაც ამქვეყნად ხდება და რაც არ ხდება, ხომ შენი ნებაა, უფალო. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ კაცობრიობას ლუდი აჩუქე და პახმელიისგან (თუ ნაბახუსევისგან) გადამარჩინე. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ მომეცი უფლება სმის, მოწევის, უთავბოლოდ წოწიალის და მრავალფერ ვნებათა ზღვაში თავ-პირით გადაშვების. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ გამაძღე. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ ისე გავზარმაცდი, ჩემს ყველაზე საყვარელ სიტყვდ იქცა - „ხვალ“. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ უამრავი შეცდომის დაშვების უფლება მომეცი.. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ მერე თვალები ამიხილე. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ კიდევ მეტი შეცდომა მომივიდა. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ მომავლის რწმენა ჯერ წამართვი, მერე ისევ დამიბრუნე. მერე ისევ წამართვი, მერე ისევ... მადლობა უფალო, იმისთვის, რომ რაღაც ეტაპზე შემცვალე, თუნდაც არა უკეთესობისკენ. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ წიგნის კითხვა შემაყვარე, თუნდაც ყველაზე ცუდის.. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ შექსპირს დაახოცინე ყველა ის პერსონაჟი, რომლებიც იმსახურებდნენ სიცოცხლეს. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ მეც რომეოს სიკვდილით არ მომკალ. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ წუხელ დიაზეპამი მიღებიდან დაახლოებით 40 წუთში გაიხსნა, ჩამეძინა და დილამდე ყველაფერი გადამავიწყდა. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ თითქმის ყველა სიზმარში გველები დამდევენ და მეხვევიან. ზოგჯერ მკვლელებიც. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ უსიტყვოდ (ლოცვის გარეშე) გესმის ჩემი. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ 2000 წლის წინ გამოგვიზავნე კაცი, რომელსაც უსიტყვოდ ესმოდა ჩვენი. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ ცხოვრებაში უფრო მეტ ფარისეველ ადამიანს შემახვედრე, ვიდრე მართლებს და ნაღდებს. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ სიკეთე მაკეთებინე, ბოროტებაც (ჰო, ეს ეშმაკი იქნებოდა), ცუდიც და კარგიც. ყოველივე ეს ხომ ეგზისტენციური და გარდუვალი გამოცდილებაა ადამიანისთვის. დღეს დილით მეზობელი გავჭორე და განვსაჯე. მადლობა, უფალო. ისე, რომ იცოდე, ეგ მართლა მაგარი ახვარი ტიპია. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ დროებით, მაგრამ მაინც დავიბოღმე ადამიანებზე, რომლებსაც ჩემთვის არაფერი დაუშავებიათ. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ ხშირად არ ვიცი, როგორ მოვიქცე. (თუმცა) მადლობა უფალო, იმისთვის, რომ არ ვიცი რა არის შური, და არ ვიგრუზები, როცა ნაცნობი ძვირადღირებულ მანქანას ყიდულობს. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ ყველაფრის მიუხედავად არ წაწყმიდე სული ჩემი. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ ყოველდღიურად მიტოვებ შანსებს. ყველაფერი რაც ამქვეყნად ხდება და რაც არ ხდება, ხომ შენი ნებაა, უფალო. მადლობა უფალო, იმისთვის, რომ ხარ, იყავი და იქნები. შენთან რომ წამიყვან (ასი წლის მერე) და პირადად შევხვდებით, მეგობარივით უნდა გადაგეხვიო და ყოველი შემთხვევისთვის განვმეორდე: მადლობა, უფალო. ყველაფრისთვის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი