ამონარიდი დღიურიდან
გუშინ საღამოს ცუდად ვიყავი: ტემპერტურა, თავის ტკივილი, გულის ფრიალი, ჰაერის უკმარისობა და რაღა არ. საშინლად ვგრძნობდი თავს. შენ კი მოხვედი და ყურძენი მომიტანე. სიმართლე გითხრა, აღარ გელოდი... თითქმის სამი მტევანი შევჭამე. არ შემეძლო, მარა მაინც ვჭამე. ალბათ შენი ხათრით. და მესიამოვნა. ო, როგორ მესიამოვნა! მერე წამალიც დავაყოლე... დედა არ შემოსულა შენს აქ ყოფნაში. ჩვენ ვილაპარაკეთ. წარსული გავიხსენეთ - რაღაცები ამოვკრიბეთ კარგა ხნის ჩავლილ-ჩამთავრებული ურთიერთობის ყუთიდან (17 წელიწადი ვიყავით, არა, ცოლ-ქმარი? მანამდე კიდე თითქმის 3 წელი იყო შეხვედრებისა და ესეც 20 გამოვიდა ჯამში). მოვიგონეთ რამდენიმე სახალისო ამბავი, - რაც ერთად ყოფნისას თავს გადაგვხდენია, რაც შეგვეძლო (უნდა) დაგვხსომებოდა... უფრო მეტი დრო შვილს დავუთმეთ. ყოველთვის ასე არ იყო? ვისაუბრეთ მასზე - პირველ რიგში როგორც ადამიანზე, პიროვნებაზე, კაცზე. განვიხილეთ ჩვენი ერთადერთი და მარად საფიცარი ვაჟის (ის დღეს აპირებს ჩემთან მოსვლას) მეტ-ნაკლებად ნათელი თუ ბუნდოვანი მომავლის პერსპექტივები. კარგად მახსოვს, იმ 2 საათის განმავლობაში რამდენჯერმე გამიღიმე, თითქოს მორიდებით, მაგრამ აშკარა იყო, მე, პირადად მე მეკუთვნოდა ეს წრფელი ღიმილები და ნაოჭების თამაში... მერე, მერე გავჩუმდით. მაშინ აღმოვაჩინე, რომ ეს გაჩუმება იყო ჩემთვის სიკვდილი, და არა ის, რასაც რამდენიმე დღესა თუ საათში ველოდები. მე მინდოდა თითებზე შეგხებოდი, მაგრამ ვერ გავბედე. ჯერ სისუსტეს გადავაბრალე, მერე ჩემი გამხდარი ხელის არაესთეტიურობას. ნეტა სულ ასეთი ლაჩარი ვიყავი? როცა ჯან-ღონე მიჭრიდა მაშინაც?.. შენს ტელეფონზე დარეკეს. როცა წახვედი, ჩავთვალე, რომ დავრჩი უძირო უფსკრულის თავზე მარტო. ისე მოვიწყინე, გული ამერია. მოვიწყინე და შემეშინდა. წამალი ჩავყლაპე. ამ ბოლო დროს, როცა არ ვიცი რით გავერთო, რომელიმე წამლის აბს ვირჩევ და უწყლოდ ვყლაპავ... და უცებ ყველაფრის იმწამსვე დასრულება მომინდა. ყველაფერში ყველაფერს ვგულისხმობ. ვინატრე სიკვდილი: ჩუმი და მარტივი, უეცარიც - გართულებების გარეშე. აი, ისეთი, ფულს რომ გადაიხდი კაცი მასში - დაღლილ-დაცლილისთვის მისწრება რომაა... მედიკამენტებს გადავხედე. მერე გამახსენდა, რომ ხვალისთვის (ესე იგი უკვე დღეს) ლაშა უნდა მოვიდეს. დღეს ჩემს შვილს უნდა დავხვდე. ცოცხლად, ცხადია. ცოცხალი მშობელი ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. კაცისთვის ხომ ხელშესახები მამაა საჭირო და არა მითიური. გესმის, ალბათ... მგონი, მომენატრე, ნანა. ახლა ვხვდები, რომ კაცს ბოლოს ცოლზე უფრო ახლობელი არავინ რჩება. თუნდაც ამ ცოლს ყოფილი ერქვას, თუნდაც სულ მკვდარი იყოს იგი. ისე, ნეტა რამდენი დარჩა? ქვიშის საათს - ჩამოცლა-ჩამოცარიელებამდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი