დედა და წნევის აპარატი
ბოლო დროს დედა და წნევის აპარატი დაძმობილდნენ. საღამოობით იკრიბებიან ხოლმე და ერთად მსჯელობენ: ჯანსაღ და აქტიურ ცხოვრებაზე, სწორ კვებაზე, ძილის რეჟიმსა და მისაღები წამლის დოზებზე. აგერ, ახლაც დედას წნევა აქვს - სახეზეც ეტყობა, თვალებზე, მიხვრა-მოხვრაზე. თუმცა, მას რომ ჰკითხო, მეტ-ნაკლებად მაღალ წნევას ვერც კი გრძნობს. არ მაწუხებს, სანამ არ გავიზომავო, ამბობს. ოთახში სიჩუმეა. რამდენია სისტოლური? 140, თუ 150, 170? ეს უკვე საყურადღებოა. წამალი. წყალი. წამოწვა. ტელევიზორის პულტი ანგარიშმიუცემლად უჭირავს ხელში. ვფიქრობ, ახლა თავის წინა მხარე სტკივა, შეიძლება ყურებშიც უბჟუის, ან თვალებზე სიმძიმე აწვება. ამასობაში, როგორც ჩანს, ფიზიოტენზი ამოქმედდა. და დედა ახლა უკვე თვლემს. სიმართლე გითხრათ, დიდად არ მაღელვებს ის, რომ მას ბოლო დროს წნევები შემოეჩვია. რატომ? იმიტომ, რომ… იცით, დედაჩემი კერკეტი კაკალია. ჰოო, იგი მუხაა. მე ხომ ვიცი არა, რა ჰიპერტონია, მას ამქვეყნად ვერაფერი შეაშინებს, ვერაფერი დაამარცხებს: ვერც წნევა, ვერც ლეონიდასის 300 სპარტელი, ვერც მონღოლების უძლეველი ცხენოსანთა არმია, და ვერც ნაპოლეონის საიმპერატორო გვარდია. სძინავს. ნამდვმლად არ ვიცი, ამ წამს რა ბიო-ქიმიური პროცესები მიმდინარეობს ქსოვილურ დონეზე მის ორგანიზმში, მაგრამ ერთს ნამდვილად ვგრძნობ და ვხედავ: ჩვენს ე.წ. ტელევიზორის ოთახში თბილა, კედელზე მიმაგრებულ მოლაპარაკე კვადრატში PulsiTV-ია ჩართული და ვიღაც, ერთობ მედიკოსური გამომეტყველების მქონე ქალბატონი სასიამოვნო ხმით საუბრობს გულის არითმიებსა და მის გამომწვევ მიზებზე. დედაჩემი კი თითქოს ლეთარგიულ ძილს მისცემიაო, აღარაფერი აღელვებს ამქვეყნად. სძინავს და ამით კმაყოფილია. ნაოჭებიან, მაღალ შუბლზე ვაკვირდები და ვფიქრობ: “ბოდიში, დედიკო, რომ ამ ცხოვრებაში ტანჯვის, უიმედობის და უკეთეს შემთხვევაში გაუგებრობის მეტი არაფერი მომიტანია შენთვის”. მთელს ტანზე სამი შვილი აყრია დედაჩემს პაპილომებივით - ანუ, ჩემს გარდა კიდევ ორი. ვინ არიან ისინი? არიან რაა. რა უჭირთ. წნევები მაინც არ აწუხებთ. არც შიათ, არც სცივათ, ჯანმრთელებიც არიან, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ცხოვრობენ და არსებობენ, როგორც ყველა. და მეუღლე? ანუ მამაჩემი? მამას ბიზნესი აქვს. სპეციფიკური. ახლაც ოფისშია. დღეს უკვე მესამეჯერ იზომება არტერიული წნევა. დაღლილია მშობელი. გამოუძინებელი. ეშმაკმა დასწყევლოს ასაკის მატება. არ შეიძლება, სულ 25 ან 30 წლის იყო ადამიანი? ან მაქსიმუმ 40-მდე აძვრებოდე და იქ წყვეტდე “ზრდას”? “არა, გიო, არ შეიძლება!” - ჩამესმის გონებაში შემოქმედის პასუხი. ციფერბლატზე ისარი ზანტად ტრიალებს. სტეტოსკოპის რეზინის ვაშლი (თუ მსხალი) იჩუტება, მერე ისევ იბერება, ისევ იჩუტება, ისევ იბერება. ნეილონის მანჟეტი იჭიმება და სისხლ-ძარღვებს თავგანწირვით აწვება. რამდენია? პასუხი არაა. ეტყობა, ამჯერად გულ-სისხლძარღვთა ერთობ სათუთი სისტემა დანებდა და სიმშვიდე ჰპოვა. დედა და წნევის მექანიკური აპარატი დაძმობილდნენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი