რკინის აკვანი


დღეს დილით სასაფლაოზე ვიყავით გასულები. 
იცით რა ვნახე? 
რკინის აკვანი პატარა საფლავზე. პირქვედამხობილი მარმარილოს ქვა, გაზრდილი ბალახი და დაჟანგული აკვანი.
სურათი მთელი დღე არ ამომდის თვალ-გონიდან. 
ნეტა როგორი ბავშვი იყო? 
სახელი რა ერქვა?
ლამაზი თუ იყო? 
იქნებ უზნეო და მტირალა? 
როგორ იცინოდა?
ახლა რამდენის იქნებოდა?

- დღეს დავლიოთ? - მეკითხება უკანა გზაზე. უფრო სწორად, მთავაზობს. 
გვიანი შემოდგომის ცივი საღამოა - მოღუშული და ქარიანი - ერთი სიტყვით, ნოემბერისეული. 
მასთან ავდივართ სახლში. არავინაა. 
მე ვასხამ. ოჯახის არაყია. სუნზე ეტყობა, დასალევად მძიმე და "გრადუსიანი" უნდა იყოს. 
ამინდი მაგრად აირია. ქარმა და წვიმამ ერთობლივი ძალებით შემოუტიეს ქალაქს. ჩვენ კიდე ყველაფერი გვაქვს - საჭმელი, სასმელი, სითბო, სიმყუდროვე - და თუნდაც ბიბლიური წარღვნა განმეორდეს, არ გვედარდება.
ერთი სიტყვით, ყოველივე ჯიგრულადაა.
-... ძმობას გაფიცებ ხო გიყვარვარ? 
ჯერ ოთხი თუ ხუთი რიუმკა გვექნება მიღებული. 
"რა შეკითხვაა? დათვრა ეს უკვე." 
მეღიმება. თუმცა მალევე მეცვლება სახე და წარბებს ვკრავ. განა რამე, წამიერად ფიქრი შორეთში მიტაცებს. რაღაცის გააზრების, ან უბრალოდ მოგონების ფიქრებია.
- მიყვარხარ, შეჩემისა, ან როგორ არ უნდა მიყვარდე, ჩემი ბავშვობა ხარ. 
ასე მოკლედ, დამაჯერებლად და ცოტათი უკმეხად ვპასუხობ ჩემზე უფროს, თმაში ნაცრისფერშერეულ ტრუსიკის ძმაკაცს, მერე უცებ ვდგები და სკამზე დაჭედებულს ზემოდან ვეხვევი.
შემცბარი ცალ ხელს და ტანს ტლანქად მაგებებს. არ ელოდა. 
ვეხვევი და თან თვალებში სისველეს ვგრძნობ.
(თითქოს არასდროს ვყოფილვარ ასეთი სენტიმენტალური).
ჰო, საბოლოოდ დასალევი მართლა გრადუსიანი გამოდგა.

2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი