დარჩი! (უკანასკნელი სცენა)
- ბატონო რამააზ!.. - ბატონოო რაამაააზ!.. -... თვალები ფრთხილად გაახილა. ვიღაც შიგ ყურში ჩასჭყიოდა ნაცნობ სახელს. აჩქარებულმა გულმა თანდათან დაიწყო დამშვიდება. მოფხიზლდა. ანაზდად ყბის ძვლები ერთმანეთს შორდება და პირის ღრუ უსაშველოდ ფართოვდება. ამთქანარებს. ახსენდება, რომ წუხელ მთელი ღამე არ უძინია. - ბატონო რამაზ… - ... სად ვარ? - ბატონო რამაზ, უკვე მერამდენედ გეკითხებით, თქვენ კი არ მპასუხობთ. - რა გინდათ? - მზად ხართ სამუდამო პატიმრობისთვის? რატომღაც ირგვლივ ყველაფერი ყავისფერია. ჰმ... შეკითხვა ისე საინტერესოდ ჟღერს, უკეთესს ვერ ინატრებ. რა უბედურებაა... ისე, კაცმა რომ თქვას, მარტივი პასუხი აქვს. არ ვარ მზადო, რომ უპასუხოს, რაა, სახლში გაუშვებენ? აქაოდა კარგად მოემზადე და მერე ჩაგსვამთო. საოცარია ცხოვრება: დღეს საღამოს ოჯახში ხარ, დივანზე არხეინად წაგორებული, ხვალ ვირის აბანოში მიგაბრძანებენ და ოცნებებს მიეცემი, ზეგ კიდე გაჭიმავ ფეხებს და ცივ, ჭია-ღუებით სავსე თხრილში გიკრავენ თავს. არაფრისგან ხარ დაზღვეული კაცი. ნეტა ცოლი როგორ იცხოვრებს, მას შემდეგ, რაც საყვარელ მეუღლეს ჩააყუდებენ? თან გაურკვეველი ვადით. ცოდოა ამ დროს ქალი - მარტო, უსაყრდენოდ - როცა რეალურად არსებობს შენი ქმარი და თან არც არსებობს. იქით კიდე ბავშვები. ნწ, ნწ... მარა ძმაკაცები მიაქცევენ ყურადღებას, აუცილებლად მიაქცევენ, აბა, ისე ხომ არ დატოვებენ! რაღაცები უკვე ნათელია და რამაზი ხვდება, ყოველ შემთხვევაში, ნელ-ნელა, მაგრამ იაზრებს. გონება იწმინდება და გრილდება. და დამძიმებულ თავს უხალისოდ ხრის თანხმობის ნიშნად - სხვა გზა, როგორც უკვე ითქვა (და აღმოჩნდა), არც არსებობს. - მზად ვარ. - მშვენიერია! - აგრძელებს გაჭიანურებული პასუხით შეწუხებული ქალბატონი მოსამართლე. რაღაცნაირი ქალია, მამრს უფრო ჰგავს. ნეტა ოჯახი თუ ჰყავს: მეუღლე, შვილი, მოხუცი მშობლები. - ამ შემთხვევაში, თქვენ გაქვთ უფლება, უკანასკნელი სიტყვით გამოეთხოვოთ აქ შეკრებილ თქვენს გულშემატკივარს. „ეს რა იყო? მომესმა თუ... რა უკანასკნელი სიტყვა!“ ახლა მას ისე სძულს ამ ქალის ხმა, ყოველი პირის გაღება და იქიდან ბგერების ამოფრენა. რომელიღაც პატარა ცხოველის გულისგამაწვრილებელ წრიპინს აგონებს მისი ლაპარაკი. რამაზი თავს ძალაუნებურად მაღლა სწევს და მარცხენა მხარეს იხედება. სასამართლო სხდომის დარბაზი ხალხითაა სავსე, მაგრამ ისეთი სიჩუმეა მათი სუნთქვაც კი გარკვევით ისმის. გულშემატკივრებიო?! არადა ვერავის ცნობს. თუმცა არა, აგერ ერთი-ორ მივიწყებულ მეგობარს მოჰკრა თვალი. რატომღაც ყველას ირონიული ღიმილი დასთამაშებს სახეზე, თავები კი მსხვერპლის გამოჩენის მოლოდინში დაძაბული მტაცებელი ფრინველივით აქვთ მოღერებული. რა საოცარია, ულვაშებიც ამშვენებთ, უკლებლივ ყველას, განურჩევლად სქესისა: ზოგს უშველებელი - ნიცშეს ულვაშებივით, ზოგს სალვადორ დალივით - წვრილი და აპრეხილი, ზოგსაც ფიურერივით - პატარა, დანარჩენებს კი ზომიერ-სტანდარტული. გულშემატკივრები ერთმანეთს ჰგვანან, ძალიან ჰგვანან: სხედან, ოხრავენ და შიგადაშიგ ტუჩებს აცმაცუნებენ. ნუთუ მისი უდანაშაულობის არ სჯერათ? ან იქნებ ჰგონიათ, რომ აქაც თამაშობს? და საერთოდ, რა ჯანდაბა უნდათ, რას მისჩერებიან! დიდი სიამოვნებით გამოლანძღავდა ყველას, კულტურალად და მხატვრულად. ანდა, რაღა დროს კულტარა და ეთიკის ნორმებია, აგერ სამუდამო პატიმრობას უსჯიან კაცს. „უხხ, თქვენი...“ ცნობისმოყვარეობა უცნაური გრძნობა-მდგომარეობაა, ყოველ მიზეზ გარეშე დასაკმაყოფილებელი. და დარბაზიც თანდათან იძაბება იმის მოლოდინში, რომ განსასჯელი დასასრულს რაღაცას იტყვის - რაღაც მნიშვნელოვანს, ან თუნდაც უმნიშვნელოს, ოღონდაც ხმას ამოიღებს. ის კი დუმს. იმედგაცრუება და გაბრაზება დამსწრე საზოგადოებას, მათ შორის გაურკვეველი სქესის მოსამართლესაც, ახლა უკვე აშკარად ეტყობა. ფანჯრებს მიღმა ბნელა. უკუნი ღამეა. არც თბილა, არც ცივა, სადღაც მათ შორის. სრულიად მოულოდნელად მთვარე სქელ ღრუბლებს ტყვეობიდან დაუსხლტა და დედამიწას ბებერი დარაჯივით გადმოხედა. სავსეა მთვარე - სავსე და თეთრი, სკოლის ცარცივით თეთრი. გამოგორდა და ყველაფერი გადაანათა. მისი გულუხვი შუქით შეივსო მართლმსაჯულებისთვის განკუთვნილი აუდიტორიაც. - რამააზ! „რა ჩემდა ჭირად დამარქვეს ეს სახელი! შემეშვით, ხალხი არა ხართ?!“ ისევ დაამთქნარა, უკვე მერამდენედ. მაგრად მოითენთა. ქუთუთოების ზიდვა შეუძლებელი ხდება უკვე, ცოტაც და წაიღებს ძილი. ახლა თბილი საწოლი... „მორჩა! ბოლოს და ბოლოს დროა, დასრულდეს ეს კომედია.“ - წამიყვანეთ! - ჰაერში მოულოდნელად გაისმა ბოხი, თუმცა არც ისე მაღალი ხმა. დარბაზი რამდენიმე წამით გაიტრუნა, მერე აჩურჩულდა. - სად წაგიყვანოთ? - გაოცდა შეჭაღარავებული მოსამართლე. - წამიყვანეთ, საიდანაც მომიყვანეთ იქ. გთხოვთ! - თქვენ სახლიდან მოხვედით, ბატონო, თანაც თქვენივე ფეხით. ეს არავის დაუძალებია, - მოიხსნა სათვალე თეთრებში ჩაცმულმა მსაჯულმა, - იქ კი ვერ დაგაბრუნებთ, ძალიან დიდხანს ვეღარ დაგაბრუნებთ, იქნებ ვერც ვერასდროს. წესია და კანონი ასეთი, რომელიც არც მე დამიწერია და არც თქვენ, მოგეხსენებათ. დაასრულა თუ არა, ისევ მძიმე სიჩუმე ჩამოწვა. “რას ბოდავს ეს უპატრონო!" “კი მაგრამ პროკურორი სადღაა? იქნებ ის მაინც..." უცებ მოსამართლე ფეხზე წამოიმართა და თეძოები ტლანქად, სასაცილოდ შეათანთალა. მერე მარჯვენა ხელი ჭერამდე აღმართა: სახედანაოჭებულს, წარბშეკრულს და ლოყებგაბერილს ხელში დასარტყმელად გამზადებული უშველებელი ურო უჭირავს (აქ უკვე იგი სკანდინავიური ღმერთების ღმერთის ასლია). წამი გაიწელა - რაღაც უნდა მოხდეს, უნდა გადაწყდეს. თუმცა არა, არაფერი ისეთი, მოხდა სულ სხვა რამ: - ბახ, უცებ ეს ნახევრადმითოლოგიური არსება -ყოფილი მოსამართლე ქალი - გასკდა და ჰაერში პატარა შხეფებად გაიფრქვა, მერე შეიკრა და ქათქათა ღრუბლის ქულად გადაიქცა, სულ ორიოდე წამში კი ეს ღრუბელიც გაქრა, სულ გაქრა, თითქოს სივრცემ შეიწოვაო - მის ადგილზე მხოლოდ სკამი, ამ სკამზე დადებული კოხტა ჩაქუჩი და თეთრი, ფაფუკი წვერის გროვაღა შემორჩა. “ვაახ, ბიჭო! ეს ყველაფერი ჰოლივუდურ სიზმარს უფრო გავს, ვიდრე ცხადს.” - რამააზ!.. რამაააზ!.. ჩემი რამაზიიი... - ერთმანეთში აზელილი ბგერები ამჯერად ძალიან შორიდან, კატის კნავილივით ისმის. რა ხდება... დარბაზის კედლებმა მოულოდნელად გაწითლება დაიწყეს, მერე გათეთრდნენ, ბოლოს გამწვანდნენ. თითქოს დრო აჩქარდაო, ფანჯრებიდან ნისლი შემოიპარა და სუსხიც შემოიყოლა, ფენა-ფენა შემოიღვარა, ჯერ სკამებს მოედო და გაარძისფერა, ბოლოს კი ყველაფერი შთანთქა. ირგვლივ აღარაფერი ჩანს - აღარც სულიერი ვინმე, აღარც ფანჯრები, კედლებიც კი გაქრა - მხოლოდ სადღაც იქით, სივრცის უმცირეს კუნჭულში სიცოცხლე იგრძნობა, ისიც ძალიან სუსტად. „ფუუ, რა სუნია. მჟავე, თუ მწკლარტე.“ არაქათგაცლილ მსჯავრდებულს ახლა უმცროსი ქალიშვილი გამოეცხადა. როგორ მონატრებია… უზომოდ გაუხარდა, რომ ამ რთულ წუთებში შეძლო და გაიხსენა იგი, პატარა - უსაყვარლესი ქალიშვილი, განა უბრალოდ შვილი. ნეტა ახლა აქ მომიყვანა და ჩამახუტაო, გაიფიქრა, თვალდახუჭულს გაეღიმა კიდეც, მკერდზე მარცხენა ხელი მოითათუნა, მერე ერთი ღრმა შესუნთქვით დაღლილი ფილტვები ჟანგბადით გამოჭედა და სხეულის ყველა უჯრედში აუხსნელი სიმსუბუქე შეუშვა... გარეთ გაწვიმდა. გვიან ღამემდე ცრიდა. მერე გადაიღო და მთვარე გამოგორდა. ისევ მოაჯდა ცას, ისევ დაეჭედა ზედ და მთელი ღამე ჯიუტად ცდილობდა თეთრი შუქი თანაბრად გაენაწილებინა მოლურჯო-მონაცრისფრო ბურთისთვის. ....................................................................................................................... შაბათ დილით, ტელევიზიები უბედური შემთხვევის შესახებ გადმოსცემდნენ. ტელემაყურებელს დანანებით აუწყეს, რომ გასულ საღამოს, დაახლოებით საათის ათის ნახევრისთვის, ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობი რ.ნ. ავტოავარიაში მოყვა. დაშავებული ქალაქის N კლინიკაში მალევე გადაიყვანეს, თუმცა მიღებული სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი